გურამი, საბა, თორნიკე: გაიცანით ქართველი სტუდენტები, რომლებმაც ფიზიკის ტესტში მსოფლიო მასშტაბით უმაღლესი ქულები აიღეს

გურამი, საბა, თორნიკე: გაიცანით ქართველი სტუდენტები, რომლებმაც ფიზიკის ტესტში მსოფლიო მასშტაბით უმაღლესი ქულები აიღეს

"თავისუფალი უნივერსიტეტის" ქართველმა კურსდამთავრებულებმა უმაღლესი ქულები აიღეს ფიზიკაში და იმ სტუდენტთა 5%-ში მოხვდნენ, ვინც 900 და მეტი ქულა აიღო კონკრეტულ ტესტში. მაქსიმალური ქულა ფიზიკის ტესტში 990 ქულაა, თუმცა 900-ზე მაღალი ქულის აღება ძალიან რთული ამოცანაა. გურამ ქართველიშვილმა, საბა შარიქაძემ და თორნიკე ღუტიშვილმა, რომლებმაც 920, 970 და 990 ქულა აიღეს, წელს საქართველოს რეკორდი მოხსნეს.

თორნიკე ღუტიშვილი მსოფლიოს ყველაზე მაღალქულიანი სტუდენტების იმ ხუთ პროცენტში შევიდა, რომლებმაც ფიზიკის ტესტი დაწერეს.

ქართველი ფიზიკოსების წარმატებით AMBEBI.GE დაინტერესდა. სტატიაში მათგან შეიტყობთ, თუ რა შანსები აქვთ სტუდენტებს, რათა სწავლა მსოფლიოს ყველაზე წარმატებულ და პრესტიჟულ უნივერსიტეტებში გააგრძელონ. ასევე გაიგებთ მათი აზრით, საქართველოში რამდენად განვითარებულია ფიზიკა, როგორც მეცნიერება და რამდენადაა შესაძლებელი ამ სფეროში დასაქმება.

თორნიკე ღუტიშვილი მომავალი კარიერული წინსვლისთვის, ამერიკის სამაგისტრო გამოცდებში მიღებული უმაღლესი შეფასებით იბრძოლებს. თუმცა მიაჩნია, რომ მხოლოდ მაღალი შეფასება საკმარისი არ არის საუკეთესო უნივერსიტეტში მოსახვედრად.

- მართალია, ქულა ერთ-ერთი ყველაზე მთავარი ნაწილია, მაგრამ სხვა კრიტერიუმებიც არის დასაკმაყოფილებელი. მომზადებული უნდა გქონდეს სტატიები, ასევე მნიშვნელოვანია ბაკალავრიატის დონე რამდენად წარმატებით გაქვს გავლილი, აუცილებელია რეკომენდაციები. ამ ყველა კომპონენტის ერთობლიობა წყვეტს სტუდენტის მიღებას.

მიაჩნია, რომ შანსი საკმაოდ მაღალი აქვს, თუმცა არა 100%-იანი. სხვა სტუდენტებთან ერთად, გამოცდები თბილისში, ამერიკის საკონსულოში ჩააბარა. მისი თქმით, აღნიშნული ტესტირება წელიწადში სამჯერ ტარდება. მარტში ან აპრილში საბოლოო შედეგს გაიგებს, უნივერსიტეტებიდან მოსული პასუხების მიხედვით გადაწყვეტს, თუ სად გააგრძელებს სწავლას.

- ბევრი ქართველი სტუდენტია წასული, როგორც ლექტორები მეუბნებიან, მათ შორის 990 ქულა პირველად ჩემს შემთხვევაში დაფიქსირდა. ეს დადებითი ფაქტორია. სწავლა დაახლოებით 6 წელი მომიწევს მაგისტრატურასა და დოქტურანტურაზე. ფიზიკის დარგი საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე ნაკლებად განვითარებულია, რადგან სფეროში განვითარების მიღწევას დიდი ფინანსური სახსრები სჭირდება. სპონსორები კი არ არიან. მაგისტრატურა ჩვენთანაც არის, მაგრამ, რა თქმა უნდა, დონე ბევრად დაბალია. თუ გინდა, რომ კარგი მეცნიერი გახდე, აქ დარჩენას თითქმის აზრი არ აქვს", - ამბობს თორნიკე ღუტიშვილი.

