სამთავროს დედათა მონასტრის ფერიცვალების სახელობის ტაძარში დღეს წმინდა გაბრიელ აღმსარებლისა და სალოსის წმინდა ნაწილების ახალ ლუსკუმაში გადაბრძანება მოხდება. სამთავროს ფერიცვალების სახელობის ტაძარში ამ წუთებში საღმრთო ლიტურგია მიმდინარეობს. წირვას სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე აღავლენს.
პატრიარქი ტაძარში უკვე მობრძანდა. ეკლესია მომლოცველებით სავსეა. წირვის დასრულების შემდეგ წმინდა გაბრიელ აღმსარებლისა და სალოსის წმინდა ნაწილების ძველი ლუსკუმიდან ახალ, მისთვის საგანგებოდ მომზადებულ სარკოფაგში გადაბრძანება მოხდება.
სარკოფაგი ირანიდან ჩამოტანილი ონიქსის ქვისგან არის დამზადებული და მასზე მოქანდაკე ჯონდო აფრიდონიძის ჯგუფი მუშაობდა, ხოლო ქვის კამარაზე - მოქანდაკე პაატა გიგაურის ჯგუფი. ტაძარში შეკრებილთ საშუალება ექნებათ წმინდა ნაწილებს თაყვანი სცენ და მოილოცონ.
"სარკოფაგის გარდა გაკეთდა მოჩუქურთმებული კამარა, ქვაზე კვეთის ქართული ტრადიციის მიხედვით. ამ დიდი წმინდანის ადგილსამყოფელი მოეწყობა ისე, როგორც წმინდანს შეეფერება. დღეს არის დიდი დღე. ყველას ვულოცავ ამ დღეს", - განაცხადა "ინტერპრესნიუსთან" საუბრისას დეკანოზმა ზურაბ ცხოვრებაძემ.
2012 წლის 20 დეკემბერს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდმა მამა გაბრიელი წმინდანად შერაცხა და მას წმინდა გაბრიელ აღმსარებელი და სალოსი უწოდა. 2013 წლის 20 თებერვალს მამა გაბრიელის წმინდა ნაწილების აღმოყვანება მოხდა სამთავროს დედათა მონასტრის ეზოში არსებული მისი საფლავიდან. წმინდა ნეშტი დროებით ლუსკუმაში მოათავსეს. ერთი დღე წმინდა ნაწილები დაბრძანებული იყო სვეტიცხოველში, შემდეგ კი სამების საკათედრო ტაძარში, სადაც წმინდა მამა გაბრიელის წმინდა ნაწილები უამრავმა ადამიანმა მოილოცა, მათ შორის უცხოეთიდან ჩამოსულებმაც.
მამა გაბრიელის ხსენება წელიწადში ორჯერ ხდება. 2 ნოემბერს მისი აღსრულების დღეა და 20 თებერვალს წმინდა მამა გაბრიელის ნაწილების საფლავიდან ამოყვანების დღეს.