"ქუჩები ცარიელია, პარიზი ასეთი არ მინახავს" - როგორ იხსენებს ტერაქტის ღამეს პარიზში მცხოვრები ჯაბა ქარსელაძე

"ქუჩები ცარიელია, პარიზი ასეთი არ მინახავს" - როგორ იხსენებს ტერაქტის ღამეს პარიზში მცხოვრები ჯაბა ქარსელაძე

მომღერალი ჯაბა ქარსელაძე 6 წელია პარიზში ცხოვრობს. სისხლიანი ტერაქტის ღამეს ის საფრანგეთის დედაქალქში იმყოფებოდა და ტერაქტის ადგილზე მოხვედრას სასწაულებრივად გადაურჩა. ბატალკანის თეატრს მომღერალი, უცხოელ მეგობრებთან ერთად პარასკევს ხშირად სტუმრობს.

- პარასკევს მეგობრებთან ერთად ხშირად გავდივარ გასართობად, ბატალკანის თეატრსაც ვსტუმრობ. ადგილი, სადაც ტერაქტი მოხდა ფრანგებისთვის და ტურისტებისთვისაც საყვარელი ლოკაციაა, სადაც მუდამ ხალხმრავლობაა, ამ პარასკევს დაღლილი ვიყავი და რატომღაც არ გავედი მეგობრებთან ერთად გასართობად. ახლა კი ვხვდები, რომ ყველაფერი ბედისწერაა. ძალიან ცუდი შეგრძნებაა, როცა საღამოს სახლში ბრუნდები, ტელევიზორს ჩართავ და ხვდები, როგორი უბედურება დატრიალდა იქ, სადაც უამრავ ხალხთან ერთად თავადაც გიწევს გადაადგილება. საქართველოსგან განსხვავებით, პანიკის თავიდან არიდების მიზნით, აქაური არხები ყველაფერს ეთერში არ უშვებენ, სანამ მდგომარეობა ცოტა არ დასტაბილურდება. მეორე დღეს რაც ვნახე, შოკში ჩავვარდი. მტკივნეული იყო ჩემთვის იმის გააზრება, რა გადაიტანა პარიზმა. დღეს ქუჩები ცარიელი იყო, პარიზი ასეთი ცარიელი არ მინახავს. ისეთი შეგრძნება მაქვს, თითქოს იმ ქალაქში ვარ, სადაც ხალხი არ ცხოვრობს. ეს იყო დემოკრატიის წინააღმდეგ მიმართული ქმედება, საფრანგეთმა პირდაპირ გაილაშქრა სირიაში ტერორიზმის წინააღმდეგ, რის საპასუხოდ ასეთი დარტყმა მიიღო. როგორც აქაური არხები გადმოსცემენ, ადგილზე ნაპოვნია სირიელი კამიკაძის პასპორტი. დემოკრატიას სირთულეები ახლავს, შესაბამისად რთულია. აქაური ექსპერტები ამბობენ, რომ პრეზიდენტი ოლანდი სადაც იყო, იქ მოხდა აფეთქება, თუმცა შესაბამისმა სამსახურებმა მისი ლიკვიდაცია თავიდან აიცილეს. კამიკაძეს სტადიონზე ჰქონდა თავის აფეთქება დაგეგმილი, მაგრამ იქ ვერ მოხვდა. ამ შემთხვევაში მსხვერპლი გაცილებით დიდი იქნებოდა. ექსპერტები ასევე ამბობენ, იმასაც, რომ ტერაქტების თარიღი, ტერორისტებმა სპეციალურად შეარჩიეს, რადგან თუ პარასკევს, 13 რიცხვში მოაწყობენ სასაკლაოს ისინი სამოთხეში მოხვდებიან. უფრო მეტი ტერაქტები იყო დაგეგმილი. საბედნიეროდ ხელისუფლება ძლიერი აღმოჩნდა. ყველაფერი კარგად იყო დაგეგმილი, 6 ტერაქტი მოხდა.

- ახლოს ცხოვრობთ ტერაქტის ადგილთან?

- არ ვცხოვრობ ახლოს, მე მოშორებით, უფრო მშვიდ უბანში ვცხოვრობ, ტერორისტები კი ხალხმრავალ ადგილებზე ატარებენ აფეთქებებს, მათი მიზანია, რაც შეიძლება ბევრი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლონ. ქალაქში დიდი პანიკა იყო. კიდევ არის აფეთქებების საშიშროება, ხელისუფლება მოგვიწოდებს თავი შევიკავოთ ხალხმრავალ ადგილებზე მისვლისგან, აკრძალული გვაქვს მეტროთი მგზავრობა. საფრანგეთი ტერორისტებმა წითელ სიაში შეიყვანეს, მაგრამ ქვეყნის დაზვერვა ეფექტურად მუშაობს ამ კუთხით. ცენტრალურ ადგილებზე ცხოვრება საშიშია, უკვე ყველას აკონტროლებენ, ვინც ქვეყანაში შემოდის, მათ შორის ევროპელებსაც. ჩემი აზრით, მანამდეც უნდა მომხდარიყო ეს. საფრანგეთი ლიბერალური ქვეყანაა და მეტი მტერი ჰყავს. შორს არის ჩემი უბანი და ეს უფრო მშვიდია. ნერვიულობას აზრი არ აქვს. მოსახდენი მოხდება.

- შენი ახლობლები იმყოფებოდნენ შემთხვევის ადგილზე, ან რა ინფორმაცია გაქვთ მანდ მცხოვრები ქართველების შესახებ?

- საელჩო არ ავრცელებს ინფორმაციას დაშავებულების შესახებ.

- საფრანგეთში მეორე მასშტაბური ტერაქტი მოხდა, ხომ არ ფიქრობთ, რომ სხვა ქვეყანაში გადახვიდეთ საცხოვრებლად?

- არცერთი ქვეყანა არაა იდეალური, დიდ ქვეყანაში უსაფრთხოდ ვერ იგრძნობ თავს. როცა დიდ ქალაქში ცხოვრობ, უნდა გააცნობიერო, რომ უფრო მეტი საფრთხის წინაშე დგახარ. ორი დღის წინ მომაწოდეს სტატისტიკა, ავტოსაგზაო შემთხვევების დროს დაშავებულების შესახებ. აქ დღეში 10 კვდება ავტოავარიით. 110 კი ზიანდება. უსაფრთხოდ ვერ ვგრძნობ თავს, მაგრამ მე ბედისწერის მჯერა. თუ ის არის ჩემი ბედი, რომ ტერატქს შევეწირო პარიზში, ამას მე ვერ შევცვლი. ალბათ გვიღირს აქ ვიცხოვროთ რაღაცების გამო. ბევრი შიშობს უკვე აქ, რომ ეს ტერაქტები რელიგიურ ომში გადაიზრდება. აქ თუ არეულობა დაიწო მსოფლიოს მოედება. მე ამის მეშინია და არა იმის, რომ ვცხოვრობ პარიზში. მე არცერთი რელიგიის წინააღმდეგი არ ვარ, აქ უამრავი არაბი და მუსლიმი ცხოვრობს. როცა "ჩარლი ებდოს" ტერაქტი მოხდა, ჩემი არაბი მეგობრები ძალიან წუხდნენ ამის გამო, ამბობდნენ ჩვენს შვილს როგორ ვუთხრათ მუსლიმანურ რელიგიას მიყვესო. კაცის კვლას არცერთი რელიგია არ ქადაგებს. ეს რადიკალური დაჯგუფებაა, რომელიც ადამიანის მოკვლას გამართლებულად მიიჩნევს. ვინც ნორმალურად აზროვნებს, ასე არ ფიქრობს. სამწუხაროა, ამას ხალხი რომ ეწირება. სახელმწიფო პოლიტიკა რომ არ მოგწონს, ამის გამო მსგავსი სისასტიკის ჩადენა უსამართლობაა.

თამარ ბოჭორიშვილი

AMBEBI.GE

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება