გასულ კვირას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტული ცენტრის თანამშრომლებმა მოქალაქე დავით ბორჩაშვილი დააკავეს. მას ბრალი ედება სსკ-ის 328-ე მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულში, რაც უცხო ქვეყნის ტერორისტულ ორგანიზაციაში, ან უცხოეთის კონტროლს დაქვემდებარებულ ტერორისტულ ორგანიზაციაში გაერთიანებას, ან ტერორისტულ საქმიანობაში მის დახმარებას გულისხმობს.
გაცილებით ადრე პანკისის ხეობის მკვიდრი აიუფ ბორჩაშვილი დააკავეს. გამოძიებით დადგენილია, რომ ბორჩაშვილი სირია-ერაყის ტერიტორიაზე მოქმედი ტერორისტული ორგანიზაცია "ისლამური სახელმწიფოს" წარმომადგენელია საქართველოში, ის ხელს უწყობდა პანკისის ხეობიდან ახალგაზრდების სირიაში გამგზავრებას.
სასამართლო პროცესზე გაირკვა, რომ აიუფ ბორჩაშვილის განთავისუფლების მოთხოვნით ქართველ ძალოვნებს აჰმედ ჩატაევი დაუკავშირდა და აიუფ ბორჩაშვილის განთავისუფლების ულტიმატუმი დააყენა, წინააღმდეგ შემთხვევაში საქართველოს ტერორისტული აქტების მოწყობით დაიმუქრა.
მართალია, დაკავებული დავით ბორჩაშვილის ოჯახის წევრები ამბობენ, რომ ის სამუშაოდ თურქეთში იმყოფებოდა და, პერიოდულად, სირიაშიც დადიოდა, მაგრამ მას სარძოლო მოქმედებებში მონაწილეობა არ მიუღია. თუმცა როგორც ექიმები ამბობენ, მას ფეხის არეში საკმაოდ დიდი ჭრილობა, სავარაუდოდ, ტყვიამფრქვევის ტყვიით აქვს მიყენებული. ასეთ ჭრილობებს, როგორც წესი, ჩაის კრეფისას და მშენებლობაზე მუშაობის დროს არ იღებენ. სირიაში დაჭრილი მებრძოლებიდან დავით ბორჩაშვილი პირველი მერცხალი იყო. "ქრონიკა+"-ის ინფორმაციით, ეს გახლდათ ტესტი, თუ მას არ დააკავებდნენ, მაშინ სხვა პირებიც, რომლებმაც მკურნალობის რაღაც კურსი თურქეთში გაიარეს, საქართველოში დაბრუნდებოდნენ და გურიასა და პანკისის ხეობაში გამოიზამთრებდნენ. საბედნიეროდ, კონტრტერორისტული ცენტრი გამართულად მუშაობს და დავით ბორჩაშვილის დაბრუნების შემდეგ საქართველოს მასშტაბით კიდევ რამდენიმე პირია დაკავებული.
ტერორისტებთან დაკავშირებული სკანდალი საქართველოს ტერიტორიაზე პირველი არ არის, - ჯერ კიდევ შევარდნაძის მმართველობის პერიოდში პანკისის ხეობაში ჩეჩენი "ბოევიკები" გამოჩნდნენ, იქ საწვრთნელი ბაზები გახსნეს და მერძოლების მომზადება დაიწყეს. 1996 წლიდან, როცა "კავკასიის ემირატი" ჩამოყალიბდა, ამ პროცესმა უფრო ორგანიზებული ხასიათი მიიღო. სქემაში იყო რამდენიმე რგოლი: თურქეთი, ავსტრია, გერმანია და საქართველო. დერეფანი საქართველოდან რუსეთის გავლით აქტიური გახდა ვალერი ხაბუძანიას მინისტრობის დროს. ჩეჩენი "ბოევიკების" ნაწილი რუსეთში სწორედ საქართველოს გავლით გადადიოდა. იყო შემთხვევები, როცა ჩეჩნებს აკავებდნენ და რუსებს გადასცემდნენ. ამ საქმეში დიდი ფულიც კეთდებოდა. დერეფნის არსებობის შესახებ ირაკლი ალასანიამაც იცოდა, რომელიც იმ პერიოდში ვალერი ხაბურძანიას მოადგილე იყო და ამერიკელებთან კავშირზე გადიოდა.
