15 ნოემბერს, გამთენიისას, თბილისში, კანდელაკისა და ტაშკენტის ქუჩების კვეთაზე მომხდარ დაპირისპირებას ხელვაჩაურის საფეხბურთო კლუბ "მაჭახელას" 20 წლის ფეხბურთელი თენგო ფერცელიძე შეეწირა. კამათი ახალგაზრდებს შორის მეგობარი გოგონას დაბადების დღეზე დაიწყო და მოგვიანებით ქუჩაში გაგრძელდა. შსს-ს ინფორმაციით, ნასვამმა 19 წლის თენგო კაციამ ფერცელიძეს დანით რამდენიმე ჭრილობა გულმკერდის არეში მიაყენა და გაიქცა. სამართალდამცველებმა ეჭვმიტანილი რამდენიმე საათში დააკავეს. დაჭრილი ახალგაზრდა საავადმყოფოში მიყვანისთანავე გარდაიცვალა.
გიორგი, თენგო კაციას ახლობელი: "ერთი ვერსიით, თენგოს კამათი ფერცელიძესთან სიგარეტის გამო მოუვიდა, მეორე ვერსიით კი უთანხმოება კაციასა და ფერცელიძის მეგობარს შორის დაიწყო, რომელიც, როგორც ამბობენ, გამომწვევად იქცეოდა. ფერცელიძე მათ კამათში მერე ჩართულა. ბიჭები ქუჩაში გასულან და იქ გაუგრძელებიათ ჩხუბი. ფერცელიძეს მაგრად უცემია თენგო, კაციას კი მისთვის დანა გულში რამდენჯერმე დაურტყამს. შემდეგ დანა დაუგდია და გაქცეულა. თურმე არ იცოდა, რომ ფერცელიძე გარდაიცვალა და როცა უთხრეს, არაადამიანური ხმით დაუწყია ღრიალი".
შოთა ლორთქიფანიძე, საფეხბურთო კლუბ "მაჭახელას" პრეზიდენტი: "თენგო პროფესიონალი ფეხბურთელი იყო, მთელი კარიერა წინ ჰქონდა. იგი თავდაპირველად კლუბ "გაგრაში" თამაშობდა, "მაჭახელაში" წელს გადმოვიდა. ძალიან მოწესრიგებული, უკონფლიქტო და მეგობრული ადამიანი იყო. ყველას ძალიან უყვარდა".