საქართველოს მუსლიმთა წინამძღვარი, მუფთი ბეგლარ ქამაშიძე "კვირის პალიტრასთან" საგანგებო განცხადებას აკეთებს:
- ტერორიზმი უმძიმესი დანაშაულია. წმინდა ყურანის მიხედვით, ერთი ადამიანის მოკვლა კაცობრიობის ამოწყვეტის ტოლფასია. ვინც ამას სჩადის, უარყოფს წმინდა ყურანის მოწოდებას, რის გამოც, ისლამური დოგმატის თანახმად, ურწმუნოდ არის შერაცხილი. მის სულს სამუდამო ჯოჯოხეთი ელის.
აღმაშფოთებელია, როცა ტერორიზმს ისლამს მიაწერენ. ჭეშმარიტი მუსლიმი ვერ იქნება ტერორისტი, რადგან შუამავალი მუჰამედი მშვიდობასა და სიყვარულს ქადაგებს. ვიღაცები ცდილობენ, ისლამის სახელს ამოეფარონ, რათა მუსლიმი ტერორისტად წარმოჩნდეს, ისლამოფობია ჩამოყალიბდეს და საზოგადოებაში სიძულვილი გაჩნდეს, ეს კი, საბოლოოდ, მსოფლიოს დააზარალებს. თუკი ამა თუ იმ რჯულის მიმდევარი დანაშაულს სჩადის თუნდაც თავისი ღმერთის სახელით, არ ნიშნავს, რომ ეს რელიგია ტერორიზმს ქადაგებს.
უნდა მოვერიდოთ რელიგიური საკითხებით თამაშს, ეს ძალიან სახიფათოა, რადგან საქმე ადამიანის სულიერებას ეხება.
ამბობენ, რომ კამიკაძემ, რომელმაც საკუთარი და სხვების სიცოცხლე ხელყო, ტერაქტამდე "ალლაჰ აქბარ" დაიძახა... ის მკვლელია, რომელმაც უმძიმესი ცოდვა საკუთარ თავზე აიღო. ამ შეძახილში ფიგურირებს სიტყვები - "მოწყალე" და "მწყალობელი". განა შეიძლება "მოწყალესა" და "მწყალობელს" წარმოთქვამდე და ადამიანს კლავდე?!
- საზოგადოების ნაწილი მსჯელობს, რატომ უშვებს ისლამი ჯიჰადს. მათ ყურანიდან ამონარიდიც მოჰყავთ: "დახოცეთ ურჯულოები, თუ არ მოექცევიან, ან არ გადაიხდიან ჯიზიას. მოკალი ურჯულო და 72 ქალწულს მიიღებ სამოთხეში".
- ყურანის ასე პირდაპირ გაგება არ შეიძლება. ყურანის ყველა აიათს აქვს თავისი განმარტება და წინა პირობა...
ისლამი ნებას არ რთავს ცალკეულ დაჯგუფებას, ინდივიდუალურად გამოაცხადოს ჯიჰადი, თანაც - საბრძოლო ფორმით. ჯიჰადს სახელმწიფო აცხადებს მაშინ, როცა საფრთხე ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობას და აღმსარებლობას ემუქრება. ალაჰი გიკრძალავს იმ ხალხთან მეგობრობას, ვინც რჯულის გამო გეომება და გაძევებს სამშობლოდან. ვინც ასეთ ხალხს დაუმეგობრდება, თვითონ არის ცოდვილი.
მართლმადიდებელ ქრისტიანებს შევახსენებ - რუსეთი და საქართველო ერთმორწმუნე სახელმწიფოებია, მაგრამ ამას ხელი არ შეუშლია რუსეთისთვის, საქართველოში დაპყრობითი ომები ეწარმოებინა. უდანაშაულო ადამიანების დახოცვა, სახლებიდან აყრა არანაკლები ცოდვაა, ვიდრე ტერორიზმი. მსოფლიო ერთ მუშტად ჯერ კიდევ მაშინ უნდა შეკრულიყო, როცა სირიაში ბავშვებს, ქალებს, მოხუცებს უმოწყალოდ ხოცავდნენ. ამ სისასტიკეს პასუხი უნდა გასცემოდა!
იმ პერიფრაზს კი, რაც თქვენ მოიყვანეთ, თავისი განმარტება აქვს. ამას უძღოდა ურწმუნოებსა და მუსლიმებს შორის შეთანხმება, რათა მომავალში მათ შორის პრობლემები არ ყოფილიყო, მაგრამ ურწმუნოებმა შეთანხმება დაარღვიეს... ამიტომ არ შეიძლება ყურანიდან პირდაპირ რაღაცის თარგმნა, ცალსახად აღქმა და არასწორი ინტერპრეტაცია...
ზოგმა ისიც კი მკითხა, ყურანი ქრისტიანსა და ებრაელთან მეზობლობას ხომ არ კრძალავსო? ყურანი სხვა აღმსარებლობის ხალხთან არც მეზობლობას, არც ვაჭრობას და არც ურთიერთობას არ კრძალავს... შუამავალი მუჰამედი ურწმუნოს არ დაწყევლიდა, მის სახელზე ლოცვას აღავლენდა და ღმერთს მის ჭეშმარიტ გზაზე დაყენებას სთხოვდა. მრჩება შთაბეჭდილება, რომ ამ ყველაფერს საეჭვოს მიზანმიმართულად ხდიან.