"ქრონიკა+"-ის წყაროს ინფორმაციით, "კავკასიის ემირატის" შექმნის ინიციატორი და იდეის ავტორი ყარაჩაელი ჩერქეზი იუსუფ კრიმშამხალოვი იყო. პირველი ჯგუფები 1995 წელს სწორედ მან გაიყვანა პანკისის ხეობიდან. მას სერიოზული გავლენები ჰქონდა როგორც ხეობაში ისე დაღესტანსა და ჩეჩნეთში. ჩეჩნეთის მეორე ომის დროს, 1998 წელს, კრიმშამხალოვი იმის გამო, რომ რუსეთში ძებნილი იყო, საქართველოში ჩამოვიდა და პანკისის ხეობაში დასახლდა, რადგან ადგილობრივ ძალოვნებთან სიტუაცია დაალაგა.
2002 წელს სიტუაცია მოულოდნელად შეიცვალა, იუსუფ კრიმშამხალოვი კაბალაში დააკავეს, ორმხრივი სროლის დროს, მისი თანმხლები პირები დაიღუპნენ, მათ შორის ორ პოლიციელიც. კრიმშამხალოვი რუსებს გადასცეს. მანამდე, ბორის ბერეზოვსკიმ ვალერი ხაბურძანიას მისი ნდობით აღჭურვილი პირი გაუგზავნა და 6 მილიონი დოლარი შესთავაზა იუსუფ კრიმშამხალოვის თავისუფლების სანაცვლოდ... ხაბურძანიამ შუამავალი უარით გაისტუმრა. რუსებმა ჩეჩენი "ბოევიკი" ტერორიზმის ბრალდებით გაასამართლეს და სამუდამო პატიმრობა მიუსაჯეს, ის დღესაც იხდის სასჯელს რუსეთის რომელიღაც ციხეში. ყველა მეტ-ნაკლებად ცნობილი "ბოევიკი" იუსუფ კრიმშამხალოვის მიმდევარი და მოწაფე იყო.
2003 წელს, ხელისუფლებაში სააკაშვილის მოსვლის მერე, პანკისის ხეობაში რამდენიმე ლოკალური სპეცოპერაცია ჩატარდა, ადგილობრივი ქისტების ნაწილი "კუდმა" გადმოიბირა, სიტუაცია ნელ-ნელა დაწყნარდა, თუმცა, მოგვიანებით, დერეფნის იდეა ისევ აქტუალური გახდა. არანაირი ცალკე ტერორისტთა მომზადების ბაზები პანკისში არ იყო, საჭიროების შემთხვევაში "კუდის" ბაზებს იყენებდნენ, ადგილზე ამ საქმის კურატორი იყო სანდრო ამირიძე - კონტრტერორისტული ცენტრის კახეთის სამმართველოს უფროსი. საზღვარზე გასული და შემოსული "ბოევიკების" მონაცემები სუფთავდებოდა და კვალიც იშლებოდა. სიტუაცია რუსეთ-საქართველოს აგვისტოს ომის შემდეგ გართულდა და "ქრონიკა+"-ის წყაროს ინფორმაციით, 2010 წლამდე არც დალაგებულა. 2010 წელს საქართველოში აჰმედ ჩატაევი გამოჩნდა.
2000 წელს, ჩეჩნეთის მეორე ომის დროს, აჰმედ ჩატაევი რუსებმა ურეს-მარტინის საავადმყოფოდან გაიტაცეს, სასტიკად აწამეს და ხელი მოკვეთეს. 2003 წელს ჩატაევი ავსტრიაში ოფიციალურად იღებს ლტოლვილის სტატუსს და ოჯახთან ერთად ვენაში სახლდება. 2007 წელს მას შვედეთში იარაღის უკანონო ტარებისთვის იჭერენ და მხოლოდ 2009 წლის იანვარში ათავისუფლებენ. 2010 წელს ჩეჩენ "ბოევიკს" უკვე უკრაინაში აკავებენ. რუსეთი ჩატაევის გადაცემას ითხოვს. ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლომ ოფიციალურ კიევს ჩატაევის რუსეთში ექსტრადიცია იმ მიზეზით აუკრძალა, რომ ის ავსტრიის ლტოლვილის სტატუსით ოფიციალურად სარგებლობდა. სწორედ ამ პერიოდში საქმეში საქართველო ჩაერთო. შინაგან საქმეთა მინისტრი ვანო მერაბიშვილი მის უკრაინელ კოლეგას, იური ლუცენკოს წერილს უგზავნის, რომ ჩატაევს საქართველოც ეძებს და მის საქართველოში ექსტრადიციას ითხოვს. კიევის სასამართლო შესაბამის გადაწყვეტილებას იღებს და ჩატაევი საქართველოში ჩამოჰყავთ. "ცალხელა აჰმედი" ციხის ნაცვლად პანკისის ხეობაში დასახლდა და მეორე ცოლი შეირთო. მას ხშირად ხედავდნენ დუისის მეჩეთში უცხო პირებთან ერთად. ჩატაევი პერიოდულად საქართველოდან მიდიოდა. ერთ-ერთი ასეთი მორიგი ვიზიტის დროს მას თურქეთ-ბულგარეთის საზღვარზე აკავებენ. რუსეთის მხარე ისევ მის ექსტრადირებას ითხოვს, მაგრამ საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაციების ჩარევის მერე ჩატაევი ისევ საქართველოში ბრუნდება.
"ქრონიკა+"-ის ინფორმაციით, ახმედ ჩატაევმა დერეფნის საკითხის გარკვევას დიდი დრო მოანდომა. 2008 წლის მერე კავშირები დაკარგული იყო. ამ ხნის განმავლობაში მან საზღვარზე მხოლოდ ერთი ჯგუფის გაყვანა მოახერხა. რუსებმა, როგორც ჩანს, ამ ჯგუფის შესახებ ინფორმაცია წინასწარ მიიღეს, საზღვარზე გაატარეს, ერთი თვე რუსეთის ტერიტორიაზე გადაადგილებას დააკვირდნენ და მხოლოდ ამის შემდეგ მოხდა "ბოევიკების" ლიკვიდაცია. აღნიშნული ფაქტის მერე ჩატაევმა ახალი კავშირების მოძებნას რამდენიმე თვე მოანდომა. ეს დრო იმდენად გაიწელა, "კავკასიის ემირატში" ეჭვობდნენ კიდეც, რომ ჩატაევი სპეციალურად იქცეოდა ასე. 2012 წლის მარტში ჩატაევი გია ლორთქიფანიძისგან ინფორმაციას იღებს, რომ ჩეჩნეთში ჯიჰადში მონაწილე პირებისთვის დერეფანი გაიხსნა. "ქრონიკა+"-ის წყაროს ინფორმაციით ამას წინ უძღოდა თათბირი "მოდულის" შენობაში, სადაც გადაწყდა, რომ არჩევნების წინ "ბოევიკების" ჯგუფის შემოყვანა იყო საჭირო, რომელიც ყოველ შემთხვევისთვის ქვეყნის საზღვართან იქნებოდა. სწორედ ამ თათბირის შემდეგ სანდრო ამირიძე ახმედ ჩატაევს უკავშირდება და მას დერეფნის თაობაზე ინფორმაციას გადასცემს. ჩატაევი თავისი მოკავშირის, ვინმე "გუსლიკის" მეშვეობით, რომელიც, იმავდროულად, ქართული სპეცსამსახურის აგენტიც იყო, ევროპაში ინფორმაციას აგზავნის. "ქრონიკა+"-მა ექსკლუზიურად ინფორმაცია მოიპოვა იმის თაობაზე, რომ "გუსლიკი" აგენტ-მოკავშირეა და მისი ნამდვილი სახელი და გვარი მუსლიმ ისრაილოვია.
მარტის დასაწყისში საქართველოში ხუთი კაცი ჩამოდის, მოგვიანებით, ევროპიდან თბილისში ნელ-ნელა დაიწყეს შემოსვლა ჩეჩნებმა. ისინი თბილისში კონსპირაციულ ბინებში ცხოვრობენ. ამასობაში, მოდის ზაფხული და სიტუაცია რადიკალურად იცვლება. თანამდებობას ტოვებს ვანო მერაბიშვილი და შინაგან საქმეთა მინისტრი ბაჩო ახალაია ხდება. "ბოევიკების" ჯგუფის ნაწილი თბილისიდან პანკისში გადაჰყავთ, იმიტომ რომ ინფორმაციამ არ გაჟონოს. მათ ადგილობრივი ქისტებიც უერთდებიან, დაახლოებით 17 პირი თავისუფლად გადაადგილდება პანკისის ხეობაში. სიტუაცია ჯგუფის წევრებს შორის იძაბება და მათი ნაწილი დერეფანს ითხოვს. სავარაუდოდ, ამ ჯგუფის შემადგენლობაშია რუსული ფსბ-ს აგენტი მაგომედოვი, რუსლან პაპასკირის, მეტსახელად "ზოონის" მოკავშირე. ჯგუფი ლოპოტას ხეობისკენ იწყებს გადაადგილებას და ლაფანყურში იყრის თავს. მესაზღვრეები ინფორმაციას ამირიძეს აწვდიან. ის ხვდება, რომ სიტუაცია საგანგაშოა და ჯგუფის შეჩერებას ცდილობს, მაგრამ ჩეჩნებისგან სასტიკ წინააღმდეგობას აწყდება. ამ მომენტში ამირიძე აჰმედ ჩატაევს ტელეფონით უკავშირდება, რომელიც თბილისშია და პანკისის ხეობაში ჩასვლას სთხოვს. ბაჩო ახალაიამ უკვე იცის, რომ უმართავი სიტუაციაა, ამიტომ კონტრტერორისტული ცენტრის ხელმძღვანელის, ზურაბ მაისურაძის მეშვეობით, "ბოევიკების ჯგუფთან მოლაპარაკებას ცდილობს. რა მოხდა შემდეგ ლაფანყურში?
კახეთიდან იქ ტაქსით ჩასული აჰმედ ჩატაევი მოლაპარაკებას იწყებს.
"ქრონიკა+" ორი წლის წინათ პანკისის ხეობაში ჯოყოლოს მაშინდელ იმამს, აიუფ ბორჩაშვილს შეხვდა. სწორედნ მან გვიამბო, რა გადახდა თავს ლოპოტაზე აჰმედ ჩატაევს.
აიუფ ბორჩაშვილი:
- ჩატაევი მოსალაპარაკებლად ლაფანყურში აიყვანეს. მგონი, მასთან ერთად ხანგოშვილიც იყო. ბიჭებმა ყველამ თანხმობა განაცხადა, რომ რუსეთის საზღვრისკენ არ წავიდოდნენ. ჩატაევს მათთვის არ უთქვამს, რომ ან იარაღი უნდა დაყაროთ, ან უნდა ჩაბარდეთო. უბრალოდ, უთხრა, რომ ინციდენტი მოლაპარაკებით უნდა დასრულდესო.
იქ შეხვედრის შემდეგ ჯგუფის ორი წინამძღოლი ჩატაევს ქვემოთ წამოჰყვა, როგორც თავად ამბობდა, სტრუქტურის სამი წარმომადგენელიც თან ახლდა. მინისტრის ბანაკს რომ უახლოვდებოდით, მინდორივით ადგილზე გაგვაჩერეს, ჩატაევი დაეჭვდა, - მოდი, ცოტა მოვეფაროთ, ღალატს ხომ არ აქვს ადგილიო?.. სწორედ ამ მომენტში უიარაღო ჩატაევს სნაიპერის ტყვია ფეხში ხვდება, ტყვიების წვიმაში ქვებში მეორე მებრძოლი იჭედება, ჩატაევი მას ეხმარება, ეუბნება, რომ სასწრაფოდ ზემოთ დაბრუნდეს და ბიჭები გააფრთხილოს, რომ ღალატია, თავად დაჭრილი კი ხევში ხტება. ცალი ხელი არ აქვს, ფეხში დაჭრილია. ათი დღე მოუწია ერთი "სნიკერსის" ამარა გაძლება. ერთი დღე სჭირდებოდა იმისათვის, რომ წყლამდე მისულიყო. ათი დღის მერე, როცა ჭრილობაზე მატლები დაესია, ის უახლოეს პოსტს ჩაბარდა. მესაზღვრეებმა ჭრილობა დაუმუშავეს, მიხედეს და ცენტრს გადასცეს, - აჰმედ ჩატაევი ჩაგვბარდაო. მოგვიანებით, ის ყვებოდა, რომ თბილისში სასტიკად აწამეს.
