რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა რამდენიმე დღის წინ ხელი მოაწერა განკარგულებას თურქეთის მიმართ სპეციალური ეკონომიკური ზომების გატარების შესახებ. დოკუმენტი თურქული ბიზნესის წინააღმდეგ ეკონომიკურ სანქციებს ითვალისწინებს. გაზეთები უკვე წერენ თურქული ეკონომიკის დანაკარგზე, თურქი ბიზნესმენები კი, სანქციების შედეგად მიყენებულ ზარალს ითვლიან. თავისთავად, ანტითურქული ეკონომიკური სანქციები რუსულ ბაზარზეც უარყოფითად მოქმედებს. რუსეთის საბაჟოზე პროცედურების გამკაცრების შემდეგ საზღვარზე სატვირთო მანქანების რიგი გაჩნდა, რომლებსაც საქონელი არა მარტო რუსეთში, არამედ შუა აზიის ქვეყნებში გადაჰქონდათ.
როგორ აისახება საქართველოს ეკონომიკაზე ორ დიდ სახელმწიფოს შორის დაწყებული კონფლიქტი? - ამის თაობაზე "ბიზნესპრესნიუსი" ანალიტიკოს ვაჟა კაპანაძეს ესაუბრა.
"ცალსახად პოზიტიური, ან ცალსახად ნეგატიური მოვლენები არ არსებობს. ზოგჯერ კრიზისსაც კი მოაქვს თავისი დადებითი შედეგები. რა თქმა უნდა, ყველა ეკონომისტს თავისი ხედვა აქვს ამ ტიპის მოვლენების შეფასებისას და მეც ჩემს აზრს მოგახსენებთ: თუ ყურადღებით დავაკვირდებით, რუსეთი არ ჩქარობს მკაცრი ემბარგოს დაწესებას და ცდილობს დრო მოიგოს. ვინ უნდა ჩაენაცვლოს თურქეთს, რომელსაც რუსეთთან 31-მილიარდიანი სავაჭრო ბრუნვა აკავშირებს? - სავარაუდოდ, სამხრეთ ამერიკის ქვეყნები, რომლებმაც რუსეთი ხილითა და ბოსტნეულით უნდა მოამარაგონ, ამას კი, ლოგისტიკური პრობლემების მოგვარება, ახალი კონტრაქტები და ახალი კავშირების დამყარება სჭირდება. ამ ყველაფერს კი, თავისთავად დრო დასჭირდება. ამიტომ რუსეთი ცდილობს დრო მოიგოს და რადიკალური ნაბიჯები არ გადადგას.
ანალიტიკოსის თქმით, რუსული ბაზრიდან რომ გამოგვაძევეს, მაშინ თურქებმა იხეირეს და ჩვენი ნიშაც დაიკავეს. ამიტომ, რუსეთის მიერ თურქული პროდუქციის შეზღუდვამ პირველ ეტაპზე შეიძლება პოზიტიური შედეგებიც კი მოგვიტანოს, რადგან რუსეთი აქვეა, ამ ბაზარს ვიცნობთ, კონტაქტებიც გვაქვს და შეიძლება ძველი ნიშა ნაწილობრივ მაინც აღვიდგინოთ. ციტრუსის ან თხილის ექსპორტში ამან შეიძლება დადებითი როლი შეასრულოს, მაგრამ აქ არის მეორე ნიუანსი: გვაქვს კი იმ რაოდენობის პროდუქცია, რომელიც ამხელა ბაზარს სჭირდება?