ვიდეომ, რომელიც მაღაზიათა ქსელმა iPhone+ გაავრცელა, ქართველი ინტერნეტმომხმარებელი შოკში ჩააგდო. კომპანიამ ტერორისტული დაჯგუფება ISIS-ის ვიდეომიმართვების სტილში გადაღებული ვიდეორგოლით, ქართველ მომხმარებელს "ახარა", რომ იანვრიდან იგი Apple-ის ოფიციალური წარმომადგენელი ხდება.
AMBEBI.GE ახალ ვიდეოზე და საზოგადოების რეაქციებზე კომპანიის წარმომადგენელს ესაუბრა.
გოგა თირქია, iPhone+-ის წარმომადგენელი:
- აღნიშნული ვიდეო, რომელიც ჩვენი "ფეისბუკის" გვერდზეა განთავსებული, არის ხუმრობით გადაღებული. ჩვენ არ ვართ ჩრდილოეთ კორეა და გვაქვს ხუმრობის უფლება. ჩვენი "ფეისბუკის" გვერდი არის თანამედროვე საზოგადოების განვითარების ერთ-ერთი მაგალითი, ამ მძიმე წუთებში სწორედ ამიტომ გადავიღეთ ეს მხიარული ვიდეო, რომ ასეთი ჟესტით გვინდოდა გაგვემხნევებინა საზოგადოება, რომელიც ბოლო დღეებში შეშფოთებულია იმ არაადამიანური საქციელით, რომლის მნახველი და მომსწრეებიც ვართ.
ჩვენ ვფიქრობთ, რომ ყველანი ერთად უნდა ვიყოთ. ზოგადად, ეს არის კომპანიის აზრი, რომ ამ საშინელი მოვლენის წინააღმდეგ, რასაც ამ შემთხვევაში ტერორიზმი ჰქვია, ერთად უნდა დავდგეთ. რაც შეეხება iPhone+-ს, ის არ გენეკუთვნება იმ კატეგორიას, რომელსაც შეუძლია ასეთ მძიმე წუთებში ჩუმად შეიყუჟოს კუთხეში და არ გამოხატოს პროტესტი მიმდინარე არაადამიანური მოვლენების მიმართ. ჩვენ ვფიქრობთ, რომ საშიშია ის საზოგადოება, რომელიც ასეთ მძიმე წუთებში ნეიტრალიტეტს ამოფარებული სოროებში იმალება და ღიად არ გამოხატავს პროტესტს.
- თუმცა ამ ვიდეოს უარყოფითი შეფასება მოჰყვა, თქვენი აზრით, ეს ახალი რეკლამა თქვენს კომპანიას არ დააზარალებს?
- რაც შეეხება ამ შემთხვევაში ვიდეოს აღქმას, ეს არის ინდივიდუალური. ჩვენ ვცხოვრობთ დემოკრატიულ საზოგადოებაში, ადამიანები რაღაცას აღიქვამენ კარგად, ცუდად, ნეიტრალურად ან სხვანაირად.
თეა ბეჟიტაშვილი
AMBEBI.GE
იხილეთ|მაღაზიის რეკლამამ "ტერორისტების" მონაწილეობით, ქართველი მაყურებელი შოკში ჩააგდო