აიუფ ბორჩაშვილი "ქრონიკა+"-თან ამბობდა, რომ ეს ინფორმაცია პირადად აჰმედ ჩატაევიდან იცის.
დაკავების მომენტში ჩატაევს ბრალად ედებოდა ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა და ტარება, რაც სამი ან ხუთ წლამდე პატიმრობას ითვალისწინებდა. მესაზღვრეები, რომლებსაც ცალხელა აჰმედი ჩაბარდა, "კუდში" წამოიყვანეს, ჩვენებებიც მიაცემინეს, მოგვიანებით კი ერთ-ერთმა მათგანმა აღიარა, რომ ჩვენება ზეწოლის შედეგად მისცა და ჩატაევს რეალურად იარაღი არ ჰქონია. მას არც ეგონა, თუ ესროდნენ, ამიტომაც თანმხლებ პირებს უთხრა, - თქვენ თავს უშველეთ, მე მაინც ამათი კაცი ვარ, არ გამწირავენო.
2012 წლის დეკემბერში თბილისის საქალაქო სასამართლომ ცალხელა აჰმედი 5000-ლარიანი გირაოს ნაცვლად გაათავისუფლა. მას, როგორც ლაფანყურის სპეცოპერაციის ერთ-ერთ გადარჩენილ მოწმეს, ქვეყნის დატოვება აეკრძალა. სისხლის სამართლის საქმე თელავიდან თბილისში, კონტრდაზვერვის დეპარტამენტში გადმოიტანეს. ჩატაევი დაკითხვებზე დადიოდა, მაგრამ, ცხადია, არც ჩვენება მიუცია, არც დეტალებზე უსაუბრია. გავრცელებული ინფორმაციით, მან მკურნალობა უცხოეთში მოითხოვა.
მოგვიანებით, დუისიდან მისი მეუღლეც გაემგზავრა. "ქრონიკა+"ის წყაროს ინფორმაციით, ცალხელა აჰმედი ძველებურად გავლენიანი აღარ არის და მას არც ტერაქტების მოწყობა შეუძლია.
თუმცა, საქართველოს ტერიტორიაზე ჩეჩენი "ბოევიკების" შემოსვლა ოცნების ხელისუფლების დროსაც დაფიქსირდა. "ქრონიკა+"-ს გახმაურებული სკანდალის დეტალებს ძალოვანი უწყებდან კონფიდენციალური წყარო უყვება:
გასული წლის ზაფხულში მეცხვარეებმა ქართველ ძალოვანებს მიაწოდეს ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ 6 შეიარაღებული პირი ლოპოტას ხეობაში გამოჩნდა. გატარებული ოპერატიული სამძებრო ღონისძიებების შემდეგ დადგინდა, რომ კბილებამდე შეიარაღებულ ჯგუფს "მწვანე" კონტრდაზვერვის დეპარტამენტმა აუნთო. ჯგუფის ერთ-ერთი წევრი კი, სწორედ ამ დეპარტამენტის საგამოძიებო ნაწილის უფროსის მოადგილეს უკავშირდებოდა. ძალოვან უწყებაში საგანგებო თათბირი გაიმართა. ან უნდა მომხდარიყო შეიარაღებული ჯგუფის აყვანა, რაც უმსხვერპლოდ არ დასრულდებოდა, ან რუსეთის ტერიტორიისკენ გატარება, რაც ასევე სერიოზული საფრთხე იყო. როგორც გაირკვა, კონტრდაზვერვის დეპარტამენტმა თავი იმით იმართლა, რომ შეიარაღებულ "ბოევიკებს" დერეფანს ლაფანყურის სპეცოპერაციაზე ჩვენებების სანაცვლოდ უკეთებდნენ. დეტალებზე არ შევჩერდებით, საბოლოო ჯამში ჩეჩენი "ბოევიკები" ისევ კონტრდაზვერვის დეპარტამენტმა გადააცილა თურქეთის საზღვარზე. რამდენად რეალურია ტერაქტების საფრთხე და რა სახიფათო თამაშებს ეწევა საქართველოს ხელისუფლება?!
პასუხი ამ კითხვაზე, ჯერჯრეობით, არ არსებობს!!!
ელისო კილაძე