რა გამოხმაურება მოჰყვა პატიმრების შეწყალებაზე პატრიარქის ინიციატივას "ფეისბუქში"

რა გამოხმაურება მოჰყვა პატიმრების შეწყალებაზე პატრიარქის ინიციატივას "ფეისბუქში"

"ვფიქრობ, რომ პატრიარქს უნდა ჰქონდეს უფლება, შეიწყალოს პატიმრები და ბრალდებულები. ამაზე ვისაუბრეთ პრემიერ-მინისტრთან და ალბათ პრემიერი დააყენებს ამ საკითხს", - ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, ილია მეორემ რუსთაველის თეატრში გუშინ მას შემდეგ განაცხადა, რაც მსჯავრდებულების დადგმული სპექტაკლი - "ჩემი მძევალი ანგელოზები" ნახა. პატრიაქრის განცხადებას მმართველი კოალიციის წევთა აქტიური გამოხმაურება მოჰყვა. თემას ასევე აქტიურად გამოეხმაურნენ საზოგადოების ცნობილი სახეები "ფეისბუქში":

ნიკა რურუა, "ნაციონალური მოძარობის წევრი":

დღეს დავბრუნდი კომპიუტერთან და მსურს რამდენიმე მიზეზი ჩამოვთვალო, რატომაც არ შეიძლება რომ კათალიკოს-პატრიარქს ჰქონდეს სისხლის სამართლის წესით მსჯავრდებულთა შეწყალების უფლება.

1. პარტიარქი არაა დემოკრატიულად და შეზღუდული ვადით არჩეული პოლიტიკური პირი, ამიტომ მისი პოლიტიკური ძალაუფლებით აღჭურვა დაუშვებელია დემოკრატიულ სახელმწიფოში;

2. დღევანდელი პატრიარქის დიდი ავტორიტეტი არანაირად არ აქვს გარანტირებული არცერთ მომავალ პატრიარქს, ამიტომ კონკრეტული პიროვნების ავტორიტეტის გამო მთელი ინსტიტუციის პოლიტიკური უფლებით აღჭურვა არაკეთილგონივრულია, როგორც მინიმუმ.

3. ჩვენი ქვეყანა მულტირელიგიურია და შეწყალების უფლების მინიჭება ერთი, თუნდაც ყველაზე დიდი რელიგიის ლიდერისათვის სავარაუდოდ გაგვიუცხოვებს რელიგიურ, და შესაძლოა, ეთნიკურ უმცირესობებს.

4. რელიგიის პოლიტიკაში აღრევა, როგორც ისტორია გვასწავლის, ცუდად მთავრდება ხოლმე და ამის ორი მაგალითია ინკვიზიცია და ე.წ. “ისლამური სახელმწიფო”.

5. უცნობია, რა კრიტერიუმით შეიწყალებს ერთს და არ შეიწყალებს მეორე მსჯავრდებულს პატრიარქი; თუ იგი, ამ უფლების ფლობის შემთხვევაში, ყველას შეიწყალებს, და სასჯელაღსრულების სისტემა საჭირო აღარ იქნება?!

6. როგორ დაიცავს სახელმწიფო კორუფციისაგან ამ პროცესს, რომელიც შესაწყალებელი ადამიანების სიების შედგენას პოტენციურად ყოველთვის თან სდევს? თვალთვალს განახორციელებს ან დააპატიმრებს იმ მღვდლებს, ვინც შემჩნეული იქნება ასეთ სიაში ადამიანთა ჩაწერის სანაცვლოდ პატიმრის ოჯახისთვის ფულის გამოძალვაში?

7. ძალაუფლების თვით-განდიდების მიდრეკილებიდან გამომდინარე, კიდევ რომელი სხვადასხვა სახელმწიფოებრივი ფუნქციების შეთავსებას მოითხოვს ეკლესია შეწყალების უფლების მიღების შემდეგ?

და ა.შ. და ა.შ. - ამგვარ ლოგიკურ კითხვათა სია შესაძლოა უსასრულოდ გაგრძელდეს.

P.S. ნებისმიერს, ვისაც ამ არგუმენტების გამოყენება დასჭირდება, უფლება აქვს ისარგებლოს მათით ნებისმიერ, საჯარო თუ კერძო დებატში. დემოკრატიული სახელმწიფოსათვის ამ დამღუპველი ინიციატივის დაშვება არანაირად არ შეიძლება.

გიორგი ხაბურძანია, "ნიჭიერის" პროდუსერი:

მშვენივრად მუშაობს საეკლესიო ინდუსტრია ბიზნესის განვითარებაზე და დივერსიფიკაციაზე.

ნიკა გვარამია, "რუსთავი 2"-ის გენერალური დირექტორი:

შეწყალება მკაფიოდ კონსტიტუციური უფლებამოსილებაა და ექსკლუზიურად პრეზიდენტს ეკუთვნის. შეწყალება არის მართლმსაჯულების ფუნქციის განხორციელება და თვისობრივად სრულიად სახელმწიფოებრივი ხასიათსაა, მეტიც - სახალხო სუვერენიტეტის გამოვლინებაა და არჩევით ორგანოს მიეკუთვნება. დაუშვებელია მისი კვაზისახელმწიფოებრივი განხორციელება. ამ უფლებამოსილების ეკლესიისთვის მინიჭება ეწინააღმდეგება მთელი კონსტიტუციის სულისკვეთებას და მისი ზოგადი ნაწილის სადამფუძნებლო ნორმებს, რომლებიც მკაფიოდ მიჯნავენ ეკლესიას და სახელწიფოს. ამდენად, არა კონკრეტული ახალი რეგულაციის შემოღებაზეა საუბარი, არამედ სახელმწიფო მოწყობის შეცვლაზე. შესაბამისად, კონსტიტუციური ცვლილებაც, თუ ასეთი განხორციელდა, იქნება ანტიკონსტიტუციური. დიახ, დიახ, კაზუსია, მაგრამ სამართლებრივად მყარი - კონსტიტუციის ყველა ნორმა უნდა იყოს შესაბამისობაში კონსტიტუციისავე ზოგად დებულებებთან, რომლებიც სახელმწიფო მოწყობას და მის რაობას განსაზღვრავენ. შესაბამისად, საკონსტიტუციო სასამართლოს ექნება შესაძლებლობა იმსჯელოს ამ კანონის (და ყველა ცვლილება კონსტიტუციაში კონსტიტუციური კანონის მეშვეობით შედის) კონსტიტუციურობაზე.

ყველაზე საინტერესო ჩემთვის ახლა ისაა, ბიძინა ივანიშვილმა რომ მოინდომოს შეწყალების უფლება, რას იტყვიან პრემიერი და პატრიარქის ინიციატივით ატაცებული დეპუტატები. დარწმუნებული ვარ, კიდევ უფრო იგივეს :)

საკონსტიტუციო მოდელის მოგონებასაც დაიწყებენ უფლებების დელეგირებაზე საზოგადოების გამოჩენილი წევრისთვის :))

ნინო ზურიაშვილი, ჟურნალისტი:

მოვითხოვ მთავრობის წევრებმა და პარლამენტარებმა წაიკითხონ კონსტიტუცია!!!

საქართველოს კონსტიტუცია, მუხლი 73 პრიმა: პუნქტი 4. კონტრასიგნაციას არ საჭიროებს საქართველოს პრეზიდენტის ის სამართლებრივი აქტები, რომლებიც უკავშირდება:

მ) მსჯავრდებულთა შეწყალებას

გოგი გვახარია, კინომცოდნე:

ყოველთვის შინაარსს ვაქცევთ ყურადღებას და არა ფორმას...

არადა არ გაინტერესებთ როგორ უთხრა? ვითომ ასე?

”შენ იცი, ირაკლი, როგორ ვუყვარვარ ხალხს. ისიც იცი, რომ ჩემი ავტორიტეტი დროით გამოიცადა. პარლამენტარების და კონსტიტუციის სადღეგრძელოს არ სვამს ხალხი. ჩემს სადღეგრძელოს სვამს. ამიტომ ბუნებრივია მე უნდა შევიწყალო პატიმრები..”

