გვარი ადამიანის მემკვიდრეობით მიღებული საგვარეულო სახელია, რომელიც ძირითადად, მამიდან შვილზე გადადის. ზოგ ქვეყანაში გვარი დედიდან გადადის...
ქართველების გვარი ისტორიულ-გეოგრაფიული რეგიონებითაა დაყოფილი. ისინი სახელებისგან, მეტსახელებისგან ან წარმომავლობისგან შეიქმნა.
გვინდა რამდენიმე მათგანის ისტორიასა და წარმომავლობას შევეხოთ, რომელიც იაკობ ახუაშვილის "ქართული გვარსახელების" მიხედვით არის მომზადებული.
აბაშიძე – ერთ-ერთი გავრცელებული და ისტორიული გვარსახელია. ვახუშტი ბაგრატიონს მოხსენიებული აქვს იმერეთის წარჩინებულ და შემძლებელ თავადთა შორის, რომელებსაც ქართლშიც ჰქონდათ მამულები. საფუძვლად უდევს სახელი აბაშ, აბაში...
ბოტკოველი – გვარადქცეული სადაურობის სიტყვა. გავრცელებულია თელავის რაიონში. ბოტკო სოფელია საგარეჯოს რაიონში; მოხსენიებულია თამარ მეფის 1202 წლის სიგელში შიომღვიმის მონასტრის მიდამოებში მდებარე სოფლად, სხალტბის ახლოს.
ჭავჭავაძე – გავრცელებულია თელავის რაიონში (ყვარელი, წინანდალი). წარჩინებული ფეოდალური საგვარეულო კახეთში. ცნობილია XIV საუკუნიდან, გადმოცემის თანახმად, ხევსურეთიდან წარმომავლობენ. საფუძვლად უდევს ფრინველის სახელი ჭავჭავი, იგივე ჭივჭავი.
გაგნიძე –თბილისში, რაჭაში, ხაშურსა და თელავში გავრცელებულია. სავარაუდოდ, მომდინარეობს მეტსახელიდან გაგანა. გაგნიძეები ქლუხორიდან 1957 წელს ასურეთში ჩამოსახლდნენ.
ახალკაცი ქარელის, ბორჯომისა და სხვა რაიონებშია მეტად ცნობილი. გადმოცემის მიხედვით, ყმა გამოჰქცევია ბატონს და სხვა სოფელში შეხიზნულა. გვარს ვერ ამჟღავნებდა და თავს ახალკაცს უწოდებდა. სწორედ აქედან მოდის გვარის სახელწოდება. ამავე ძირისაა გვარი ახალკაციშვილი, ახალმოსულიშვილი და ახალშენიშვილი.
გურგენიძე – ამბროლაურისა და ჩოხატაურის რიონებშია გავრცელებული. გვარი ცნობილია XII საუკუნიდან, გვხვდება იჩქით გურგენიძე, წუნდის ეკლესიის აღმშენებელი. მომდინერეობს საკუთარი სახელიდან
"გურგრნი". ისტორიაში ცნობილია გურგენ I კურაპალატი, გურგენ დიდი ერისთავთერისთავი. ამავე ძირისაა გურგენიშვილი.
დეკანოიძე – ნაწარმოებია ეკლესიის მსახურთა სახელწოდებიდან – დეკანოზი. დეკანოზი – ქართული ქრისტიანული ეკლესიის უფროსი მღვდელი. საქართველოს მთიანეთის ზოგ კუთხეში ძველად – ხატის მსახური.
გელაშვილი - იმერეთში, ქართლსა და კახეთშია ფართოდ წარმოდგენილი... შედგება საკუთარი სახელისგან - გელა. ამავე ძირისაა: გელავა, გელაძე, გელეიშვილი, გელეხავა, გელიკაშვილი... ბერძნულ წყაროებში მოხსენიებული სკვითური ტომის სახელწოდება გელა, გელონი, გელონოი, გელონოსი ივ. ჯავახიშვილის აზრით, ქართველებთან ურთიერთობაში მყოფი, მათი მეზობელი ტომთაგანი უნდა ყოფილიყო. გელაშვილების ფუძედ სოფელი ნადაბური ითვლება; გადმოცემით გელაშვილების სალოცავი ტაძარი გელათი ყოფილა.
დოლაბერიძე – გავრცელებულია მაღლაკში (წყალტუბოს რაიონი). შეიცავს რთული შედგენილობის საკუთარ სახელს - დოლაბერი.
ედიშერაშვილი – ხოვლეში (კასპის რაიონი), ქარელისა და გორის რაიონებშია საკმაოდ ფართოდ წარმოდგენილი. მომდინარეობს საკუთარი სახელიდან – ედიშერა. "ედიშერაშვილნი არიან ედისიდგან მოსულნი ხეობასა შინა ძველადვე აზნაურნი". დავით ედიშერაშვილი (1935წ.) ზესიძედ ჩასახლდა მუხათში არტემ მურადაშვილთან. გადმოვიდა გომარეთიდან (დმანისის რაიონი).
ზარიძე – გავრცელებულია ფშავში. სავარაუდოდ, დაკავშირებულია მეტსახელთან "ზარი". ზარი, სამგლოვიარო გუნდური სიმღერა – ტირილი. ზარიძეები სოფელია თიანეთის რაიონში. ამავე ძირისაა: ზარია, ზარიაშვილი.
გიგაური ხევსურული სათემო გვარია. ფუძეში შეიცავს წინაპრის საკუთარ სახელს "გიგა", "გიგი", "გიგო". ეს ეპონიმური ტიპის გვარსახელია. გვარი სათავეს იღებს ბუდე ხევსურეთის, წყალსიქითის თემის სოფელ ბლოდან.
თაბაგარი – ძირითადად თერჯოლის რაიონშია მასობრივად ცნობილი. გვარადქცეული სადაურობის სიტყვაა. თაბაგრები სოფელია ჭიათურაში. სწორედ აქედან მომდინარეობს ეს გვარი.
ახვლედიანი ცაგერის, წყალტუბოს რაიონებშია წარმოდგენილი... სვანური ძირი აქვს. სავარაუდოა, საფუძვლად ედოს საკუთარი სახელი ახვილდ (ახავილდ), სადაც ილდ სვანური კნინობითობის მაწარმოებელი ფორმაა და ერთვის საკუთარ სახელს ახავ-ს (შედარებითი გვარებია: ახავიტაშვილი, ახოშვილი, ახაბიძე).
თავდგირიძე – გავრცელებულია გურიასა და აჭარაში. ვახუშტი ბაგრატიონს მოხსენიებული აქვს მთავართა შორის, უწარჩინებულეს და შემძლებელთა შორის. გურიაში გადასულნი არიან სამცხიდან. ძველი ფორმაა თადგირიძე. შეიცავს საკუთარ სახელს თავდგირი.
გურამიშვილი ქართლის სათავადო საგვარეულოს, ზედგინიძეთა ერთ-ერთ შტოს განეკუთვნება. ვახუშტი ბაგრატიონი იხსენიებს წარჩინებულ მთავართა შორის და მიუთითებს მის კახეთიდან წარმოშობას. საგურამო გურამიშვილთა სამკვიდრო იყო; შეიცავს საკუთარ სახელს გურამი, ძველი სახით იგივე გუარამ: გურამ კურაპალატი, გუარამ მამფალი, გუარამ ერისთავი.
თამაზაშვილი – წარმოდგენილია საგარეჯოს რაიონში. მომდინარეობს საკუთარი სახელიდან – თამაზი. ხაშმელი თამაზაშვილები, გადმოცემით, რაჭიდან არიან გადმოსულები. მათი ადრინდელი გვარი ლაშხი ყოფილა. შემდეგ მამის სახელი უქცევიათ გვარად.
სააკაძე – ისტორიული ცნობით, ეს გვარი გავრცელებული ყოფილა ატენის ხეობაში. XVI საუკუნის ბოლოდან კი სააკაძეები ნოსტეში გადასახლებულან (კასპის რაიონი). გიორგი სააკაძის შემდეგ მათი შთამომავალნი თარხან-მოურავებად იწოდებოდნენ. დღეს კი თარხნიშვილებად არიან ცნობილნი.
ინასარიძე – წარჩინებული ისტორიული საგვარეულო რაჭაში. გავრცელებულია ასპინძის, ამბროლაურისა და ონის რაიონში.
დვალი – ცნობილია ქუთაისში, ამბროლაურსა და თბილისში. გახლავთ იბერიულ-კავკასიური ტომი ძველ საქართველოში. ანტიკურ წყაროებში პირველად მოხსენიებულნი არიან ახალი წ.აღ. I-II სს-ში თალის, ვალის, უვალის სახელწოდებებით, სახლობენ ცენტრალური კავკასიონის მაღალმთიან ზოლში - დარიალის ხეობასა და მამისონის უღელტეხილს შორის, ისტორიულ დვალეთში. ცნობილია, რომ დვალები ქართველი კალიგრაფები იყვნენ, ასურეთში 1941 წელს ამბროლაურის რაიონის სოფელ კაჩაეთიდან გადმოვიდნენ.
იშხნელი – გავრცელებულია თერჯოლის რაიონში. თერჯოლაში არის იშხნელების უბანი; გვარადქცეული სადაურობის სიტყვაა; იშხანი სოფლისა და მონასტრის სახელწოდებაა ძველ ტაო-კლარჯეთში. ამავე ძირისაა: იშხანაშვილი (მუხრანი), იშხნელიძე (აჭარა).
კანდელაკი – ფართოდ არის წარმოდგენილი იმერეთსა და რაჭაში. მომდინარეობს სასულიერო ტერმინიდან – "მესანთლე", "მნათე" (ბერძ). ამავე ძირისაა გვარი კანდელაკიშვილი. საჯავახოს კანდელაკები ადრე ქორიძეები ყოფილან, სამტრედიისა კი – ნიკურაძეები.
თაყაიშვილი – მომდინარეობს საკუთარი სახელიდან თაყა. ეს სიტყვა შემონახულია ანდაზაში: "ეგრე არ უნდა თაყაო, შენ რომ მამული გაყაო". ამავე ძირისაა: თაყაძე (ჯავახეთში); თაყაიშვილი, თაყნიაშვილი (დმანისის რაიონი).
კიკნაძე – წინაპრის საკუთარ სახელს – "კიკნას" უკავშირდება. წარმოშობილია დასავლეთ საქართველოში. გვარის ბუდეა ზემო იმერეთი. სოციალური წარმომავლობით აზნაურული გვარია. პირველად მოხსენიებულია XVI საუკუნის ბოლოს. დომენტი კათალიკოსის დროს, 1598-1600 წლებში კიკნაძის გვარი გვხვდება შეწირულობის სიგელში. ამ პერიოდში უკვე შიდა ქართლშია გადმოსული. რაოდენობით კიკნაძის გვარი ახლა 5500-ს აჭარბებს. 700-ზე მეტი ცხოვრობს ხაშურში, 600-ზე მეტი – ხარაგაულში, 200-ზე მეტი – რუსთავში, 200 – ბორჯომში, 100-ზე მეტი – ყვარელში, თბილისში კი 2000-ზე მეტი კიკნაძეა.
თაქთაქიშვილი – გავრცელებულია ქართლში და ძველი ფეოდალური საგვარეულო ყოფილა სამცხეში. სამცხიდან ჩამოსულან და დასახლებულან ქართლში. ამავე ძირისაა თაქთაქიძე.
ლაბაძე – წარმოიშვა სახელიდან "ლაბა" ეს გვარი იმერული წარმოშობისაა და წარმოდგენილია ძირითადად იმერეთის რეგიონში. ლაბაძეების ფუძე მომდინარეობს ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო ბოსლევიდან. გადმოცემის მიხედვით, თავდაპირველად მხოლოდ ზემო ბოსლევში ცხოვრობდნენ ლაბაძეები, რომელთაგან ნაწილი გადასახლდა ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ ნიგოზეთში, მეორე ნაწილი ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ შროშაში. ბუნებრივია, ლაბაძეების ნაწილი დარჩა სოფელ ზემო ბოსლევშიც. აქედან კი მოხდა მათი შემდგომი გადასახლება ლაგოდეხში, ხაშურსა და ახალციხეში.
მახარაშვილი – გავრცელებულია გორის, მცხეთის, სიღნაღისა და სხვა რაიონებში. ამ გვარის ძირია "მახარა", "მახარე", რაც დიდ სიხარულსა და აღტაცებას გამოხატავს. ამავე ძირისაა გვარები: მახარაძე, მახარობლიშვილი, მახარობლიძე.
მერაბიშვილი – გავრცელებულია ადიგენის რაიონში (უდე), კასპის რიონში (კავთისხევი)... დაკავშირებულია საკუთარ სახელთან მერაბი. მერაბ სპარსულად "მზესავით ელვარეს" ნიშნავს... გადმოცემით, უდელი მერაბიშვილების წინაპართა გვარი ხურციძე ყოფილა.
ონოფრიშვილი – წარმოდგენილია კასპის რაიონში (კავთისხევი). დაკავშირებულია საკუთარ სახელთან ონოფრე. გადმოცემით, ონოფრიშვილთა გვარი მოსიძე ყოფილა, ჯავახეთიდან გადმოსულან ქართლში.
მხეიძე – ერთ-ერთი უძველესი ფეოდალური საგვარეულო იმერეთსა და სამეგრელოში. ისტორიულ წყაროებში XI საუკუნიდან გვხვდება. პირველად არგვეთის მფლობელნი ყოფილან, შემდეგ თრიალეთსა და ალგეთის ხეობის ნაწილსაც დაჰპატრონებიან. ბაღვაში, ლიპარტიანი და მხეიძე საერთო წარმომავლობის უნდა იყოს... ამავე ძირისაა: მხეცაძე, ხეცია, ფხეიძე.
კაცია – მეგრული წარმომავლობის გვარია. ფიქსირდება ზუგდიდში, ჩხოროწყუსა და წალენჯიხაში. კაცია ქართულ საეკლესიო კალენდარში მიჩნეულია ადამ-ის შესატყვისად.
ქავთარაძე – ქავთარაძეების გვარი მომდინარეობს მამაკაცის სახელიდან – ქავთარა. ეს სახელი მთელ საქართველოში იყო და არის გავრცელებული. XVIII ს-ში ქავთარაძეები მოსახლეობდნენ სოფლებში: ძმიანთკარში, ჩადისციხეში და ბატატიანთკარში. დღესაც ქავთარაძეები მთიულეთში ერთ-ერთი დიდი გვარია.
ოდიშვილი – ოდიშვილების ადრინდელი გვარი ცეცხლაძე გახლავთ. თავიდან ცეცხლაძეებს მეჯუდის ხეობის სოფელ არდისში უცხოვრიათ. ყოფილა სამი ძმა: ბედო, ოდი და მელა, რომელთაც ნამდვილი გვარი ცეცხლაძე გადაუკეთებიათ სამ გვარად: ოდიშვილად, ბედოშვილად და მელაძედ.
სადუნიშვილი – გავრცელებულია საჩხერის რაიონში. "სადუნი" ნიშნავს სხვა ენის მცოდნე ადამიანს.
საძაგლიშვილი – მისი ძველი გვარი ჯოხაძე ყოფილა. გადმოცემის თანახმად, ერთ-ერთ ყმას - ჯოხაძეს ბატონის ნების გარეშე ცოლი შეურთავს. ბატონი მასზე გაბრაზებულა და მისთვის საძაგლიშვილი შეურქმევია.
ქართველიშვილი – ეს გვარი ეროვნების გამომხატველი სიტყვაა, ქართველიდან მომდინარეობს. გავრცელებულია საქართველოში, უდრის "ქართველის შვილს".
ყაზბეგი – შედგება ორი სიტყვისგან – "ყაზი"-საგან (საკუთარი სახელი) და "ბეგი"-საგან (თურქული სიტყვაა და ნიშნავს ბატონს, ხელისუფალს). ყაზბეგები ხევის მმართველები იყვნენ. მათი წინა გვარი ჩოფიკაშვილი გახლავთ.
ჩუბინიძე – ქუთაისში, ჭიათურასა და თბილისშია წარმოდგენილი. ჩუბინი (ძვ.) – მარჯვე, აუცდენლად მსროლელი. გიორგი გიორგის ძე ჩუბინიძე მოიხსენიება სოფელ ბოგვში 1871 წელს. ჩუბინიძე და ჩუბინაშვილი ერთი და იგივე გვარადაა მიჩნეული.
შალიკაშვილი – ლანჩხუთის რაიონშია გავრცელებული. მომდინარეობს საკუთარი სახელიდან "შალიკა". შალიკაშვილი მსხვილი ფეოდალური საგვარეულოა ძველ საქართველოში. მისი წინამორბედი გვარი როჭიკაშვილი ყოფილა.
ჩიქოვანი – წარჩინებული საგვარეულოა ძველ საქართველოში. "ოვან" ბოლოსართით წარმოქმნილი გვარსახელია. ამ გვარის ძირი არის საკუთარი სახელი "ჩიქა". ამავე ძირისაა ჩიქავა, ჩიქვანია, ჩიქვილაძე, ჩიქვინიძე.
ჩოლოყაშვილი – წარჩინებული საგვარეულოთაგანი ძველ საქართველოში. კახეთის ფეოდალთა შტო; გავრცელებულია თელავისა და ახმეტის რაიონებში.
თათარაშვილი – თათარაშვილების ადრინდელი გვარი გადმოცემით ქავთარაძე ყოფილა. ერთ-ერთი ქავთარაძე თათრებს მთიულეთიდან გაუტაციათ. დიდი ხნის შემდეგ თავი დაუხსნია და მცხეთაში დასახლებულა. მის შთამომავლობას ამის გამო თათარაშვილობა მიუღია.
ჩოხელი – გვარადქცეული სადაურობის სიტყვაა. ჩოხი სოფელია მთიულეთში. ქალის მითხოვებაზე ჩოხელთა გვარს უარს ვერ ეუბნებოდნენ. ამას რელიგიური წარმოდგენა ედო საფუძვლად.
წიკლაური – წიკლაური სათემო გვარია, გავრცელებულია ხევსურეთში. მთიულეთში წიკლაურებს უცხოვრიათ: ათნოხში, ბახანში, ბურსაჭილში, დგნალში, დიხჩოში, დოლასქედში, დუმაცხოში, ზანდუკში, ლუთხუბში, მაქართაში, საჩალის ჭალაში, საჯანაანში, და თოთიაურთ-კარში, ფახვიჯაში, ჩიბაურში, ცხვედიანში, ჭოჭოხში, ხოზაში და ჯუღისში. გვარი გავრცელებულია თითქმის მთელ საქართველოში.
წიფურია – გავრცელებულია ჩხოროწყუს რაიონში. წიფური მეგრულად წითელს ნიშნავს. XVII საუკუნეში ამავე სახელით ცნობილი ყოფილა სოფელი, სადაც კათოლიკე მისიონერები სახლობდნენ.
კვირიკაშვილი – სიტყვა კვირიკედან მოდის, კვირიკე ბერძნულად "უფლისას" ნიშნავს. კვირიკე ქართულში ძველი დროიდან გვხვდება. არაერთი ისტორიული პირის სახელად მისგან წამოსული გვარებია: კვირიკაძე, კვირიკაშვილი, კვირიკეიშვილი, კვირიკიძე, კვირკველია.
მოამზადა ლალი ფაციამ
საინფორმაციო პორტალისთვის AMBEBI.GE