მწვანეთა მოძრაობა "დედამიწის მეგობრები - საქართველოს" თავმჯდომარე ნინო ჩხობაძე ვერეს ხეობაში არსებულ ახალ რისკებზე საუბრობს. მისი თქმით, ვერეს ხეობის ზედა ნაწილში მეწყრის ახალი კერები გაჩნდა. აღნიშნული განცხადება ჩხობაძემ ვერეს ხეობის განაშენიანების პროექტზე საუბრისას "კურიერთან" გააკეთა. გარემოს დამცველის თქმით, პროექტის განხორციელებისას განსაკუთრებული ყურადღება პრევენციულ ზომებს უნდა მიექცეს.
- როცა საუბრობ, რომ რეკრეაციულ ზონად უნდა გადააქციო ვერეს ხეობა, როცა ამბობ, რომ სხვადასხვა ობიექტები უნდა გააკეთო, ერთ-ერთი ნაწილი არის, როგორ უნდა მოხდეს ევაკუაცია, თუ ისევ წყალმოვარდნა მოხდა. ვერეს ზედა ნაწილი რისკის ქვეშ არის. იქ გააქტიურდა ძალიან ბევრი ახალი მეწყერი, რომელიც არ ვიცოდით, რომ გააქტიურდებოდა - განაცხადა ნინო ჩხობაძემ.
რა საფრთხეებს უქმნის ახლად გააქტიურებული კერები თბილისსა და რამდენად საშიშია ეს მოსახლეობისთვის? "ალია" ნინო ჩხობაძეს დაუკაშვირდა:
- თქვენ ამბობთ, რომ ვერეს ხეობა ისევ რისკის ქვეშაა, რამდენიმე მეწყერი ისევ გააქტიურებულიაო. კერძოდ, რა ადგილებზეა საუბარი?
- ეს არის ზედა ნაწილი, ბაგების მხარესაა გააქტიურებული. ჩვენ არ ვიცით, ისევ როდის მოხდება წყალმოვარდნა, მაგრამ რისკები არსებობს, ამას ჩვენც ვადასტურებთ და მერიის დასკვნაშიც წერია, რომ ეს არის რისკის ზონა, რომელსაც სჭირდება მუდმივი დაკვირვება. დავაკონკრეტებ, გარემოს დაცვის სააგენტოს დასკვნის მიხედვით ვსაუბრობთ ჩვენ ამ რისკებზე.
- და რა რეკომენდაციები გაქვთ ამ საკითხთან მიმართებაში?
- ჩვენ გვაქვს ერთადერთი რეკომენდაცია, რომ ნებისმიერ სიტუაციაში რისკები უნდა შეფასდეს სწორად და კონცეფციის ავტორების მიერ უნდა დაიდოს და გასაჯაროვდეს რისკების შეფასების ანგარიშები, ანუ ეს არის ჯგუფი, ვინც ამზადებს კონცეფციას ვერეს ხეობის ხელახალ განაშენიანებაზე, აი, მათვე უნდა ჰქონდეთ რისკების შეფასება გაკეთებული.
- და არ აქვთ რისკები შეფასებული? რეკომენდაციები ერთია, მაგრამ რეაგირება ვისგან უნდა მოხდეს? თუ მიაწვდინეთ ვინმეს ხმა ამის შესახებ შესაბამის სტრუქტურებს?
- ჯერჯერობით ეს დოკუმენტაცია არ გასაჯაროებულა, ამიტომ ჩვენ მაინცდამაინც არ გვიაქტიურია ჯერ, მაგრამ, ზოგადად, ვაფიქსირებთ ჩვენს პოზიციას, რომ მინიმუმ რისკების შეფასების ანგარიში უნდა დაიდოს... რაც არ უნდა გაკეთდეს იქ - რეკრიაციული ზონა, სპორტული დარბაზები თუ სხვა, ევაკუაციის გეგმა მაინც აუცილებლად უნდა ახლდეს, უახლოეს პერიოდში უნდა შემუშავდეს ეს გეგმა.
- გასაგებია და ამავდროულად დასახლებულ ზონაზეა საუბარი? არის ისევ ახალი რისკი?
- რისკები არის, რა თქმა უნდა!..
- და მოცემულ სიტუაციაში რა გადაუდებელი ზომებია მისაღები ვერეს ხეობაში?
- ჯერჯერობით ვიცით, რომ გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს, ბოლომდე არ არის დასრულებული. მაგის გარდა, კეთდება გაღრმავება ვერეს ხეობის კალაპოტის, გაფართოება პრაქტიკულად იმ შეფუთული ნაწილებისა, რომ მისი გამტარიანობა უფრო მაღალი იყოს. ასე რომ, ყველა ეს ღონისძიება იმისკენაა მიმართული, რომ შემცირდეს რისკის საშიშროება წყალგროვების წარმოშობის შემთხვევაში. ვფიქრობ, ამ ეტაპზე ეს სწორად მიმართული ღონისძიებებია, თუმცა ვიმეორებ, თუ ჩვენ იქ ვაკეთებთ კონცეპტუალურად რაღაცა რეკრეაციულ ზონას თავის სპორტული დარბაზებით და ა. შ. მაშინ აუცილებლად უნდა შეფასდეს დამატებითი რისკები, მინიმუმ ევაკუაციის გეგმა უნდა ერთოვდეს ამ ყველაფერს, უნდა ვიცოდეთ, ვინ რაზეა პასუხისმგებელი კონკრეტულად.
ლაურა აბრამია
გაზეთი "ალია"