ომეხ აფრასიძე - ადამიანი, რომლის სახელიც წლების განმავლობაში ბევრ ადამიანს შიშის ზარს სცემდა. დიახ, ეს კაცი ნამდვილად იყო საშიში და არ ვაპირებ ის დანაშაულები ჩამოვწერო, რაც მან ხანმოკლე ცხოვრების განმავლობაში ჩაიდინა, მაგრამ...
მესტიაში დავიბადე და გავიზარდე. ალბათ ძალიან პატარა ვიყავი, როდესაც ომეხის სახელი პირველად გავიგე. ამ სახელს მორიდებით ახსენებდა ყველა, დიდიც და პატარაც, მისი ყველას ეშინოდა, ჩემი ინტერესი კი ამ პიროვნების მიმართ სულ უფრო იზრდებოდა. ძალიან მინდოდა საკუთარი თვალით მენახა ადამიანი, რომელზეც ამდენ ცუდს და ხშირად კარგ ამბავსაც ყვებოდნენ.
10 წლის ვიყავი, ჩემ სახლთან ახლოს მესტიაში სუპერ-მარკეტის მსგავსი მაღაზია გაიხსნა. "ედელვაისი" დაარქვეს, ეს მესტიაში ყველაზე დიდი მაღაზია იყო და ბავშვებს ბავშვურად გვიხაროდა, რომ ეს მაღაზია სწორედ ჩვენს უბანში იყო. გაკვეთილების სწავლის შემდეგ მთელ დროს "ედელვაისთან" ვატარებდით; ალბათ იმიტომ, რომ აქ ყოველთვის ბევრი ხალხი ტრიალებდა.
ერთ დღეს მაღაზიასთან "ნივა" გაჩერდა, ამ დროს სკოლიდან ვბრუნდებოდი, ავტომობილიდან გამხდარი შავგრემანი კაცი გადმოვიდა, ფული მომაწოდა და მაღაზიაში რაღაცის საყიდლად შესვლა მთხოვა. უარი ვუთხარი... კაცმა თხოვნა უფრო მკაცრად გამიმეორა, ამ დროს მის ქამარში იარაღიც შევნიშნე, ძალიან შემეშინდა, მაგრამ დარწმუნებული ვიყავი, რომ მესტიაში უცხო ვერაფერს დამიშავებდა და "ვიღაცისთვის" მომსახურების გაწევაზე ისევ უარი ვთქვი, ძალიან მეშინოდა. შავგრემანმა კაცმა ჩაიცინა და მაღაზიაში შევიდა, მე ქუჩაში დავრჩი, ჩემზე უფროსი ბავშვები გარს შემომეხვივნენ და მთხოვეს, გავქცეულიყავი, რადგან ომეხ აფრასიძეს უარს ვერავინ ეუბნებოდა და მაღაზიიდან გამოსული აუცილებლად მომკლავდა. შიშისგან ფეხი ვერ მოვიცვალე, გამახსენდა ყველაფერი, რაც ამ კაცზე მსმენოდა, ფეხები მიკანკალებდა და არ ვიცოდი რა გამეკეთებინა, ადგილიდანაც კი ვერ ვიძვროდი. ომეხი მაღაზიიდან მალევე გამოვიდა, მისი ყველა ნაბიჯი დღემდე თვალწინ მიდგას, რამდენიმე წამი საუკუნესავით გაიწელა, სახეზე ცივი ოფლი მასხამდა, ის კი ჩემსკენ მოდიოდა. მაშინ, როდესაც სიკვდილს ველოდი, შავმა კაცმა თავზე ხელი გადამისვა, რამდენიმე "სნიკერსი" მომცა და მითხრა, ძმაკაცებთან ერთად გამეყო. როდესაც პირველად ამოვისუნთქე, ომეხი უკვე ძალიან შორს იყო.
ამის შემდეგ ამ კაცს თვალი რამდენჯერმე მოვკარი, ისევ მესმოდა მასზე ბევრი ცუდი და ხშირად კარგიც, მაგრამ დღე, როდესაც იგი ბოლოს ვნახე, საბედისწერო აღმოჩნდა...
2004 წლის 23 მარტს დედაჩემთან ერთად გვიან ღამე სახლში ვბრუნდებოდი, უკვე 14 წლის ვიყავი და ბევრ რამეს სხვაგავარად ვაანალიზებდი. "ედელვაისთან" ნივა იყო გაჩერებული, როგორც კი მივუახლოვდით, რამდენიმე მამაკაცი ავტომობილიდან გადმოვიდა და კამათი დაიწყო. მაშინვე ვიცანი ის შავი კაცი, რომლისაც ერთ დროს ძალიან მეშინოდა და რომლის ნახვაც ყოველთის ძალიან მინდოდა. სიტუაცია რამდენიმე წამში დაიძაბა, შავი კაცი ძალიან მთვრალი იყო, შეიძლება ითქვას, რომ დამოუკიდებლად რამდენიმე ნაბიჯის გადადგმაც არ შეეძლო. ძალიან მთვრალები იყვნენ მისი თანმხლები პირებიც. ახალგაზრდა ბიჭი, რომელსაც ომეხი ეჩხუბებოდა, გაიქცა. "შავ კაცს" სროლა უნდოდა, მაგრამ იმდენად მთვრალი იყო, რომ იარაღის ამოღებაც კი ვერ მოახერხა. ორმა თამხლებმა მანქანაში ჩასვა, "ნივა" ეცერისკენ დაიძრა. ეს ყველაფერი დაახლოებით ღამის ორ საათზე ხდებოდა. 13 წლის ბიჭიც კი მივხვდი, რომ ამ სამი ადამიანის დაკავებას იქვე ძალიან მარტივად შეძლებდა 3 პოლიციელი.
დილით საინფორმაციოს და მამაჩემის გინების ხმამ გამაღვიძა. გავიგე, რომ აფრასიძეებს 1200 კაცის და ვერტმფრენების გამოყენებით გაუსწორდნენ. გავიგე, რომ სპეცოპერაციის ბრძანება პირადად მაშინდელმა პრეზიდენტმა გასცა. შემდეგ ადგილობრივებისგან ხშირად მესმოდა, რომ ომეხის მამა, ევგენი აფრასიძე ჩასასბარებლად აივანზე გამოსული სნაიპერმა მოკლა, რომ ომეხი 3 დღეში პოლიციას საკუთარი ნებით უნდა ჩაბარებოდადა, ამაზე მოლაპარაკებები კი შინაგან საქმეთა სამინისტროსთან დასრულებული იყო, რომ ომეხი უკვე დაპატიმრებული და ბორკილდადებული სპეცრაზმელებმა დახვრიტეს. რომ მაშინდელმა შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი ბარამიძემ სისხლიანი სპეცოპერაციის შემდეგ კუბდარი მოითხოვა და რაც მთავარია, სპეცოპერაციამდე რამდენიმე საათით ადრე საკუთარი თვალით ვნახე უგონოდ მთვრალი ომეხ აფრასიძე, რომლის დაკავებასაც 3 კაცი თავისუფლად შეძლებდა და რომლის მოკვლასაც 1200 სპეცრაზმელი, 6 ვერტმფრენით დასჭირდა...
როდესაც ამ ამბავზე ვფიქრობ თავში მხოლოდ ერთი კითხვა მიტრიალებს, - რატომ? რატომ მოკლეს დაკავებული კაცი? რატომ მოჭრეს მკვდარ აფრასიძეს თითი? რატომ დაცხრილეს სახლი, სადაც 4 ბავშვი იმყოფებოდა და რაც მთავარია, რა სინდიდით მოითხოვა ბარამიძემ კუბდარი?..
ლაშა ჯაფარიძის ბლოგი "ამბებზე".