"არ არსებობდა იმაზე წარმატებული თანამშრომლობა თეთრ სახლსა და "კოზა ნოსტრას" შორის, როგორიც ომის დროს იყო".
პრეზიდენტ თეოდორ რუზველტის მემუარებიდან
13 ნოემბრის ტერაქტების შემდეგ საფრანგეთს თითქოს არაფერი გააკვირვებდა, თუმცა 21 ნოემბერს პარიზის ერთ-ერთ კაფეში დატრიალებულმა მოვლენებმა ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა. იმ საღამოს სამი საერთაშორისო ძებნილი, კოლუმბიური მაფიის წევრი (ჩრდ. კოლუმბიის ნარკოკარტელი) კაფეში ფრანგულ ფუნთუშებს შეექცეოდა და თავს მუსაიფით ირთობდა. მოულოდნელად დარბაზში ორი შეიარაღებული პირი შეიჭრა და "ალაჰ აკბარის" შეძახილით ცეცხლი გახსნა. იმ დროს კაფეში ოცამდე კაცი იმყოფებოდა. კოლუმბიელებმა "დაუპატიჟებელი სტუმრები" იქვე დახოცეს. შემთხვევის ადგილზე მისული პოლიცია საგონებელში ჩავარდა. ერთი მხრივ ხელთ ჰყავდა წლობით ძებნილი მაფიოზები, მეორე მხრივ კი, ის ადამიანები, რომლებმაც ოცი კაცი სიკვდილს გადაარჩინეს.
მაფიის წევრები პოლიციის განყოფილებაში მიიყვანეს და ალბათ, კოლუმბიის მთავრობას გადასცემენ... თუმცა, მაფიის პირველ შეხვედრას "ისლამურ სახელმწიფოსთან", მალე გაგრძელება მოჰყვა, ამჯერად ნიუ-იორკში...
23 ნოემბერს, ერთ-ერთი ტელეარხით, ამერიკული მაფიის თავკაცის შვილმა, ჯოვანი გამბინომ "ისლამურ სახელმწიფოს" შეახსენა, ნიუ-იორკში სიცილიიდან ჩამოსულებს მაფია იცავსო. "სამყარო სავსეა ხიფათით, მაგრამ სიცილიური წარმოშობის მცხოვრებთ შეუძლიათ, მშვიდად და უსაფრთხოდ იგრძნონ თავი. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ჩვენი მეგობრები და ნათესავები დაცულები იყვნენ ექსტრემისტებისა და ტერორისტებისგან, ისეთი ფსიქოპათებისგან, რომლებიც თავს "ისლამურ სახელმწიფოს" უწოდებენ".
გამბინოს ოჯახი იმ ხუთეულშია, რომელიც ნიუ-იორკის კრიმინალურ სამყაროს აკონტროლებს. "გამბინოს კლანი" 2 500 წევრისგან შედგება. მას გასული საუკუნის 20-იან წლებში საფუძველი ჩაუყარა განგსტერმა კარლო გამბინომ.
აღსანიშნავია, რომ კრიმინალური სამყარო ხალხისა და სახელმწიფოს ინტერესების სადარაჯოზე ადრეც აღმოჩენილა.
გასული საუკუნის 20-იანი წლების ოდესისთვის მიშკა იაპონჩიკი (მოშე ვინიცკი) ცოცხალი ლეგენდა იყო. ოდესელი ბანდიტების გენერალზე არაერთი რომანი და ფილმის სცენარი დაიწერა (ოპერეტაც კი).
1919 წელს ოდესას და საბჭოთა ხელისუფლებას, რომელსაც მიშკა ოდესელი რატომღაც ხალხის ხელისუფლებად მიიჩნევდა, დენიკინის არმიის რისხვა დაატყდა, კრიმინალური სამყაროს პირველი "მეფე"(ქურდულ სამყაროში მას პირველ "კანონიერ ქურდად" მიიჩნევენ) ომში თავისი ბანდით (2500 კაცი) წავიდა, რომელსაც თავადვე დაარქვა "54-ე საბჭოთა პოლკი". მთელმა ქალაქმა გააცილა, თუმცა, იაპონჩიკი ოდესას აღარ უნახავს - რკინიგზის სადგურზე მოკლეს...
გაგრძელება