ბევრჯერ მიფიქრია ამ ქალებზე, თუ როგორი არიან ისინი, რა სწყინთ, რა უხარიათ, რაზე ოცნებობენ, როგორ მიმდინარეობს მათი ცხოვრება ჰიჯაბებს მიღმა, ან საერთოდ, ვის უძღვნიან ისინი თავიანთ ცხოვრებას... სიმართლე გითხრათ, გამიჭირდა მათთან გასაუბრება, ბევრი მათგანი თავს იკავებდა ინტერვიუსგან, ბოლოს ვიპოვე ადამიანი, ვინც შეძლებისდაგვარად დააკმაყოფილა ჩემი ცნობისმოყვარეობა, იმ პირობით, რომ მის სახელს არ გავამხელდი.
45 წლის ლელა პანკისის ხეობიდან არის, მისი ცხოვრება ჰიჯაბს მიღმა დიდი ხნის წინ დაიწყო, ჯერ კიდევ გათხოვებამდე.
- ჩვენი ცხოვრება მარტო ქმრისთვის არის მიძღვნილი. იცით, ჰიჯაბი რას ნიშნავს? - ჰიჯაბს რომ ახურავს ქალს, თმის ღერიც არ უნდა უჩანდეს, არც სხეული, ხელების გარდა, - ეს არის პატიოსნება.
- რა ასაკში იმოსებიან ქალები ჰიჯაბით?
- რაც უფრო ადრე ჩაიცვამ, უკეთესია, იძულება გამორიცხულია, თავად უნდა ჰქონდეს ქალს ჰიჯაბის ჩაცმის სურვილი. სახლში, ქმრის წინაშე არ ვატარებთ ჰიჯაბს. არც მამის, ძმისა და მამამთილის წინაშე, დანარჩენი ყველა მამაკაცი უცხოა ჩვენთვის.
- მაზლიც უცხოა?
- მაზლიც, დეიდაშვილიც, მამიდაშვილიც და ბიძაშვილიც.
- როგორ ხდება ჰიჯაბიანი ქალის გათხოვება?
- მოდიან მთხოვნელები, თუ ორივე მხარეს მოეწონება ერთმანეთი, მერე იწყება მოლაპარაკება. მამაკაცის ასაკს იმდენად მნიშვნელობა არა აქვს, თუ კარგი სასიძოა - გაჰყვები. ჩვენთან გაპარვა არ შეიძლება.
- წესით, რამდენი ცოლის ყოლის უფლება აქვს თქვენს მეუღლეს?
- მრავალცოლიანობა ნებადართულია, შეიძლება კაცს ოთხი ცოლიც ჰყავდეს, ღმერთმა თუ არგუნა, მაგრამ აუცილებელი არ არის. მნიშვნელობა აქვს იმასაც, აქვს თუ არა კაცს ცოლების რჩენის საშუალება. ერთცოლიანობაც შეიძლება, - ჩემს მეუღლეს ერთი ცოლი ვყავარ. მამაჩემსაც ერთი ჰყავდა, ჩემს მამამთილს - ორი, სიძეებსაც თითო ჰყავთ.
- ერთ ოჯახში რამდენიმე მეუღლე როგორ ცხოვრობს?
- დებივით არიან, არა აქვთ შუღლი. შესაძლოა, მოუვიდეთ შელაპარაკება, თუმცა მცირე უთანხმოება ყველგან ხდება, სერიოზული არაფერი.
- როდესაც ქორწინების საკითხზე ოჯახებს შორის ხდება გარიგება, ქალი საქმროს პირველად ამ დროს ხვდება?
- მე, მაგალითად, ნანახი მყავდა ჩემი მეუღლე, დალაპარაკებულიც ვიყავი, მომეწონა და გავყევი.
- როგორ დაელაპარაკეთ?
- ჩემი მულის თანდასწრებით. პირისპირ დარჩენა არ შეიძლება, ვინმე უნდა გყავდეს ახლოს, შენიანი ან მისიანი.
- ერთმა პანკისელმა ქალმა მითხრა ერთ გოგოზე, ეგ იცი, რა ლამაზი გოგო იყო, მამამისი 18 ძროხად აფასებდაო.
- ჩემი სიძეც იტყვის ხოლმე ხუმრობით, ისეთი გოგო მყავს, 18 ძროხა უნდა გამოვართვა სასიძოსო. ადრე მართლა იყო ასეთი გარიგება, თუმცა ახლა აღარ ხდება.
- ახლა როგორ რიგდებიან?
- თუ შეთანხმებით გაჰყევი, 520 ლარია გოგოს ფასი, მერე ხდება გარიგება, ქორწილი, ხოლო თუ მოიტაცებენ, მაშინ 1.000 ლარზე მაღალია გოგოს საფასური. ამას ტრადიციულად ურბეთი ჰქვია.
- 520 ლარი, ამ თანხას რის მიხედვით განსაზღვრავენ?
- ეს 2 ცხვრის ფასია. ზოგი უფასოდაც ქორწინდება, უმეტესად კი ამ ადათს მივყვებით.
- ყველაზე დიდი სიხარული რა იყო თქვენს ცხოვრებაში?
- რომელი ერთი ჩამოვთვალო... პირველი შვილის დაბადება!
- ყველაზე დიდი ტკივილი?..
- პირველი შვილის დაკარგვა. ერთ ღამეს შეუძლოდ გახდა, ექიმთან მიყვანაც ვერ მოვასწარით, გარდაიცვალა.
- რამდენი წლის იყო?
- 1 თვისა იყო და 5 თვისას ჰგავდა, ძალიან ლამაზი იყო. ამიტომ ეცა თვალიო, სოფლის ხნიერმა ქალებმა მითხრეს.
- როდესაც ოჯახში ბავშვი იბადება, სახელს ვინ არქმევს?
- ადრე უფროსები არქმევდნენ, მაგრამ ახლა დედ-მამასაც შეუძლია დაარქვას.
- გოგო რომ დაიბადება, არ უხარიათო, მართალია?...
- ჩემს გოგოს მეოთხე გოგო შეეძინა და სიძეს ისე უყვარდა, გაიძახოდა, 7 ვაჟი გამიჩინაო. როგორ გითხრათ, ეს ადამიანზეა დამოკიდებული. უმეტესობისთვის ვაჟის ყოლა აუცილებლობაა.
- ერთმა თქვენებურმა ქალმა მითხრა, თქვენი ვერ გამიგია, ქმრებთან ხალათით დადიხართ, გარეთ კი მორთულ-მოკაზმულებიო. ჩვენ, პირიქით, ქმრებისთვის ვიპრანჭებით, გარეთ კი შეუმჩნევლად დავდივართო. თქვენ რას მეტყვით?
- ჩემთვისაც უკითხავთ, არა გცხელათ ზაფხულში, ასე დახურული რომ დადიხართო? ჰიჯაბს რომ დაიხურავ, მერე და მერე ეჩვევი, მასში თავს უფრო კომფორტულად გრძნობ. ჩვენ არ გვცხელა, იმას უფრო სცხელა, ვინც შიშველ ტანს მიუშვერს მზეს.
- რაზე ოცნებობთ?
- საოცნებოც აღარაფერია, ძალიან კარგი მეუღლე მყავს, 3 შვილი, სამივე დაქორწინებული. საშუალოდ ვცხოვრობთ, მაგრამ ღმერთმა რაც მომცა, კმაყოფილი ვარ.