ვინაიდან მკითხველის დიდი ინტერესი გამოიწვია საკუთარი ფესვებისა და წარმომავლობის, ანუ გვარების შესახებ მომზადებულმა სტატიამ, ამიტომ თქვენივე მოთხოვნით, კიდევ რამდენიმე გვარის შესახებ მოგაწვდით ინფორმაციას.
აბაზაძე - ხაშურის რაიონსა და თბილისშია ფართოდ წარმოდგენილი. საფუძვლად უდევს საკუთარი სახელი აბაზა. გვარი მოხსენიებულია ვახუშტი ბაგრატიონის მიერ მთავართა გვარსახელებს შორის. ამ გვარის ადრინდელ საცხოვრებლად აბასთუმანს ვარაუდობენ (ადიგენის რაიონი). გიორგი ახვლედიანის მითითებით, აბასთუმანი აბაზაძეთა უბანს აღნიშნავდა.
ავალიშვილი ხარაგაულში, გარდაბანსა და თბილისშია გავრცელებული. ავალიშვილების ფეოდალური საგვარეულო საქართველოში XV- XVI საუკუნეებში დაწინაურდა, კერძოდ, ძველი თორის მხარეში (ახლანდელი ბორჯომის ხეობა), სადაც ავალიშვილების სათავადო (საავალიშვილო) ჩამოყალიბდა. საავალიშვილო (1535-1545 წლები.) იმერეთის სამეფოში, 1545 წლიდან კი სამცხე-საათაბაგოში შედიოდა. XVI ს-ის 70-80 წლებში ოსმალებმა დაიპყრეს. XVII ს-ში ავალიშვილების ერთი ნაწილი შიდა ქართლში, კახეთსა და იმერეთში გადასახლდა, საკუთარ მიწა-წყალზე დარჩენილნი გამაჰმადიანდნენ და ბეგების წოდება მიიღეს. ქართლ-კახეთის ავალიშვილები იყვნენ ეპისკოპოსები, ეკავათ მოურავთა და სხვა თანამდებობები. ციციშვილთა გვარსაც ენათესავებოდნენ. წინაპარს სახელად ავალა ერქვა.
დადიანი – ოდიშის მთავართა სამთავრო წოდება-გვარი ჩიქვანთა საგვარეულოდან, სამეგრელოს მთავართა ტიტულია. ძველად მარუშიანნი (მარუშისძენი) ყოფილან. ხშირად არიან მოხსენიებულნი წყაროებში: დადიანი ცოტნე, გიორგი, ლევან, ვარდან, მამია... შესაძლოა წარმომდგარი იყოს საკუთარი სახელისგან დადა, დადაი, დადი. ამავე ძირისაა: დადიანიძე, დადივაძე, დადვაძე. ვახუშტი ბაგრატიონის მიხედვით: "დადიანობა არ არის გვარი, გარნა წესი ჴელობისა".
სებისკვერიძე – ძირითადად გავრცელებულია უბისასა და ბორითში. მომდინარეობს სიტყვისგან – სეფისკვერი (წმიდა კვერი ეკლესიაში საზიარებლად). გადმოცემით, ამ გვარის წინაპრები უბისის ტაძრისთვის სეფისკვერს აცხობდნენ. ამავე ძირისაა სეფისკვერიძე.
მაისურაძე - ერთ-ერთი დიდი გვარია საქართველოში. ამჟამად მაისურაძეები თბილისში, რუსთავში, ონის რაიონში, გორში, კახეთში, მესხეთში ყაზბეგსა და ბორჯომში სახლობენ. მეცნიერთა ნაწილის ვარაუდით, მაისურაძეთა ფუძე იყო სამხრეთ საქართველო. სიტყვა "მაისური" არაბულად წყლის მძებნელ ადამიანს ჰქვია. უხსოვარი დროიდან არაბეთში წყლის მძებნელის პროფესია არსებობდა.
აბუსერიძე - გავრცელებულია გურიისა და აჭარის რაიონებში. წარჩინებული სამთავრო გვარია აჭარაში. ცნობილია XI საუკუნიდან. იგივე ძირისაა აბუსელიძეც.
აბშილავა – გვარი მომდინარეობს გამოთქმიდან აბშილა. ძველი ეთნონიმი - "აფშილი" ნიშნავს აფხაზს.
