მ.იაშვილის სახელობის ბავშვთა კლინიკური საავადმყოფო განცხადებას ავრცელებს, რომელშიც საავადმყოფო უარყოფს გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს მათ კლინიკაში 2 დღის მიტოვებული ბავშვი იმყოფება.
"გვინდა გამოვეხმაუროთ გუშინ სოციალურ მედიაში გავრცელებულ მცდარ ინფორმაციას იმასთან დაკავშირებით, რომ თითქოს მშობლებისგან მიტოვებული 2 დღის ბავშვი ჩვენს კლინიკაში იმყოფება და ის უყურადღებობის გამო მოსახლეობის დახმარებას საჭიროებს.
განვმარტავთ, რომ ჩვენს კლინიკაში ამ დროისათვის მკურნალობის კურსს არ გადის არცერთი ბავშვი, რომელიც ოფიციალურად მიტოვებულად ითვლება, ასევე არ წევს არცერთი პაციენტი, რომელიც მოსახლეობისგან რაიმე ტიპის მოვლის საგნებს საჭიროებდეს.
გთხოვთ, ნუ გაავრცელებთ გადაუმოწმებელ ინფორმაციას არასრულწლოვან პაციენტებთან დაკავშირებით. ეს არის ძალიან სენსიტიური თემა და ამით პირველ რიგში ზიანი ადგება პაციენტებს და მათ მშობლებს, რომლებიც მ.იაშვილის სახელობის კლინიკაში მკურნალობის პროცესს გადიან.
ნებართვის გარეშე მოპოვებული ფოტო, რომელიც გუშინ სოციალურ ქსელებში და სააგანეტოებში გავრცელდა, ეკუთვნის 1 თვის ბავშვს, რომელსაც ურთულესი თანდაყოლილი ნევროლოგიური დიაგნოზი აქვს და მის გადასარჩენად კლინიკა ყველაფერს აკეთებს, მას უკვე ჩაუტარდა მაღალტექნოლოგიური ნეირო-ქირუგიული ოპერაცია და ახლა კლინიკაში მკურნალობის სრულ პროცესს გადის. აღნიშნული პაციენტის ჯანმრთელობის შესახებ ინფორმაციას ბავშვის მშობლების თანხმობის საფუძველზე ვასაჯაროებთ.
მ.იაშვილის სახელობის ბავშვთა კლინიკური საავადმყოფოს ადმინისტრაცია", - ნათქვამია განცხადებაში.