ქედაში ორი ადამიანი თოვლში ჩარჩა. როგორც "ინტერპრესნიუსს" ქედის გამგებელმა დავით დუმბაძემ განუცხადა, სოფელ ცხმორისში მცხოვრები ორი მამაკაცი ტყეში შეშის გამოსატანად ორი დღის წინ მანამდე შევიდა, ვიდრე თოვა დაიწყებოდა.
დავით დუმბაძის განმარტებით, ერთ მეტრამდე მოსული ნალექის გამო მათ ღამე ტყეში არსებულ ქოხში გაათენეს, დღეს დილით კი მამაკაცების გამოსაყვანად ადგილზე სპეციალური ტექნიკა მუშაობს.
"ორი დღის წინ, სოფელ ცხმორისში მცხოვრები ორი მამაკაცი შეშის გამოსატანად ტყეში შევიდა. როცა ისინი წავიდნენ კარგი ამინდი იყო, შემდეგ კი თოვა დაიწყო. გუშინ საღამოს შეგვეხმიანენ და გაგვაგებინეს, რომ თოვლის საფარი ერთ მეტრს აღწევს, რის გამოც იქვე არსებულ ქოხში აპირებდნენ დარჩენას. დღეს დილით, 9:00 საათზე გავუშვით ტექნიკა, რომელსაც დასახმარებლად სოფლის ახალგაზრდობაც გაყვა. საღამომდე შეძლებენ მათ გამოყვანას. კონტაქტი არის. ამ დროისთვის იქ თოვლის საფარი მეტრნახევრამდეა", - აღნიშნა დავით დუმბაძემ.
გამგებლის განმარტებით, დიდთოვლობის გამო დაზიანდა ელექტროგადამცემი ხაზები და მუნიციპალიტეტის 80%-ს ელექტროენერგია არ მიეწოდება. დავით დუმბაძის თქმით, ზემო სოფლებში თოვლის საფარი ერთ მეტრს აჭარბებს, ხოლო დაბებში 30 სანტიმეტრია.
"დაზიანებულია ელექტროენერგიის გადამცემი ხაზები, რის გამოც ქედის 80%-ს შუქი არ მიეწოდება. გზების გაწმენდა წუხელვე დავიწყეთ და ყველა ადმინისტრაციულ ერთეულამდე გაწმენდილია. ზემო სოფლებში თოვლის საფარი ერთ მეტრს აღემატება და მოძრაობა შესაძლებელია მხოლოდ მაღალი გამავლობის ტრანსპორტით, დაბაში 30 სანტიმეტრამდე ნალექია და ყველა სახის ტრანსპორტს შეუძლია გადაადგილება", - აღნიშნა დავით დუმბაძემ.