ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა ფედერიკა მოგერინიმ და ევროკომისარმა სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებზე მოლაპარაკებებში იოჰანეს ჰანმა ევროკავშირის განახლებული სამეზობლო პოლიტიკის მიმართულებები წარმოადგინეს.
როგორც ევროკომისიის მიერ გამოქვეყნებულ პრესრელიზშია ნათქვამი, ევროპის სამეზობლო პოლიტიკისადმი ახლებური მიდგომა არის ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან, პარტნიორ ქვეყნებთან, საერთაშორისო ორგანიზაციებთან, სოციალურ პარტნიორებთან, სამოქალაქო საზოგადოებასთან და აკადემიასთან ფართო კონსულტაციების შედეგი.
"უფრო ძლიერი პარტნიორობა ჩვენს მეზობლებთან საკვანძოა ევროკავშირისთვის იმ დროს, როდესაც ჩვენ ვდგავართ უამრავი გამოწვევის წინაშე ჩვენს საზღვრებთან და მის გარეთ. ტერორისტული აქტები პარიზში, ასევე თავდასხმები ლიბიაში, ეგვიპტეში, თურქეთსა და ირანში, კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ ჩვენს წინაშეა გლობალური საფრთხეები, რომელსაც საერთაშორისო თანამეგობრობა ერთად უნდა ებრძოლოს. ჩვენ ერთად უნდა შევქმნათ უფრო უსაფრთხო გარემო, შევეცადოთ გადავწყვიტოთ არაერთი კრიზისი ჩვენს საერთო რეგიონში, მხარი დავუჭიროთ განვითარებას ყველაზე ღარიბ რეგიონებში და ყურადღება მივმართოთ მიგრაციის გამომწვევი ფესვებისკენ. ეს არის სამეზობლო პოლიტიკის გადახედვის მიზანი, რომელიც განავითარებს ჩვენს საერთო ინტერესებს და ფასეულობებს და ჩართავს პარტნიორებს უსაფრთხოების საკითხებზე გაფართოებულ თანამშრომლობაში", - განაცხადა ფედერიკა მოგერინიმ.
იოჰანეს ჰანმა, თავის მხრივ, აღნიშნა, რომ ევროკავშირის მთავარი გამოწვევაა სტაბილურობა მის სამეზობლოში.
"კონფლიქტები, ტერორიზმი და რადიკალიზმი გვემუქრება ჩვენ ყველას. მაგრამ სიღარიბე, კორუფცია და სუსტი მმართველობა ასევე დაუცველობის წყაროა. სწორედ ამიტომ, სადაც საჭიროა ჩვენი საერთო ინტერესებისთვის, ჩვენ პარტნიორებთან ურთიერთობებზე ხელახალ ფოკუსირებას მოვახდენთ. განსაკუთრებით ეს ეხება ეკონომკურ განვითარებას და ახალგაზრდობის დასაქმებას", - განაცხადა იოჰანეს ჰანმა.
ევროპის ახალი სამეზობლო პოლიტიკა თავის მთავარ პოლიტიკურ პრიორიტეტად განსაზღვრავს სტაბილიზაციას და დიფერენციაციას. აღიარებს რა, რომ ყველა პარტნიორი ერთნაირად არ მიისწრაფვის ევროკავშირის სტანდარტებისადმი, ევროპის ახალი სამეზობლო პოლიტიკის მიდგომები ასახავს თითოეული ქვეყნის სურვილებს ევროკავშირთან მისი პარტნიორობის ბუნებიდან გამომდინარე. ევროკავშირი გააგრძელებს უნივერსალური ფასეულობების ხელშეწყობას სამეზობლო პოლიტიკის მეშვეობით და მოძებნის უფრო ეფექტურ გზებს დემოკრატიის, ადამიანის უფლებების, ფუნდამენტური თავისუფლებებისა და კანონის უზენაესობის გასავითარებლად.
ევროპის ახალი სამეზობლო პოლიტიკა ფოკუსირებული იქნება პარტნიორ ქვეყნებთან მუშაობის გაძლიერებაზე უსაფრთხოების სექტორში, განსაკუთრებით კონფლიქტის პრევენციის, ანტიტერორისტული და ანტირადიკალური პოლიტიკის მიმართულებით. განახლებული მიდგომები ითვალისწინებს, ერთის მხრივ, უსაფრთხო და ლეგალურ გადაადგილებას, მეორეს მხრივ, უკანონო მიგრაცის, ტრეფიკინგისა და კონტრაბანდის პრობლემებით დაკავებას. დოკუმენტში ასევე ნათქვამია, რომ დიდი ყურადღება მიექცევა პარტნიორებთან მუშაობას ენერგოუსაფრთხოებისა და კლიმატის ცვლილებების საკითხებში.
გარდა ამისა, ევროპის ახალი სამეზობლო პოლიტიკა ახალ სამუშაო მეთოდებს ითვალისწინებს. კერძოდ, გაუქმდება ტრადიციული ყოველწლიური საანგარიშო მოხსენებები. ამის ნაცვლად, ანგარიშები მომზადდება დაკვეთით, სამუშაო კალენდრისა და ცალკეული ურთიერთობების დღის წესრიგიდან გამომდინარე.
ამასთან, ახალი სამეზობლო პოლიტიკა მოწოდებულია რეგიონული პრობლემების გადაწყვეტაში, საჭიროებისამებრ, ჩართოს არამეზობელი რეგიონული მოთამაშეები.
წარმოდგენილი წინადადებები უახლოესი თვეების განმავლობაში ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებთან და პარტნიორ ქვეყნებთან განხილვის თემა იქნება.
ევროკავშირმა სამეზობლო პოლიტიკის გადახედვა მიმდინარე წლის მარტში დააანონსა და ამ თემაზე კონსულტაციები დაიწყო. "ევროპის სამეზობლო პოლიტიკა" ევროკავშირის მეზობელ ქვეყნებთან კავშირების გასამყარებლად 2003 წელს შეიქმნა. პროგრამა მოიცავს აღმოსავლეთ პარტნიორობის 6 ქვეყანას - საქართველოს, აზერბაიჯანს, სომხეთს, ბელორუსს, მოლდოვას, უკრაინას, ასევე, სამხრეთით მოსაზღვრე ქვეყნებს - ალჟირს, ეგვიპტეს, ისრაელს, იორდანიას, ლიბანს, ლიბიას, მაროკოს, პალესტინას, სირიას და ტუნისს.