ნუ გავიწყდებათ რომ ეს განცხადება თეატრში (!) გაკეთდა. რუსთაველის თეატრში. მას შემდეგ რაც დასრულდა სპექტაკლი სახელწოდებით ”ჩემი მძევალი ანგელოზები”:)

ინგა გრიგოლია, ჟურნალისტი:

მე არ ვიზიარებ.... ამ საქმეებს დიდი შესწავლა სჭირდება.... დიდ პატივს ვცემ..... გულით მიყვარს, თან ძალიან მიყვარს, მაგრამ მხოლოდ პატრიარქის კეთილ ნებაზე არ უნდა იყის ვინმეს შეწყალება.

ლელა გაფრინდაშვილი, ფილოსოფოსი:

"როცა საპატრიარქოს შეწყალების უფლება ჰქონდა:

ჩემი ნაცნობი, პატიმრის დედას სასულიერო პირთან დაახლოებულმა ადამიანმა 2000 დოლარი მოსთხოვა. დედამ ლარებით გადაუხადა.

"კეთილისმყოფელმა" ვერაფერი გააკეთა. დიდი ბრძოლის შემდეგ, ფულის ნაწილი უკან დაუბრუნა ეტაპობრივად, დოლარის იმ კურსით, რომელიც გადახდის მომენტში იყო. თუმცა

1000 ლარი მაინც დააკლო.

მინდა მოვისმინო არაკორუფციული მაგალითები!"

ია ანთაძე, ჟურნალისტი:

"ერთი რამ ვერ გავიგე. პატრიარქს შეწყალების უფლება თუ ექნება, ფაქტობრივად, ყველა უნდა შეიწყალოს.

აბა, როგორ გამოარჩევს ერთმანეთისგან "დაკარგულ ცხვრებს"?

როგორ ეტყვის ვინმეს, შენ ვერ შეგიწყალებო?"

პაატა ქურდაძე, მწერალი, დოკუმენტალისტი:

"იურისტები და კონსტიტუციონალისტები ალბათ დამეთანხმებიან, ის რომ კახიშვილს ასე მიაჩნია არ არის საკმარისი, იმისათვის რომ პატრიარქს განსაკუთრებული, ნორმის მიღმა უფლებები მიენიჭოს, პირველ რიგში საჭიროა კონსტიტუციონალურად ზუსტად განიმარტოს რომ პატრიარქი ერის წინამძღოლი და ყველაზე ბრძენი კაცია, რაც ოფიციალური საფუძველი გახდება იმისთვის, რომ დადგეს კანონზე მაღლა... აგრეთვე უნდა განიმარტოს, ერის წინამძღოლისა და ბრძენის სტატუსი მხოლოდ მოქმედ პატრიარქს ეხება თუ ის ავტომატურად მემკვიდრეობით გადავა მომდევო პატრიარქებზეც? საერთოდ მე რომ ვინმე ჭკუას მეკითხებოდეს, ავლაბარს მართლმადიდებლურ ვატიკანად გადავაქცევდი,

"...მეც მიმაჩნია, რომ პატრიარქს უნდა ჰქონდეს ნამდვილად უფლება, ერის წინამძღვარია, მასზე ბრძენი ადამიანი არ ვიცი ახლა რა ვინ არის, ამიტომაც მე ვფიქრობ, რომ ნამდვილად უნდა ჰქონდეს მას შეწყალების უფლება." - ამბობს სასჯელაღსრულების მინისტრი."

ლევან ალაფიშვილი, იურისტი:

"სახიფათო პოლიტთამაშები არ წამოვიწყოთ. პრემიერის სიტყვებზე "შეწყალების პროცესში პატრიარქის ჩართულობის გაზრდის" თაობაზე უნდა გავიხსენოთ რომ შეწყალების საკითხთა კომისიის წევრი იყო და არის (!) სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქორეპისკოპოსი (!), ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტი თეოდორე."

იხილეთ ასევე: საპატრიარქოს განცხადება პატრიარქის ინიციატივასთან დაკავშირებით

http://www.ambebi.ge/sazogadoeba/149175-sapatriarqos-ganckhadeba-patriarqis-iniciativasthan-dakavshirebith.html

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს