ოპრა უინფრი დღესდღეობით ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი და მდიდარი ქალბატონია, პირველი შავკანიანი ქალი მილიარდერი კაცობრიობის ისტორიაში და ნათელი მაგალითი ადამიანისა, რომელმაც იმპერია ნულიდან შექმნა. ოპრა უინფრის შოუ მრავალი წლის განმავლობაში იყო ყველაზე პოპულარული ტელეპროგრამა ამერიკულ ტელევიზიაში. დღესდღეობით მისი ქონება 2,8 მლრდ დოლარად არის შეფასებული, რითაც ყველაზე მდიდარი ქალია მსოფლიო შოუბიზნესში.
ოპრა უინფრი 1954 წელს დაიბადა მისისიპის ქალაქ კოსტიუშკოში, ბაპტისტურ ოჯახში. მისი მშობლები ქორწინების გარეშე ცხოვრობდნენ. დედამისი მოახლე იყო, მამა - მაღაროელი. ბავშვობის წლები ოპრამ ბებიასთან გაატარა, სოფელში, სადაც დაიწყო წერა-კითხვა. იქვე გაითქვა პირველად სახელი, როგორც კარგმა ორატორმა. ბიბლიის თავების კარგი მოყოლის გამო "მქადაგებელსაც" კი უწოდებდნენ.
როგორც მოგვიანებით ჰყვებოდა, ბავშვობაში ძმების, ბიძისა და მათი მეგობრების მხრიდან არაერთხელ ყოფილა მის მიმართ ძალადობის მცდელობა. 13 წლისამ მოახერხა და სახლიდან გაიქცა. 14 წლისა დაორსულდა - თუმცა ბავშვი დაბადებისთანავე გარდაიცვალა.
განაწყენებულმა დედამ ოპრა ნეშვილში გაგზავნა, მამასთან. სწორედ მამამ მოკიდა მკაცრი ხელი ოპრას, იზრუნა მის შემდგომ განათლებაზე და ტენესის შტატის უნივერსიტეტში ჩარიცხვაშიც დაეხმარა. 18 წლის ოპრამ უნივერსიტეტშივე გაიმარჯვა თეატრალიზებულ სილამაზის კონკურსში, რომელშიც მხოლოდ შავკანიანი გოგონები მონაწილეობდნენ.
სწავლის პარალელურად მუშაობდა. ადგილობრივ ტელეარხზე რეპორტიორობდა და ნეშვილის ტელევიზიაში პირველი შავკანიანი რეპორტიორი იყო. მოგვიანებით სხვა ტელევიზიებში გადაინაცვლა. 1986 წელს კი შექმნა საკუთარი პროგრამა "ოპრა უინფრის შოუ", რომელმაც არა მხოლოდ სახელი გაუთქვა, არამედ ძალიან მდიდარ და გავლენიან ქალადაც აქცია. 2011 წელს ოპრამ თავისი საკუთარი არხიც გახსნა.