მარკ ცუკერბერგის მეუღლე პრისცილა ჩანი რამდენიმე დღის წინ კვლავ მოხვდა მსოფლიო მედიის ყურადღების ცენტრში - 1 დეკემბერს წყვილს პირველი შვილი შეეძინა.
პატარა მაქსის დაბადების აღსანიშნავად, მშობლებმა გადაწყვიტეს "ფეისბუქის" აქციების 99%, რომელიც დღეისათვის 45 მილიარდი დოლარის ტოლფასია, ქველმოქმედებას მოახმარონ.
ახალშობილი მაქსისთვის გაგზავნილ წერილში მშობლები - მარკ ცუკერბერგი და პრისცილა ჩანი წერდნენ, რომ თანხას ადამიანების პოტენციალის განვითარებასა და მომავალი თაობის ყველა ბავშვის თანასწორობისთვის დახარჯავენ. პირველ რიგში, თანხები მოხმარდება განათლებას, სხვადასხვა სახის ავადმყოფობის წინააღმდეგ ბრძოლასა და კომუნიკაციების განვითარებას.
"გვსურს, რომ იმ მსოფლიოში, სადაც ჩვენი გოგონა გაიზრდება, ადამიანები თანასწორნი იყვნენ, ყველამ შეძლოს მკურნალობა, განათლების მიღება", - ნათქვამი იყო მაქსისთვის მიწერილ წერილში.
დოქტორი პრისცილა ჩანი არასდროს ყოფილა მილიარდერის სტერეოტიპული ცოლი, რომელთა შორისაც დასავლური მედია მაგალითად, ხშირად მოიხსენიებს დონალდ ტრამპის მეორე ნახევარს. 30 წლის პრისცილამ მომავალი მეუღლე 2004 წელს ჰარვარდის უნივერსიტეტში გაიცნო და მათი მეგობრობა რამდენიმე წელს გაგრძელდა. გაცნობიდან 9 წლის შემდეგ წყვილმა ყველასთვის საიდუმლოდ იქორწინა. მედიამ და სრულიად სამყარომ ცუკერბერგის დაქორწინების შესახებ მხოლოდ "ფეისბუქის" მეშვეობით შეიტყო, როდესაც ახალგაზრდა მილიარდერმა სტატუსი "მარტოხელა" "დაქორწინებულით" შეცვალა.