ფილტვის კიბო, ასთმა, გულ-სისხლძარღვთა და რესპირატორული დაავადებები, სხვადასხვა სახის ალერგია - ეს იმ დაავადებების არასრული ჩამონათვალია, რომლის წარმოშობასაც ჰაერის დაბინძურება უწყობს ხელს. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, ჰაერის დაბინძურება ყოველ წელიწადს 2 მილიონი ადამიანის ნაადრევი სიკვდილის მიზეზი ხდება. ამასთან ერთად, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, საქართველოში ჰაერის დაბინძურება დაავადებების - 17, ხოლო სიკვდილიანობის 19 პროცენტს იწვევს. დადგენილია ისიც, რომ თბილისში ჰაერის დაბინძურების 95% ავტოტრანსპორტის გამონაბოლქვით არის გამოწვეული. სწორედ ამიტომ, მომავალი წლიდან შესაძლოა საქართველოში ნავთობპროდუქტების ხარისხის კონტროლი გამკაცრდეს. ამ მოთხოვნით მთავრობას და ფინანსთა სამინისტროს ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირმა მიმართა. კავშირის თავმჯდომარე, ვანო მთვრალაშვილი აცხადებს, რომ საწვავის ხარისხი სახელმწიფომ აუცილებლად უნდა გააკონტროლოს, მით უმეტეს, რომ ჩვენი ქვეყანა 2017 წლიდან უნდა გადავიდეს ევრო-5 სტანდარტის საწვავის მოხმარებაზე. თუნდაც ამიტომ, ყველა მეწარმემ უნდა იცოდეს კანონის დარღვევის შემთხვევაში, რა სანქციები გატარდება მის მიმართ.
ვანო მთვრალაშვილი: პირველ რიგში უნდა გითხრათ, რომ ამ ინიციატივით მთავრობას ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირმა მიმართა. საქართველოში ბოლო პერიოდში ძალიან ბევრი ნავთობის იმპორტიორი კომპანია გაჩნდა. გარდა ამისა, გაცემულია ორი ლიცენზია ნავთობგადამამუშავებელი საწარმოს მშენებლობაზე. უნდა დაგიდასტუროთ, რომ ჩვენ კომპანიების რიცხვის ზრდას მივესალმებით, რადგან ის ხელს შეუწყობს ნავთობპროდუქტების ბაზარზე ჯანსაღი კონკურენციის ზრდას, მაგრამ აქვე ჩნდება საფუძვლიანი საშიშროება, რომ შესაძლოა ადგილობრივ ბაზარზე უხარისხო, არასტანდარტული პროდუქტიც გაჩნდეს. ეს არის ურთულესი პრობლემა, რადგან უხარისხო საწვავი გარემოს აბინძურებს და უარყოფითად მოქმედებს ადამიანის ჯანმრთელობაზე. თანაც, უხარისხო საწვავის იმპორტი მნიშვნელოვან პრობლემას უქმნის კეთილსინდისიერ მეწარმეს, რადგან ის შედარებით იაფია, რაც ბაზარზე არაჯანსაღ, არაკონკურენტულ გარემოს ქმნის. ამის გათვალისწინებით ჩვენ მივმართეთ სახელმწიფოს, რათა საწვავის ხარისხის კონტროლთან დაკავშირებული მექანიზმები შეიმუშაოს და განახორციელოს.