შინაური ცხოველების მოვლა-პატრონობასთან დაკავშირებით ახალი რეგულაციები დაწესდა

შინაური ცხოველების მოვლა-პატრონობასთან დაკავშირებით ახალი რეგულაციები დაწესდა

შინაური ცხოველების მოვლა-პატრონობასთან დაკავშირებით ახალი რეგულაციები არსებობს, რომელთა შესახებ მოსახლეობის გარკვეულ ნაწილს ჯერ არ სმენია. 

ცხოველების მოვლა-პატრონობასთან დაკავშირებით არის წესი, რომელიც საკრებულომ ამა წლის 6 აპრილს დაამტკიცა (დადგენილება 7/28 ძალაში 8 აპრილს შევიდა). მას ასე ჰქვია: თბილისის მუნციპალიტეტის ტერიტორიაზე ცხოველების (ძაღლი, კატა) მოვლა-პატრონობა და მათი პოპულაციის მართვის წესი. აქამდე არსებული დოკუმენტი, როგორც თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს დირექტორი თემურ ფხალაძე აღნიშნავს, ბუნდოვანი, აბსოლუტურად უუნარო და რეალობასთან შეუსაბამო იყო. ამიტომ, მათი სააგენტოს ინიცირებით, ახლებური პროექტის შემუშავება მოხერხდა, რომელმაც ფილტრაცია სხვადასხვა სამსახურებსა და ორგანიზაციასთან გაიარა, მათ შორის, ცხოველთა დამცველებთან. საბოლოოდ კი წესი საკრებულომ მიიღო.

ცოტა ხნის წინ ბატონ თემურს შინაური ცხოველების მოვლა-პატრონობაზე ვრცლად ვესაუბრეთ.

- დიახ, წესში, როგორც გითხარით, არის ახალი რეგულაციები, რომელიც მოსახლეობის უსაფრთხოების ზომებს მაქსიმალურად უზრუნველყოფს და ცხოველების პოპულაციის სწორი და ჰუმანური მართვისაკენ არის ორიენტირებული. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია რეგულაცია, რომლის თანახმადაც, პატრონი ვალდებულია, საკუთრებაში არსებული შინაური ცხოველი - ძაღლი ან კატა დაარეგისტრიროს უფლებამოსილ ორგანოში, ან იმ დაწესებულებაში, რომელიც დარეგისტრირების პროცედურებს აწარმოებს. დარეგისტრირებიდან მალე კი პატრონმა უნდა უზრუნველყოს ცხოველის იდენტიფიცირება მიკროჩიპის, ან ე.წ. "ბირკის", ყურზე მიმაგრებული საჭდის საშუალებით.

- ე.ი. პატრონს აქვს არჩევანის გაკეთების საშუალება.

- კი და ეს იქიდან გამოდინარე ხდება, რომ პირველ რიგში, ცენტრალურ ბაზაში ცხოველები აისახონ და კონტროლს დაექვემდებარონ, რაც ეხმარება როგორც მეპატრონეს, ასევე ცხოველს.

- რაში?

- თუ მეპატრონეს ცხოველი დაეკარგა, ადვილად მოხდება მისი იდენტიფიცირება, მოძიება და დაბრუნება, ხოლო ოთხფეხას დაიცავს იმ შემთხვევისგან, თუ ვთქვათ, მეპატრონემ ის ქუჩაში გამოაგდო. ამ დროს იდენტიფიცირებული ცხოველის აღმოჩენა მოხდება და მეპატრონე აუცილებლად აგებს პასუხს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის მუხლის შესაბამისად. ეს წესი ცხოველების ქურდობის ფაქტების პრევენციასაც მოახდენს. რეგისტრირებული ცხოველი ქურდისთვის ნაკლებად ხელსაყრელია, რადგან ცხოველებს ადვილად აღმოაჩენენ.

- რა მოთხოვნებს უნდა აკმაყოფილებდეს ცხოველთა თავშესაფარი?

- სანამ საკრებულო აღნიშნულ წესს დაამტკიცებდა, არსად იყო მითითებული, თუ რა ელემენტარული მოთხოვნები უნდა დაეკმაყოფილებინა ცხოველთა თავშესაფარს, ნებისმიერს შეეძლო მოეწყო ის, შეეშვა იქ ცხოველები და ყოფილიყო ანტისანიტარიისა და ეპიდემიის კერა... ახალ წესში მკაფიოდ არის განსაზღვრული ის მინიმალური სტანდარტები, რომელიც დაცული უნდა იყოს თავშესაფრის შექმნის შემთხვევაში.

პირველი, უნდა იყოს საკარანტინო სივრცე. შესაძლებელი უნდა იყოს ლაბორატორიული კვლევის ჩატარება, ანუ თავშესაფარმა ამის უზრუნველყოფა უნდა შეძლოს, უნდა იყოს გათბობა და ყველა სანიტარული ნორმა დაცული.

- რა რეგულაციებია ცხოველის გასეირნებისას?

- პატრონი ვალდებულია, დაიცვას გასეირნების წესი, - საზოგადოების თავშეყრის ადგილებში თუ ძაღლი ალიკაპის გარეშეა, ის მოკლე საბმელით უნდა იყოს, რომელიც პატრონს 50 სანტიმეტრით უნდა აშორებდეს, ანუ ნახევარი მეტრის რადიუსით იმყოფებოდეს, რათა პატრონს მისი კონტროლი შეეძლოს. ბევრმა ეს არასწორად გაიგო, თითქოს საბმელი 50 სანტიმეტრიანი უნდა იყოსო. ვიმეორებ, პატრონს ცხოველი 50 სანტიმეტრის რადიუსში უნდა ჰყავდეს.  ხოლო თუ გრძელი საბმელით სურს გასეირნება, ძაღლს უნდა გაუკეთოს ალიკაპი.  პატრონი ასევე ვალდებულია, დაასუფთავოს საკუთრებაში არსებული ცხოველის მიერ დაბინძურებული გარემო.

- თუ ასე არ მოიქცა და ის ფაქტზე დაიჭირეს. რა ელის ასეთ პატრონს?

- ცხოველის მოვლა-პატრონობის წესის დარღვევაზე, სანქციებს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 103-ე მუხლი ითვალისწინებს. სადაც გაწერილია, რომ ცხოველთა მოვლა-პატრონობის წესის დამრღვევს, შეიძლება მიეცეს გაფრთხილება, ან დაჯარიმდეს, მინიმალური შრომის ანაზღაურების ერთი-მეხუთედით.

- სკოლებში მოსწავლეებისთვის შინაურ ცხოველებთან დაკავშირებით საინფორმაციო გაკვეთილები ტარდება. ამ პროცესს თქვენი სამსახური მართავს?

- მოსახლეობის ცნობიერების დონე ამ მიმართულებით საკმაოდ დაბალია, ამიტომ, ჩვენი სააგენტო სხვადასხვა ღონისძიებასთან ერთად, ძალიან მნიშვნელოვან პროექტს ახორციელებს. ამ ეტაპზე პრიორიტეტი მოზარდებს მივანიჭეთ და სპეციალურად მათთვის დარგის სპეციალისტებთან ერთად შეიქმნა საინფორმაციო გაკვეთილები, რომელიც სკოლის მოსწავლეებს უტარდებათ. გაკვეთილებს სააგენტოს კვალიფიციური თანამშრომლები, მათ შორის, კინოლოგები უძღვებიან. ამ პროექტს დადებითი გამოხმაურება მოჰყვა, ეფექტიანი აღმოჩნდა. ბევრი სკოლა ითხოვს, მათთნაც ჩავატაროთ ანალოგიური გაკვეთილები.

- გაკვეთილებს შერჩევით ატარებთ?

- გეგმაა შექმნილი, თუ რომელ კვირას რომელ სკოლაში უნდა ჩატარდეს. შემუშავებულია შესაბამისი საინფორმაციო ბუკლეტები და მოსწავლეებს იმასაც ვურიგებთ. წამოვიწყეთ ასევე ლეკვების გაჩუქების აქციაც, სააგენტომ უკვე ბევრი ასეთი ღონისძიება მოაწყო. ეს ადრე თბილისის ზოოპარკის ტერიტორიაზე ტარდებოდა, მაგრამ ზოოპარკმა სტიქიის შემდეგ ფაქტობრივად, მოქალაქეების მიღება შეწყვიტა და აქციამ "ბომბორას პარკში" გადაინაცვლა. გასაჩუქებლად გამზადებული ცხოველები სტერილიზებულები და იდენტიფიცირებულები არიან.

- თავშესაფარში დაბადებული ლეკვები არიან?

- თავშესაფარში დაბადებულებიც და იქ მოხვედრილებიც, რომლებიც ლაბორატორიულად და ვეტექიმის მიერ არიან შემოწმებულები, რომელთაც გაუკეთდათ ოპერაცია, კასტრაცია, რომ შეზღუდული იყოს მათი გამრავლება, ყურზე უნდა ჰქონდეთ "საყურე ბირკა" და ა.შ.

- ლეკვების ჩუქების მსურველები არიან?

- მაგალითად, "ბომბორას პარკში" 50 ლეკვი გაჩუქდა. მსურველები ნამდვილად არიან.

- ბოლოს, რას ურჩევდით და რა რეკომენდაციებს მისცემდით ცხოველის პატრონებს, ან ადამიანებს, ვისაც უნდათ, რომ ცხოველი აიყვანონ?

- პირველ რიგში, გულდასმით უნდა გაეცნონ ცხოველების მოვლა-პატრონობის წესს. ვისაც ჰყავს ცხოველი, დაიცვას წესის შესაბამისი ნორმები, რომ უსაფრთხოდ იყოს როგორც ცხოველი, ისე მოსახლეობა.  არის შემთხვევები, როცა ვთქვათ, ბავშვი ტირის და მის დასაწყნარებლად ძაღლს ყიდულობენ, მაგრამ მერე შესაძლოა, იგივე ძაღლი ქუჩაში გამოაგდონ. ძალიან ცუდი ფაქტია. ამით ქალაქს და მოსახლეობას პრობლემა ემატება. ამიტომ, უნდა დაიცვან ცხოველის მოვლა-პატრონობის წესები.

ასევე ხშირია შემთხვევა, როდესაც პიკს აღწევს ცხოველების მიმართ სისასტიკე, რაც იკრძალება და ასეთ ფაქტებზე სააგენტო რეაგირებას აუცილებლად მოახდენს.

და კიდევ ერთხელ მინდა ვთქვა: ქალაქში ძაღლის გასეირნებისას დაიცვან სისუფთავე. არადა, 99% არ კადრულობს, თუ ეთაკილება, ეზარება საკუთარი ცხოველის მიერ დაბინძურებულის დასუფთავება. ეს რბილად რომ ვთქვათ, გულგრილობაა.

ლალი ფაცია

AMBEBI.GE

2019/2020 ექსკლუზიური არტ-კოლექცია ყველაზე მოდურ tuc tuc-ში

"2020-მა რომ სიმდიდრე მოგიტანოთ, დეკემბერში 8 კაკალი შეღებეთ“ - რომელ წლებში დაბადებულები გამდიდრდებიან ვირთხის წელში

"არალოგიკური მეჩვენება ჟიურის შეფასებები" -  რას ამბობს  ნათია სუხაშვილი "მასტერშეფის" დატოვების შემდეგ