ანთაძე ვარძიაშია გავრცელებული. შეიცავს საკუთარ სახელს ანთა, ანთაი. ანთა ქართველთა წარმართული ღვთაების ბოლომოკვეცილი ფორმაა, რომელიც საკუთარ სახელად იქცა. "ანთებს" ძველად (VI-VII ს.) აღმოსავლეთ სლავიანებს ეძახდნენ, ასე რომ, "ანთაძის" დღევანდელი მიახლოებითი თარგმანი იქნებოდა რუსიძე ან რუსიშვილი, რუსაძე (აკ. შანიძე). ანთები იყვნენ ქართველთა მონათესავე ტომები, რომლებსაც შავი ზღვის აღმოსავლეთი სანაპირო ეკავათ და ახლო ურთიერთობა ჰქონდათ ქართველებთან. ამაზე მოწმობს დღემდე შემორჩენილი ქართული გვარები, როგორიცაა: ანთია, ანთიძე, ანთელავა... ამავე ძირისაა: ანთაიძე, ანთაური, ანთელავა.
ასპანიძე – ძველი ქართული ფეოდალური საგვარეულო სახელი. XII ს-ში ასპანიძენი ტაოს მფლობელნი იყვნენ და ფანასკერტელად იწოდებოდნენ. მათი ერთი შტო XV ს-ში გადმოსახლდა ქართლში და ფანასკერტელ-ციციშვილად იქცა.
ბარათაშვილი - ძველ საქართველოში, წარჩინებულ, ფეოდალურ საგვარეულოს განეკუთვნება, რომლებიც ქვემო ქართლის მფლობელნი იყვნენ. მომდინარეობს XVI საუკუნიდან საკუთარი სახელისგან ბარათა. ისტორიულ წყაროებში ცნობილია ბარათა ქაჩიბაძე, რომლის შვილიშვილმა - ქავთარმა სათავე დაუდო ბარათაშვილობას (1523 წ.). ბარათაშვილთა სამფლობელო ტერიტორიას საბარათიანო ეწოდებოდა. თვით გვარსახელი კი ზოგჯერ მოიხსენიებოდა, როგორც ბარათიანი.
ახალბედაშვილი – გავრცელებულია გორის რაიონში. მომდინარეობს საკუთარი სახელისაგან – ახალბედა; ამ გვარის წინაპარი, გადმოცემის თანახმად, მესხეთიდან გადმოსახლებულა. გვარად მაისურაძე, როგორც ახლად მოსულისათვის, მისთვის ახალბედაშვილი უწოდებიათ.
ბახტაძე – "ბაჰტ" სპარსული სიტყვაა და ნიშნავს ბედს. ბახტა (ბახთა) – მეტსახელი გვარში ბახტაძე. შედარებითი ფორმაა ბახტარ. ამავე ძირისაა: ბახტარიშვილი, ბახტრიშვილი, ბახტურიძე, ბახტუაშვილი. ბერუა ბახტაძე იხსენიება 1776 წლის 3 აგვისტოს, ხოლო ბახუტა ბახტაძე მიწის გაცვლილობის წიგნში 1816 წლის იანვარში. სოფელ ჩხიკვათში 1721 წელს...
კოვზაძე – ეს გვარი ხელობა-საქმიანობის მიხედვით შერქმეული სახელი "კოვზა"-დან მომდინარეობს. ამ გვარის წინაპრები კოვზების გამოთლით ყოფილან ცნობილნი. ეს ტრადიცია ახლაც გრძელდება. ამავე ძირისაა: კოვზანაძე, კოვზიაშვილი, კოვზიშვილი, კოვზირიძე.
კოპაძე – გავრცელებულია მესხეთში, იმერეთსა და ქართლში. წარჩინებული ფეოდალური საგვარეულო მესხეთში. შეიცავს საკუთარ სახელს კოპა, შედარებითი ფორმაა კოპალე. ისტორიულ დოკუმენტებში დაცულია "კოპაძეთა მოსახსენიებელნი". ამავე ძირისაა: კოპეიშვილი, კოპელაშვილი, კოპილაშვილი, კოპლატაძე.
ბარდაველიძე – გავრცელებულია თერჯოლის რაიონსა (სოფელ ბარდუბანი) და თბილისში. საფიქრებელია, წარმომდგარი იყოს სადაურობის აღმნიშვნელი სიტყვისაგან - ბარდაველი. ბარდავი ქალაქი იყო საქართველო-აზერბაიჯანის საზღვარზე... თვით სოფლის სახელს ბარდუბანს შესაძლებელია, კავშირი ჰქონდეს გვარსახელთან, იყოს შემოკლებული ფორმა "ბარდათ უბნისა".
ბედიანიძე – გავრცელებულია ძირითადად გარდაბნის რაიონში. გვხვდება სხვაგანაც. სავარაუდოდ, გვარი წარმოქმნილია საკუთარი სახელისგან – ბედიანა, რაც ბედის მქონეს ნიშნავს. ამავე ძირისაა გვარები: ბედიანიშვილი, ბედიანიძე, ბედინაძე, ბედანაშვილი, ბედინეიშვილი.
