მამაკაცი ქვედა კიდურების გარეშე: სენსაცია "ნიჭიერში" და კადრს მიღმა ცხოვრება

მამაკაცი ქვედა კიდურების გარეშე: სენსაცია "ნიჭიერში" და კადრს მიღმა ცხოვრება

გიორგი მამაცაშვილი "ნიჭიერის" შოუში იმიტომ მივიდა, რომ ცხოვრება გაეხალისებინა, ყოველ შემთხვევაში, ასე ამბობს, ხოლო იქ რაც გააკეთა, იმას უკვე მაყურებლის გაოცება ჰქვია. ადამიანმა ქვედა კიდურების გარეშე საოცარი ტრუკები წარმოადგინა. მანქანას, რომელიც მოძრაობდა, გარშემო უვლიდა. როგორც შოუშივე თქვა, ტრავმა ბავშვობაში მიუღია.

- 4 წლისა გახლდით, სამტრედიაში, მატარებლის ქვეშ რომ მოვყევი...

- სამტრედიელი ხართ?

- არა, დედა მყავდა იქაური და იმ პერიოდში სამტრედიაში ვიყავი... ბავშვი გახლდით და რაღაცები უკვე ბუნდოვნად მახსოვს.

- ალბათ ბევრი ოპერაცია დაგჭირდათ?

- სამტრედიის რკინიგზის საავადმყოფოში ერთადერთი ოპერაცია გამიკეთდა. ორი ქირურგი - კოხრეიძე და კალაძე მუშაობდა. დაახლოებით ერთი თვის მერე სახლში გამწერეს...

- ანუ მაშინ მოხდა თქვენი ქვედა კიდურების ამპუტაცია?

- დიახ.

- მერე როგორ წარიმართა თქვენი ცხოვრება. ყავარჯნებით დაიწყეთ სიარული, თუ პროთეზით?

- 4 წელი პროთეზს ვერ ვიყენებდი, რომელიც მაშინ თბილისში დამიმზადეს, ვერ მოვირგე. ხომ გეუბნებით, ბავშვი ვიყავი და რაღაცები მეუცხოვებოდა. შემდეგ რუსეთში, როსტოვში დამზადდა ჩემთვის პროთეზი. იქ კი უკვე მასწავლებლის დახმარებით ვისწავლე პროთეზით სიარული, რასაც ქალბატონმა ალექსანდარამ დამაუფლა. ის ჩემი არც ნათესავი იყო და არც ახლობელი, მაგრამ ცხოვრება, შეიძლება ითქვას, რომ თავიდან დამაწყებინა. თან, 8 წლისამ ჯერ რუსული ენაც არ ვიცოდი, მაგრამ ყველაფერს მაგებინებდა.

- სკოლაში დადიოდით?

- საშუალო სკოლაში არ მივლია, 8 კლასი კოჯრის სანატორიუმში დავამთავრე... საშუალო სკოლაში არ მიმიღეს, რადგან სკოლაში რომ უნდა შევსულიყავი, იმ პერიოდისთვის ჯერ კიდევ პროთეზი არ მქონდა. მოკლედ, კოჯორში მწოლიარე რეჟიმში, საწოლში მყოფებს გვასწავლიდნენ.

- მიუხედავად თქვენი მდგომარეობისა, მებრძოლი ადამიანი ბრძანდებით. საზოგადებაში ადაპტირება როგორ მოახერხეთ?

- 8 კლასის შემდეგ სპეციალურ სასწავლებელში ფეხსაცმლის კერვა მასწავლეს, სახელმწიფომ იზრუნა ამაზე და მერე ამ პროფესიით ვმუშაობდი კიდეც. მოკლედ, პროფესიით ფეხსაცმლის მკერავი ვარ, მაგრამ მოგეხსენებათ, დღეს ვინ მუშაობს თავის პროფესიით? თანაც, შრომას რა ფასი აქვს.

- დაოჯახებული ბრძანდებით?

- დიახ, მეუღლე და 15 წლის გოგონა მყავს.

- ნიკა გვარამიამ გითხრათ, რომ ის თავის თანამშრომლებთან ერთად იფიქრებს იმაზე, თუ როგორ დაგასაქმოთ.

- ვნახოთ, არ ვიცი, ჯერ რას შემომთავაზებს. თუ შევძლებ იმ საქმის გაკეთებას, დავთანხმდები.

- ნომერზე, რომელიც "ნიჭიერში" წარმოადგინეთ, ალბათ, დიდი ხანი ვარჯიშობდით.

- ის, რაც გავაკეთე შოუში, არავის უსწავლებია. ჩემით მივედი აქამდე. მანქანის მართვა 19 წლისამ ვისწავლე. ამ ტრიუკებამდე, არაერთ მარათონში მაქვს მონაწილეობა მიღებული, რომლებიც ელტლით მოსარგებლეთათვის იმართებოდა. ერთმანეთს ეტლიანები ვეჯიბრებოდით. ცხოვრებისგან გულდაწყვეტილი არაფერზე ვარ. კარგი შედეგები მქონდა, ჩემნაირი მეორე არ ჰყავდათ.

შინაგანად დემოკრატი ვარ, ჩემთვის ასეთივე ცხოვრება ავიწყე, უბრალოდ, ეგ არის, რომ გარეთ ვერ ეწყობა ცხოვრება...

- შოუსგან რას ელოდებით?

- განსაკუთრებულს არაფერს, უბრალოდ, უნდა გაიიოლო და გაიხალისო არსებული ყოფა.

არ ვიცი, ვინ როგორ გაიგებს იმას, რაც შოუში გავაკეთე, მაგრამ თან ხომ არ წავიღებ ამ ყველაფერს? ვიღაცას მინდა, რომ გადავცე.

შემდეგ ჯერზე ერთ კარგ ნომერს კიდევ შემოგთავაზებთ.

იხილეთ ფოტოგალერეა

ლალი ფაცია

AMBEBI.GE

გამოგვყევით, თუ დაინტრესებული ხართ მხოლოდ საზოგადოებრივი თემებით და არ გსურთ, მიიღოთ სხვა, თქვენთვის უინტერესო ინფორმაცია.

გამოიწერეთ საზოგადოების სიახლეები და იხილეთ ის თქვენს Newsfeed-ში!

AMBEBI.GE/საზოგადოება

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია