თბილისის მერიაში მდინარე ვერეს ხეობის ტერიტორიული განვითარების კონცეფციის პრეზენტაცია მიმდინარეობს. შეხვედრას დედაქალაქის მერი დავით ნარმანია, მერის მოადგილე ირაკლი ლექვინაძე, არქიტექტორული სამსახურის ხელმძღვანელი დიმიტრი მოსულიშვილი, არქიტექტორები, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, გარემოს დამცველები ესწრებიან.
პრეზენტაციას შპს "არქიტექტურული ბიურო" მართავს, რომლის წარმომადგენელმა მიხეილ ბალიაშვილმა შეხვედრის მონაწილეებს ვერეს ხეობის ტერიტორიული განვითრების კონცეფციის ჩარჩოს გეგმა გააცნო. ამ კონცეფციის თანახმად, მდინარე ვერეს ხეობასა და მის მიმდებარე ტერიტორიაზე საგანმანათლებლო ცენტრი, სპორტული კომპლექსი, ტყეპარკი მოეწყობა. გეგმის თანახმად ვერეს ხეობაში საგანმანათლებლო ცენტრი 20 000 მ/კვ ტერიტორიაზე მოეწყობა, რომელშიც საკონფერენციო-სასემინარო დარბაზები, ბიბლიოთეკა, სტუდენტური სასადილო განთავსდება.
კონცეფციის თანახმად, ამჟამინდელი "მზიურის" ტერიტორიაზე, ასევე ზოოპარკის ტერიტორიაზე ტყეპარკი მოეწყობა, ხოლო ხეობის ცენტრალურ ნაწილში დაგეგმილია სპორტული კომპლექსის მოწყობა. კერძოდ, იგი ითვალისწინებს სავარჯიშო დარბაზს, საცურაო აუზს, სხვადასხვა სპორტის სახეობისათვის მოედნებს და სხვა.
ასევე გმირთა მოედნიდან მაღლივ კორპუსამდე დაგეგმილია ველოსიპედების ტრასების მოწყობა. წარმოდგენილი კონცეფციით ტყე-პარკი 300 000 მეტრკვადრატ ტერიტორიაზე მოეწყობა.
კონცეფციის განხილვაში არასამთავრობო ორგანიზაციების სპეციალისტებიც მიიღებენ მონაწილეობას და ის დასრულებულ სახეს მოგვიანებით მიიღებს.
გამოიწერეთ საზოგადოების სიახლეები და იხილეთ ის თქვენს Newsfeed-ში!
AMBEBI.GE/საზოგადოება