ევროკავშირი თურქეთს 3 მილიარდ ევროს გადასცემს იმისთვის, რომ ქვეყანამ საზღვრების კონტროლი გააძლიეროს და ის მიგრანტები მიიღოს, რომლებმაც ევროპაში ლტოლვილის სტატუსი ვერ მიიღეს.
გერმანიის კანცლერის ანგელა მერკელის განცხადებით, გერმანია მზად არის, წელს თურქეთის ევროკავშირში გაწევრიანების საკითხის განხილვა დაიწყოს და თურქეთთან უვიზო რეჟიმის შემოღების პროცესი დააჩქაროს.
თავის მხრივ, თურქეთის პრემიერ-მინისტრმა აჰმეთ დავუთოღლუმ 29 ნოემბერს "ისტორიული დღე უწოდა".
გუშინ, ბრიუსელში გამართულ ევროკავშირი-თურქეთის სამიტზე მხარეები მნიშვნელოვან საკითხებზე, მათ შორის თურქეთისთვის ფინანსური დახმარების გაწევასა და თურქეთის მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმის დაწესების საკითხზე მუშაობის დაწყებაზე შეთანხმდნენ.
"ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ ყოველწლიურად ორ სამიტს ჩავატარებთ და გაწევრიანების პროცესს დავაჩქარებთ, ასევე, უვიზო რეჟიმის საკითხზე კალენდარს შევადგენთ. ეს არის ისტორიული დღე და ისტორიული სხდომა", - განაცხადა თურქეთის პრემიერმა სამიტის დასრულების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე.
თავის მხრივ, ევროკომისიის თავმჯდომარემ ჟან-კლოდ იუნკერმა განაცხადა, რომ თურქეთთან უვიზო რეჟიმი შესაძლოა 2016 წლის შემოდგომაზე დაწესდეს.
"გარიგება არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ დავივიწყოთ მთავარი მოთხოვნები, რაც თურქეთთან გაგვაჩნია - ადამიანის უფლებები და პრესის თავისუფლება" - განცახდა იუნკერმა.
შეგახსენებთ, რომ წელს ევროპაში 720 000 მიგრანტი ჩავიდა, უმეტესობა - თურქეთიდან.
მომზადებულია bbc.com-ს მიხედვით.