ამილახვარი – დიდი სათავადო საგვარეულოა ქართლში. გვარადქცეული თანამდებობის ძველი ტერმინი ("ამირ ახურ" – არაბული სიტყვა და საჯინიბოს უფროსს ნიშნავს). დიდმოხელეთაგანი ფეოდალურ საქართველოში, სამეფო საჯინიბოებისა და აბჯარ-საჭურვლის გამგე, სათანადო მოხელეების უფროსი.
ბეჟანიშვილი – გავრცელებულია გარდაბნის რიონში (მარტყოფი), სიღნაღის რაიონში (პრასიანი), მცხეთაში და სხვაგან. შეიცავს საკუთარ სახელს ბეჟან, რაც სპარსულად "მამაცს" ნიშნავს, მომდინარეობს ძველი ირანულიდან (ვეჟან-"ვეჯილი" ანუ "ირანელი"). თავკიდური ბგერა სპარსულშივე არის შეცვლილი: ვეჟან-ბეჟან. ბეჟანი ფირდოუსის პოემის "შაჰ-ნამეს" ერთ-ერთი გმირია. ქართულში ამ სახელის კნინობითი ფორმებია: ბეჟია, ბეჟუა, ბეჟიკო, ბეჟიტა, საიდანაც მიღებულია გვარები: ბეჟანიშვილი, ბეჟუაშვილი, ბეჟუკაშვილი, ბეჟიტაშვილი. ბეჟან სახელი, ამ ფორმით ქართულიდან არის შესული სომხურში. ისტორიულად ბეჟანიშვილები თავად ამილახვართა შთამომავლებიც არიან.
გამრეკელი – უძველესი ფეოდალური საგვარეულო მესხეთში. გამრეკელ-თორელები XII ს-ში ფლობდნენ თმოგვის ციხეს, მონღოლთა ბატონობის დროს გამრეკელ-თორელი ჯავახეთის მმართველი იყო. საკუთარ სახელადაც გვევლინება: გამრეკელი კახასძე, გამრეკელი ჯავახიშვილი. სამხედრო თანამდებობის ტერმინიდან უნდა იყოს წარმომდგარი. ამავე ძირისაა: გამრეკელაშვილი, გამრეკელიძე, გამრეკლიძე.
დავითიშვილი – დავით (ძვ. ებრ) "სიყვარულია", სხვადასხვაგვარი გააზრებით "წინამძღოლი", "შეყვარებული" და გარდა ამისა, მართლმადიდებლური ეკლესიის წმინდანთა სახელია, რომელსაც ეკლესია 5 მარტს, 12 აპრილს, 2 მაისს, 25-26 ივლისს 5, 6, 19 ივლისს აღნიშნავდა. ეს გვარი განსაკუთრებით გავრცელებულია ქართლში.
ბერუაშვილი – ფართოდ არის წარმოდგენილი გორში, ქარელში, თბილისში. საკუთარი სახელი ბერუა – ერთ-ერთი ყველაზე მასობრივი სახელია XVIII ს-ში, ქვემო ქართლში. ვახუშტი ბატონიშვილის მიხედვით, წალასყურსა და თელეთში მამასახლისია ბერუა. კოდელმა დავით ბერუაშვილმა 1826 წელს, ამავე სოფლის ალექსანდრე ნეველის წმინდა გიორგის ეკლესიაში მონათლა შვილი პეტრე. ივანე ბესარიონის ძე ბერუაშვილი მოიხსენიება 1882 წელს სოფელ ფარცხისში.
ელიოზაშვილი – ქართლში ფართოდ არის წარმოდგენილი. მომდინარეობს საკუთარი სახელიდან "ელიოზი". ვახუშტი ბაგრატიონს მოხსენიებული აქვს ეს გვარი წარჩინებულ მთავართა შორის.
ელიზბარაშვილი მომდინარეობს საკუთარი სახელიდან "ელიზბარ". ელიზბარის ეტიმოლოგია არ არის დადგენილი. ცნობილია, 1659 წელს ქართველთა აჯანყების ერთ-ერთი მეთაური ელიზბარ ერისთავი, რომელიც მამასთან და ბიძინა ჩოლოყაშვილთან ერთად სპარსელებმა სიკვდილით დასაჯეს და შემდგომ წმინდანად შეირაცხა. ელიზბარაშვილები არიან რამდენიმე დიდებული საგვარეულოს შტო-გვარებიც, მათ შორის - ბაგრატიონ-დავითაშვილებისა.
