ცოტა ხნის წინ ინტერნეტით "მხიარული" ნაგვის ურნების სურათები გავრცელდა, რომელიც ზუგდიდშია გადაღებული. იდეის ავტორი 33 წლის ზუგდიდელი, სამართალმცოდნე როსტომ ზარანდიაა. რატომ გადაწყვიტა ამის გაკეთება, ვინ უდგას მხარში და რას საქმიანობს, ამის გასაგებად AMBEBI.GE როსტომს დაუკავშირდა:
- ვშრომობ იმისთვის, რომ ჩემს უბანში შევქმნა ამხანაგობა. ეს იქნება უპრეცედენტო მოვლენა, როცა ამხანაგობა აქვთ არა კორპუსის ბინათმესაკუთრეებს, არამედ ჩვეულებრივი ქუჩის მცხოვრებლებს. სწორედ ამ მიზნით ჩამოვაყალიბე საინიციატივო ჯგუფი "ამხანაგობა კომუნა". ვწერე ეს განცხადებები ტოლსტოის ქუჩის კეთილმოწყობის მოთხოვნით, კოლექტიურიც, ინდივიდუალურიც, პირობა არაერთი მივიღე, - წერილობითი, ზეპირი... წლების წინ უბნისთვის მოვითხოვე 8 ურნა და მივიღე ორი, თუმცა ეს ურნები მოსახლეობისთვის "ახალი ხილი" აღმოჩნდა. ქედმაღლობად არ ჩამეთვლება, თუ ვიტყვი, რომ უმრავლესობა ვერ იყენებდა სათანადოდ, ასე ვთქვათ "არაჰიგიენური მე" გამოავლინეს კოლექტიურად.
თავიდან ურნებზე სტიკერებს ვაწებებდი წარწერებით, მაგრამ უშედეგოდ. მერე გადავწყვიტე, მცირე მარკეტინგული ხერხი მეხმარა და თვითმმართველობის ყურადღების მისაპყრობად "პოზიტიური ხმაური" ამეტეხა. ამავე დროს, ვიფიქრე, ურნის რებრენდინგსაც მოსახლეობა ახლებურად მიიღებდა, მოუვლიდა, - გაამართლა ორივე ფრონტზე. გადავწყივიტე, რომ ერთ საღამოს შემეღება ურნები. სპანჯბობი იმიტომ დავახატე, რომ თვითონ ეს პერსონაჟი სისუფთავესთან ასოცირდება. არ ვიცი ამის გამო მოხდა თუ დაემთხვა, უბანში განათება გაკეთდა, ტენდერი ჩატარდა გზის შეკეთებაზე. მერე რადგან ჩემს უბანში ძალიან კარგად მიიღეს, სხვაგანაც გავაკეთე ანალოგიური. როდესაც ადამიანები ამ ურნის ნახვისას იღიმიან, მე თვითონ უკან მიბრუნდება გაცემული პოზიტივი, ამიტომ გაჩერებას არ ვაპირებ. საღებავებს თვითონ ვყიდულობ, აქტიური მოქალაქეებიც წამეშველნენ, მთხოვენ მათ უბნებშიც მოვხატო. საღებავების მათი მხრიდან შეძენის პირობით, სიამოვნებით ვთანხმდები. სხვათაშორის, ერთი ურნისთვის საღებავი ერთმა საჯარო მოხელემ შეიძინა. ასევე იყო ფაქტი, მუშაობის პროცესში უცნობ მოქალაქესაც გამოუგზავნია მცირე თანხა, როცა გაიგო საკუთარი ინიციატივით ვაკეთებდი. გულდასაწყვეტია ის ფაქტი, რომ მერიის შესაბამისი სამსახურიდან წამოსული ინიციატივა ჰგონიათ და ცალსახად ნეგატიურ მიდგომას აფიქსირებენ, მაგრამ როგორც კი იგებენ, უბრალო მოქალაქის გადაწყვეტილებაა ურნის გაფერადება, რადიკალურად პოზიტიურ შეფასებებს იძლევიან.
- ადგილობრივი ხელისუფლების მხრიდან ხომ არ ყოფილა რაიმე შემოთავაზება?
- თვითმმართველობიდანაც იყო ზარი და გამგეობიდანაც. ქალაქის ხელმძღვანელობა ძალიან კმაყოფილია ამით, თუმცა შემოთავაზება ან მსგავსგი არ ყოფილა. მე არ ვარ "მალიარი", რომ მუდამ ეს საქმე ვაკეთო, თანაც არ მინდა ეს საქმე რაიმე შემოსავლად იქცეს. ჩემი სურვილია, რომ მხოლოდ მონდომებით გავაკეთო, ვთვლი, რომ ეს ჩემი მოქალაქეობრივი ვალია. არ მინდა ფული გადამიხადონ და ურნები შევღებო, როდესაც მექნება სურვილი, ყოველგვარი ანაზღაურების გარეშე შევღებავ.
- ასეთ რეაქციას თუ ელოდით?
- სრულად მაქვს გააზრებული, რა არის წუთისოფელი, თუ პოზიტივს გასცემ უკანაც იგივეს მიიღებ. თუმცა ეს მოლოდინის გამო ნამდვილად არ გამიკეთებია. ისედაც რუხი ცხოვრებაა და ადამიანებს პატარა ნათელი წერტილები ჰყოფნით, რომ ადამიანური სახე გაიხსენონ. თუ ვინმეს ამაში მცირედით დავეხმარე, ძალიან მიხარია. იმ ფონზე, როცა ადამიანები მანქანებიდან ცერა თითის ჩვენებით მიფიქსირებენ მოწონებას, გამვლელები იღიმიან (წამით მაინც ივიწყებენ ყოველდღიური რუტინით გამოწვეულ ტკივილს) და ფოტოებს იღებენ ზუგდიდელ სპანჯბობებთან, ბავშვები ხალისით ეხვევიან ერთ დროს უსახურ ნაგვის ბუნკერს, რატომ უნდა გავჩერდე? ჩემი მიზანიც ხომ სწორედ ეგ იყო, - უარყოფითად დამუხტული გარემოს გაფერადება, გახალისება...
- რა პროფესიის ხართ და რას საქმიანობთ?
- დაფუძნებული მაქვს არასამთავრობო ორგანიზაცია "ნაბიჯი-ზუგდიდი" (არსებობს სხვა "ნაბიჯებიც", თუმცა ერთმანეთისგან დამოუკიდებლად ვსაქმიანობთ, მხოლოდ ინფორმაციებს ვცვლით ერთმანეთში), რომლის ინტერესის სფეროს შშმ ბავშვები არიან. ჩვენ ვაკეთებთ დღის ცენტრებს, რომლის მიზანიცაა შშმ ბავშვების რესოციალიზაცია და მათი უნარების რეალიზაცია. ჯერჯერობით ჩვენი ორგანიზაციის ოფისი რემონტდება და ვცდილობთ თანხები მოვიზიდოთ.
ლადო გოგოლაძე
AMBEBI.GE