პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის გადაწყვეტილებით, საქართველოს ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს საქართველოს მოქალაქეობა შეუწყდა. ბუნებრივია, ამას უმალ გამოეხმაურა მოქალაქეობაწართმეული და თქვა, - მათ შეუძლიათ წაიღონ ჩემი პასპორტი, მაგრამ ვერავინ წამართმევს ქართველობას და საქართველოს სიყვარულსო.
რა თქმა უნდა, ბატონო მიხეილ ვერ წაგართმევენ ან როგორ უნდა წაგართვან ის, რაც არ გაქვთ?! თქვენ რომ ქართველობა გდომებოდათ, თქვენივე ნებით არ იტყოდით საქართველოს მოქალაქეობაზე უარს და სხვა ქვეყნის სამსახურში არ ჩადგებოდით. თქვენ საქართველო მხოლოდ იმისთვის გინდოდათ და მომავალშიც იმისთვის გინდათ, რომ საკუთარი ძალაუფლებით დატკბეთ, თორემ საქართველოში რიგით მოქალაქედ ცხოვრება თქვენი მიზანი არაა, ასეთი საქართველო თქვენ არ გაინტერესებთ. სამარცხვინოა, როდესაც გუბერნატორობაში ცვლით იმ ქვეყნის მოქალაქეობას, რომლის პრეზიდენტიც 9 წელი იყავით, ამაშიც ჩანს თქვენი ტრფობა ძალაუფლებისაკენ. თქვენზე სამარცხვინო ის ხალხია, ვინც პრეზიდენტი მარგველაშვილის გუშინდელი გადაწყვეტილება დაგმო, ხოლო თქვენს მიერ მოქალაქეობაზე უარის თქმას ხბოს აღტაცებით შეხვდა და გმირობად ჩათვალა.
წერთ: - "დღეს მე და ჩემი მეგობრები ვაკეთებთ ქართულ საქმეს და ვემსახურებით საქართველოს მომავალს", - ბატონო მიხეილ, რომელი მეგობრები, ისინი ვინც თქვენს ზურგს უკან გიჟად მოგიხსენიებენ? შეიძლება არც იცოდეთ, მაგრამ ერთმა თქვენმა მეგობარმა ბატონმა გოკა გაბაშვილმა, საკუთარ ძმასთან საუბრისას, სულ გიჟი გეძახათ და თან რა იგინა, გინებაში გამოწრთობილი ქართველებიც კი გააოცა... აფერუმ, გოკა, არ ველოდი ნაღდად... ჩემდა სამწუხაროდ, "ნაციონალური" ენა არ ვიცი, მაგრამ მეეჭვება "გიჟი" თქვენს ენაზე რაიმე აღმატებულს ნიშნავდეს. ჰოდა, ამ მეგობრებთან ერთად გინდათ დაბრუნება? დიდი ბოდიში, მაგრამ ქართველი ხალხი მართლა გიჟები ხომ არ გგონიათ?
გამოგვყევით, რომ არ გამოტოვოთ პოლიტიკის ყველაზე მნიშვნელოვანი ამბები.
გამოიწერეთ პოლიტიკური სიახლეები და იხილეთ ის თქვენს Newsfeed-ში.