ციტრუსი ზამთრის სეზონზე ბავშვებისთვის ვიტამინების ერთ-ერთი მთავარი წყაროა. ციტრუსები სხვა სეზონურ ხილთან შედარებით, უფრო დიდხანს, გაზაფხულამდე ინარჩუნებენ სასარგებლო თვისებებს. მანდარინი კი გამორჩეულად უყვართ ბავშვებს. ბევრი მშობელი მასთან სიფრთხილეს იჩენს და არ უნდა, რომ ბავშვმა ბევრი მიირთვას. პატარებს კი მისი ჭამა არ ბეზრდებათ. რამდენად საჭიროა მანდარინთან სიფრთხილე და საერთოდ, რამდენად სასარგებლოა მანდარინი ბავშვისთვის?
როდის გავასინჯოთ ბავშვს?
7-8 თვემდე პედიატრები თავის შეკავებას გირჩევენ. ამის შემდეგ კი შეგიძლიათ ერთი ლებანი გაასინჯოთ. შემდეგ 1-2 დღის განმავლობაში დაკვირდით რეაქციას - თუ სადმე სიწითლე ან გამონაყარი შენიშნეთ, მისი მიცემა რამდენიმე თვით გადადეთ. თუ ყველაფერმა კარგად ჩაიარა, ლებნების რაოდენობა თანდათან გაზარდეთ... თუმცა დღეში ერთ მანდარინზე მეტი წლამდე ბავშვისთვის სასურველი არ არის.
ერთი წლიდან უფრო თამამად შეგიძლიათ აჭამოთ, თუმცა ყოველდე სასურველი ნამდვილად არ არის.
გადაჭარბება, ანუ 3-4 ცალზე მეტი დღეში, სასურველი არც მოზრდილი ბავშვებისთვის არ არის. დიდმა რაოდენობამ შეიძლება კანის სიყვითლე გამოიწვიოს.
როდის წამლავს მანდარინი ბავშვს?
ალბათ ხშირად გაგიგონიათ, რომ მანდარინმა ბავშვი მოწამლა. საქმე ისაა, რომ მანდარინს ბავშვები როგორც წესი, არ რეცხავენ - მხოლოდ ფცქვნიან. დაბინძურებულ კანზე მოხვედრილი ხელი რბილობსაც ეხება. ამით ბავშვის ორგანიზმში მიკრობები იჭრება და სხვადასხვა სახის გართულებას იწვევს. ამიტომ გაფცქვნამდე მანდარინი კარგად უნდა გაირეცხოს.
ამდენი გამაფრთხილებელი მოწოდების მიუხედავად, მანდარინი მაინც ძალიან სასურველ და სასარგებლო ხილთა შორის მოიაზრება.