ზედგინიძე – გავრცელებულია ასპინძის რაიონში. ვახუშტი ბაგრატიონი მოიხსენიებს წარჩინებულთა შორის. ამ გვარეულობამ მიიღო ამილახვრობა. შედგება საკუთარი სახელისგან ზედგინი, ზევდგინ. მესხეთიდან იმერეთშიც არიან გადმოსახლებულნი.
ზუბიაშვილი – გავრცელებულია გორში, კასპსა და თბილისში. შედგება საკუთარი სახელისგან ზუბია. შედარებითი გვარებია: ზუბაშვილი, ზუბულაშვილი, ზუბალაშვილი. ლეჩხუმში არის ზუბის ციხე. იქვეა სოფელი ზუბი. ზუბიაშვილი არის აგრეთვე თუმანიშვილების შტო-გვარი.
დარბაისელი – გავრცელებულია გორისა და საგარეჯოს რაიონში. გვარადქცეული ზოგადი მნიშვნელობის სიტყვა. ძველად დარბაზის წევრის აღმნიშვნელი ტერმინი იყო, ხოლო შემდეგ დინჯი ადამიანის მნიშვნელობაც მიენიჭა.
იაშვილი – ამბროლაურის, საჩხერის რაიონებშია მასობრივად წარმოდგენილი. წარჩინებული ფეოდალური საგვარეულოა რაჭასა და იმერეთში. იაშვილთა სათავადოს ჩამოყალიბება სავარაუდებელია XV ს. მიწურულს. პირველად მოიცავდა სოფლებს: სადმელს, ძირაგეულს, კლდისუბანსა და ბეთლევს (ამბროლაურის რაიონი). ადრინდელი ცნობა ამ საგვარეულოს შესახებ დაცულია 1432 წლის სიგელში. შემდგარია საკუთარი სახელისგან "ია". ასურეთში იაშვილები გადმოვიდნენ ამბროლაურის რაიონის სოფელ სხვავადან 1951 წელს. ამავე ძირისაა იაძე.
კერესელიძე – გავრცელებულია ონის, თერჯოლისა და ლანჩხუთის რაიონში. უნდა მომდინარეობდეს სახელიდან კერა, კერე. სოფელ ბოგვში ალგეთისპირა ერთ-ერთ ბაღს ახლაც უწოდებენ "კერესელიძეების ბაღს". იტყვიან "კერესელიძეების წისქვილსაც", რომელიც აღარ ფუნქციონირებს, რადგან შეცვალა სოფელ ჯორჯიაშვილში აგებულმა ელექტროწისქვილმა. ეს წისქვილი საუკუნეზე მეტხანს ემსახურებოდა ბოგვსა და მის ახლომახლო სოფლებს. არის კერესელიძეების სახლიც, მაგრამ ამ სახლს თავისი პირვანდელი მფლობელის სახელი ვერ შერჩა.
ერისთავი – გავრცელებულია ახმეტის რაიონში (ქისტაური). გვარადქცეული თანამდებობის ძველი ტერმინი. მეფის მიერ დანიშნული გარკვეული კუთხის გამგებელი ფეოდალურ საქართველოში (ქსნის ერისთავი, არაგვის ერისთავი, რაჭის ერისთავი და სხვა).
ზარანდია – ზუგდიდის რაიონშია ფართოდ წარმოდგენილი. ზარანდ - ირანული საკუთარი სახელი. ეს მეგრული გვარი ნაწარმოები სკვითური ზარანდ სახელისაგან, რომელიც "მოხუცს" ნიშნავს.
კლდიაშვილი – გავრცელებულია თერჯოლის რაიონში (სოფ. სიმონეთი). შედარებითი საკუთარი სახელი - კლდია. არსებობს დოკუმენტი, იმერეთის მეფე გიორგი II -ის მიერ კლდიაშვილებისადმი ბოძებული წყალობის წიგნი, საიდანაც ირკვევა, რომ კლდიაშვილთა ძველი გვარი შალვაშვილია. მესხეთის მკვიდრნი ყოფილან, მაგრამ მეფე ბაგრატ III-ის დროს XVI საუკუნეში იმერეთში გადმოსახლებულან. კლდიაშვილი-გავრცელებულია თერჯოლის რაიონში (სოფელ სიმონეთი). შედარებითი საკუთარი სახელი - კლდია. იმერეთის მეფე გიორგი II -ის მიერ კლდიაშვილებისადმი ბოძებული წყალობის წიგნი არსებობს, საიდანაც ირკვევა, რომ კლდიაშვილთა ძველი გვარი შალვაშვილია. მესხეთის მკვიდრნი ყოფილან, მაგრამ მეფე ბაგრატ III-ის დროს XVI საუკუნეში იმერეთში გადმოსახლებულან.
იხილეთ კიდევ 46 გვარის ისტორია
მოამზადა ლალი ფაციამ