რეჟისორი დათა თავაძე "ფეისბუქის" პირად გვერდზე თბილისის აეროპორტში მომხადრი ტრაგიკული ფაქტის შესახებ წერს, რომლის მომსწრეც თავად გახდა.
"ერთი კვირაა ვფიქრობ, უნდა მოვყვე თუ არა ეს შემზარავი და ამავდროულად უკიდურესად დელიკატური ამბავი - ვეცდები მაქსიმალურად ცივად მოვყვე რაც მოხდა, რომ არავის გრძნობები არ შევურაცხყო და არც არავის არ შევუქმნა, ჩემი არაკომპეტენტურობით, რაიმე ტიპის პრობლემები, უბრალოდ უპასუხო კითხვები არ მასვენებს და ვისურვებდი ამ კითხვებზე ვინმეს თუ არ ეპასუხა, ეფიქრა მაინც:
24 ნოემბერს მინსკში მივფრინავდით. ჩვენი ჯგუფის ერთი ნაწილი უკვე თვითმფრინავში შევიდა და ადგილებს ეძებდა, როცა ჩვენს წინ მიმავალი კაცი ცუდად გახდა და წაიქცა. არც გამცილებლები აღმოჩნდნენ მზად ასეთი შემთხვევისთვის და, მითუმეტეს, არც არავინ მგზავრებიდან.
გამცილებელი გოგონა იქვე კედელთან კანკალებდა შეშინებული და აფთიაქში ისეთი რაღაცეები ეწყო, რაც არაფერში გამოგვადგებოდა ასეთ შემთხვევაში. როცა ექიმს დაუძახეს, მახსოვს ინსტინქტურად საათს დავხედე... არ ვიცი ეს რატომ გავაკეთე, მაგრამ ფაქტია, რომ ექიმს (თბილისის აეროპორტის ზომების გათვალისწინებით) 20 წუთი ველოდით და როცა მოვიდა, ის კაცი უკვე გარდაცვლილი დახვდა.
ექიმი მოვიდა მარტო. გულის მასაჟის კეთება დაიწყო, თან მიყვიროდა ადრენალინი მომეციო... მე კი არ ვიცი სად უდევს ეს ადრენალინი, როგორ გამოიყურება, ან საიდან უნდა ვიცოდე?... მალევე მიატოვა - აშკარა იყო, არავითარი აზრი აღარ ჰქონდა დახმარებას. შემდეგ ერთი საათი თვითმფრინავიდან არ გვიშვებდნენ, კრიმინალისტებს ველოდებოდით. მოვიდნენ და ფოტოები გადაიღეს.
მერე გამოვფრინდით.
მაინტერესებს, რატომ დასჭირდა ექიმს ამდენი დრო, რადგან ჩვენი აეროპორტი, მოგეხსენებათ, ძალიან პატარაა? საიდან მოდიოდა ამდენი ხანი? არის თუ არა აეროპორტის შენობაში სამედიცინო პუნქტი, ან რაიმე მსგავსი? მაინტერესებს, რატომ მოვიდა ექიმი მარტო, რატომ არ ჰყავდა ასისტენტი და რატომ მომიწია მე ადრენალინის ძებნა წამლებით გამოტენილ კეისში რამაც, შესაძლოა, საციცოცლოდ მნიშვნელოვანი წუთები წაგვართვა? მაინტერესებს, რატომ ვერ შეძლო გამცილებელმა ელემენტარული დახმარების გაწევაც კი და რატომ არ იყო თვითმფრინავში პირველადი დახმარებისათვის აუცილებელი მედიკამენტები? რატომ ველოდით, ამ ყველაფრის შემდეგ, თითქმის ნახევარი საათი საკაცეს და რატომ ვისხედით ერთი საათი გამოკეტილები, მსუბუქად რომ ვთქვათ, ძალიან არასასიამოვნო სიტუაციაში, სადაც მგზავრებს პანიკური შეტევები ჰქონდა და აქა-იქ ისმოდა რეპლიკები, ხომ არ დავრჩეთო? და ბოლოს, ვინ მისცა ამ ხალხს უფლება, ამხელა გულგრილობა გამოიჩინათ მთელი ამ ამბის მიმართ - გამოიყენათ ის ენა, რომელსაც იქ იყენებდნენ და არ გაეთვალისწინათ ის ფაქტი, რომ - მადლობა ღმერთს ასე არ იყო! - იმავე თვითმფრინავში სავსებით შესაძლოა ამ კაცის უახლოესი ადამიანები ყოფილიყვნენ...".