ის, რომ მიხეილ სააკაშვილმა უარი თქვა საქართველოს მოქალაქეობაზე, ჩემგან მხოლოდ მძიმე შეფასებას იმსახურებს, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მრგველაშვილმა ჟურნალისტებს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილისთვის საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტასთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილების კომენტირებისას განუცხადა.
მისივე შეფასებით, მიხეილ სააკაშვილმა შეურაცხყოფა მიაყენა როგორც პრეზიდენტის ინსტიტუტს, ისე ქვეყანას. "მიხეილ სააკაშვილს დღეს ჩამოერთვა საქართველოს მოქალაქეობა და სამართლებრივად ეს არის ერთადერთი პროცედურა, რომელსაც მოქმედი კანონმდებლობა იცნობს. პოლიტიკურად კი - ის, რომ სააკაშვილმა უარი თქვა საქართველოს მოქალაქეობაზე ჩემგან მხოლოდ მძიმე შეფასებას იმსახურებს, იმიტომ, რომ ამით ყოფილმა პრეზიდენტმა შეურაცხყოფა მიაყენა როგორც პრეზიდენტის ინსტიტუტს, ასევე ჩვენს ქვეყანას", - განაცხადა მარგველაშვილმა.