საბა შარიქაძემ სამაგისტრო გამოცდაში 970 ქულა დაიმსახურა, თუმცა თორნიკეს მსგავსად, ისიც მიიჩნევს, რომ შედეგი საკმარისი არ არის და კიდევ ბევრი მუშაობაა საჭირო დადებითი შეფასებისათვის.

- როცა გინდა, რომ მეცნიერების დოქტორი გახდე, მხოლოდ ცოდნა არ არის საკმარისი. გარდა იმ "სქილებისა", რაც ცოდნას და გამოცდილებას უკავშირდება, საჭიროა სხვა უნარ-ჩვევებიც. ასევე აუცილებელია, შენი გულისთვის ვინმემ ისეთმა ილაპარაკოს, ვისაც ამ საკითხში სიტყვა ეთქმის. ასეთები არიან მოქმედი მეცნიერები, რომლებიც რეკომენდაციას გვიწევენ, რომელთაც აქვთ საკმარისი ციტირების ინდექსი.

მიმართულება, რომელსაც მე ვირჩევ, ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანია თანამედროვე ასპექტში, მას ქვია კონდენსირებული გარემო. მთელი ეს მოწყობილობები, რაც იქმნება, ტელეფონები, კომპიუტერები ამ თეორიაზე არის თაფუძნებული. ეს არის დარგი, რომელიც ამას სწავლობს, გეუბნება როგორ ააწყო ისე, რომ მაქსიმალური შედეგი მიიღო. ექსპერიმენტულ მიმართულებას ვირჩევ, იმიტომ რომ საქართველოში კიდევ არის ამ კუთხით განვითარების შესაძლებლობა.

საბა შარიქაძის თქმით, ფიზიკის მიმართულება ჯერჯერობით მთლიანად ჩამკვდარი არ არის, მაგრამ მის განვითარებას ხელს ბევრი ფაქტორი უშლის. მაგალითად კი ასახელებს იმ ფაქტს, რომ საქართველოში არსებული სამეცნიერო ფონდები გრანტებს მთლად სწორად არ არიგებენ. მისი თქმით, არსებობს რამდენიმე ფონდი, რომელთაც მხოლოდ ერთი მიმართულება აქვთ ამოჩემებული, დანარჩენს კი ნაკლებ ყურადღებას უთმობენ. თუმცა ძირითად მიზეზად მაინც დაფინანსების პრობლემას ასახელებს.

"რა მონაცემებიც არსებობს, რა შემოსავლებიც არის აკადემიურ გრანტებზე, სწორად რომ გადანაწილებულიყო, უფრო კარგ შედეგს მოგვცემდა. ვერ გეტყვით ზუსტ მიზეზს, მაგრამ ცხადია, რომ ზოგიერთი დარგი უფრო მიჩუმათებულია", - აღნიშნავს საბა შარიქაძე.

ცნობილ უნივერსიტეტებში სწავლის გაგრძელების რეალურ შანსებზე საუბარი უჭირს გურამ ქართველიშვილსაც.

- რეალურად რომ გითხრათ, სტუდენტს გააჩნია. განსაკუთრებულ სირთულეს არ წარმოადგენს ამ გამოცდების ჩაბარება. პრესტიჟულ უნივერსიტეტებს სურთ, მეცნიერები მიიღონ და ბევრ ფაქტორს აქცევენ ყურადღებას, სამეცნიერო ნაშრომებს, იდეებს. ამერიკის უნივერსიტეტი სწავლასაც გიფინანსებს და განვითარებაშიც გეხმარება, ამიტომ საზღვარგარეთ სწავლის გაგრძელება ჩემი მომავლისთვის, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია. ვაპირებ მაღალი ენერგიების ფიზიკაზე სწავლის გაგრძელებას. პრესტიჟულ უნივერსიტეტებში კონკურსი ცხადია, დიდია, ველოდებით პასუხებს და წარმატების იმედი გვაქვს", - აღნიშნა გურამ ქართველიშვილმა.

"თავისუფალ უნივერსიტეტში" მიაჩნიათ, რომ ეს წარმატება ქართველი სტუდენტების სამეცნიერო კარიერის დაწყების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ნაბიჯია.

ქრისტინე გამთენაძე

AMBEBI.GE

გამოგვყევით, თუ დაინტრესებული ხართ მხოლოდ საზოგადოებრივი თემებით და არ გსურთ, მიიღოთ სხვა, თქვენთვის უინტერესო ინფორმაცია.

გამოიწერეთ საზოგადოების სიახლეები და იხილეთ ის თქვენს Newsfeed-ში!

AMBEBI.GE/საზოგადოება

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია