საქართველოს ზამთრის კურორტები ახალი სეზონისთვის ემზადებიან. სასტუმროს მენეჯერთა თქმით, წლევანდელი სეზონი გადატვირთული იქნება, იქიდან გამომდინარე, რომ სასტუმროს ნომრების დიდი ნაწილი უკვე დაჯავშნილია.
bpn.ge დაინტერესდა, თუ რა ღირს დასვენება საქართველოს ზამთრის კურორტებზე.
გუდაურში ერთ-ერთი ძვირად ღირებული სასტუმროა "მარკო პოლო", სადაც სტანდარტული ნომრის ფასი 180 დოლარს შეადგენს. სასტუმროს მომსახურებაში შედის ერთჯერადი კვება დილით, საუნა, საცურაო აუზი, ჯაკუზი, ინტერნეტი და ტრენაჟორები. სასტუმროში ამბობენ, რომ ახალი წლის დღეებში ადგილები შეზღუდული იქნება.
გუდაურის საოჯახო სასტუმროებში ერთადგილიანი ნომრის ღირებულება 30 დოლარიდან 130 დოლარამდე მერყეობს. ფასები დამოკიდებულია სერვისის ხარისხზე.
სასტუმრო "ვერე პალასი" ბაკურიანში ერთ-ერთი ძვირად ღირებული სასტუმროა. სასტუმროში ერთადგილიანი ნომრის ღირებულება 100 დოლარს შეადგენს. ორადგილიანი ნომრის შემთხვევაში კი 150 დოლარის გადახდა მოგიწევთ. სასტუმროს მომსახურებაში შედის სამჯერადი კვება.