"ვერც შეერთებული შტატების, ვერც გერმანიის, წამყვანი ქვეყნების ვერცერთი ხელმძღვანელი პირი ვერ გაგცემთ ასეთ კითხვაზე პასუხს, იგივე კითხვა მათ ქვეყანასთან მიმართებით რომ დასვათ, იმიტომ, რომ ტერორიზმი არის უხილავი მტერი, რომელიც არ ჩანს, რომელსაც არც ფრონტის ხაზი აქვს, ეს არის გლობალური გამოწვევა", - ასე პასუხობს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილი AMBEBI.GE-ს კითხვას - რამდენად დაცულია საქართველო ტერაქტებისგან.
სესიაშვილის თქმით, ევროპაში ახალი ფრონტის ხაზი გაიხსნა და როგორც საქართველოს, ისე სხვა ქვეყნებს ამ მიმართულებით მეტი ყურადღება მართებს.
"განსაკუთრებით ბოლო პერიოდში ტერორისტები ხშირად ცვლიან თავიანთ ტაქტიკასა და სტრატეგიას, ამიტომ დაცული არავინ არ არის იმიტომ, რომ ტერორიზმი ყველაზე საშიში და საფრთხილო უხილავი ძალაა, ამიტომ ყველა სახელმწიფო და მათ შორის ჩვენც, ვიღებთ ყველა ზომას, რომ მაქსიმალურად გამოვიყენოთ ჩვენი რესურსი და შესაძლებლობები, როგორც პრევენციისთვის, ისე აღკვეთისთვის, დანარჩენი, რა თქმა უნდა, დამოკიდებულია პროცესზე და მოქმედებებზე".
ხშირად ისმის კრიტიკა, რომ ჩვენი მოქალაქეები მიდიან სირიაშიო, მაგრამ რეალურად თუ გადაავლებთ თვალს, ზოგადად სხვადასხვა ქვეყნებიდან რამდენი ადამიანია ჩართული ამ "ისლამური სახელმწიფოს" ტერორიზმში, დაინახავთ, რომ საქართველოდან ყველაზე ცოტაა. ძალიან აქტიურად ვთანამშრომლობთ ისეთ ძლიერ ქვეყნებთან, როგორიც არის შეერთებული შტატები, ნატო-ს წევრი ქვეყნები, ისრაელი. ტერორიზმთან ბრძოლაში ძალიან დიდ ფაქტორს თამაშობს საერთაშორისო საზოგადოებასთან კოორდინირებული მოქმედება და აქ ჩვენ მართლაც ძალიან წინ ვართ", - ამბობს ირაკლი სესიაშვილი.
რა ზომებს მიმართა საქართველოს ხელისუფლებამ მოქალაქეების დასაცავად პარიზის ტერაქტების სერიის შემდეგ. როგორც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე ნინო გიორგობიანმა ტერაქტიდან მეორე დღეს, 14 ნოემბერს განაცხადა, საქართველოში მიღებულია უსაფრთხოების ყველა ზომა.
"პარიზში მომხდარი ტერორისტული აქტების შემდეგ, საქართველოში მიღებულია უსაფრთხოების ყველა ზომა, მათ შორის, გამკაცრებულია უსაფრთხოების ზომები საზღვრებსა და აეროპორტებში. ასევე გამკაცრებულია კონტროლი ყველა სტრატეგიული მნიშვნელობის ობიექტზე", - განაცხადა გიორგობიანმა.
იმის გასარკვევად, აპირებს თუ არა საქართველო კონტროლის კიდევ უფრო გამკაცრებას და კონკრეტულად რა ღონისძიებების გატარებაა დაგეგმილი, უსაფრთხოების სამსახურს დავუკავშირდით, სადაც გვითხრეს, რომ 14 ნოემბერს გავრცელებულ განცხადებაზე მეტს ჯერჯერობით ვერაფერს იტყვიან.
თეა ბეჟიტაშვილი
AMBEBI.GE