საქართველოს ვიცე-პრემიერი, ენერგეტიკის მინისტრი კახი კალაძე "გურია ნიუსისთვის" მიცემულ ექსკლუზიურ ინტერვიუში ამბობს, რომ მომავალი პრემიერის კანდიდატურაზე გუნდს ჯერ არ უმსჯელია.
- იქნებით თუ არა "ქართული ოცნების" საპარლამენტო სიის პირველი ნომერი?
- ვერ გეტყვით. ამაზე გუნდში საუბარი არ ყოფილა. გულრწფელად მინდა გითხრათ, რომ ეს არ არის ჩემთვის პრიორიტეტი. ვიქნები იქ, სადაც გუნდს, ჩემს ხალხს სჭირდება. არა აქვს მნიშვნელობა პოლიტიკაში ვიქნები, ბიზნესში თუ სხვა მიმართულებაში. ვიყავი სპორტში და ყოველთვის ვემსახურებოდი ჩემს სამშობლოს.
-თუ გუნდს დასჭირდება, გახდებით პრემიერ-მინისტრი, რაზეც დღეს აქტიურად მიდის საუბარი? იმასაც ამბობენ, რომ ბიძინა ივანიშვილის ფავორიტი ხართ
- დღეს ქვეყანას ჰყავს პრემიერ-მინისტრი, ახალგაზრდა პიროვნება. ლიდერი პარტია "ქართული ოცნების", კოალიციის თავმჯდომარე ირაკლი ღარიბაშვილი. ვფიქრობ, რომ ის წარმატებული პრემიერ-მინისტრია. ახალგაზრდა კაცია და მთელი გუნდი, მაქსიმალურ თანადგომას ვუცხადებთ. ძალიან ბევრ მნიშნელოვან პროექტს ვახორციელებთ, ბევრი რეფორმები მიმდინარეობს ქვეყანაში. თუმცა, სამომავლოდ ვინ იქნება ლიდერი, ვინ იქნება ქვეყნის პრემიერ-მინისტრი, ამაზე გუნდი იმსჯელებს. ჯერ ძალიან ბევრი დროა 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე. დაველოდოთ მოვლენებს.
-არ გამორიცხავთ, რომ თქვენ გახდეთ?
- გამიჭირდება წინასწარ რაიმე კონკრეტიკაზე საუბარი. კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, რომ მზად ვარ, კარისკაცადაც დავდგე, თუ ეს ჩემს გუნდს, ჩემს ქვეყანას დასჭირდება.
წყარო: gurianews.com