საფრანგეთში, ქვეყნის ისტორიაში ყველაზე მასშტაბურ ტერაქტებს, ბოლო მონაცემებით, სულ მცირე 153 ადამიანი ემსხვერპლა, დაშავებულია 220-მდე ადამიანი, აქედან 90-მდე ადამიანის მდგომარეობა მძიმეა.
თუმცა, პარიზელების მიერ გამოვლენილმა სიკეთემ კიდევ ერთხელ დაგვარწმუნა, რომ ბოროტება ვერასდროს დაამარცხებს სიკეთეს და კაცთმოყვარეობას. საქმე იმაშია, რომ აფეთქებების ღამეს პარიზის მოსახლეობამ ჰაშთეგით #PorteOuverte ქუჩაში დარჩენილ ტურისტებსა თუ ქალაქის მაცხოვრებლებს, რომლებიც არსებული მდგომარეობის გამო ვეღარ ახერხებდნენ სახლებში დაბრუნებას, საკუთარ სახლებს სთავაზობდნენ.
"პარიზის სტუმრებო, ჩემი სახლი უსაფრთხოა, შეგიძლიათ მესტუმროთ".
"თუკი ღამის გასათვად ადგილს ეძებთ, ჩვენ შეგვიძლია რამდენიმე ადამიანი დავიტოვოთ. სუფთა ლოგინი, ცხელი ჩაი და ინტერნეტი ხელმისაწვდომია".
"ნებისმიერ ადამიანს ვინც ჩარჩა პარიზში, ესაჭიერობა თავშესაფარი და დაცული ადგილი, ჩემი სახლი გელოდებათ".
როგორც ცნობილია, პარიზში განხორციელებულ თავდასხმებზე პასუხიმგლებლობა "ისლამურმა სახელმწიფომ" აიღო. ტერაქტების გამო, პარიზის მოსახლეობას სახლში დარჩენისკენ მოუწოდეს, ქალაქის სხვადასხვა რაიონებში მობილიზებულია 1 500-მდე სამხედრო.
პრეზიდენტი ფრანსუა ოლანდი უახლოეს საათებში უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომას გამართავს. ტერაქტების გამო, ოლანდი 16 ნოემბერს, თურქეთში დაგეგმილ "დიდი ოცეულის" სამიტს აღარ დაესწრება. საფრანგეთში საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული, ჩაიკეტა ქვეყნის საზღვრები.
#PorteOuverte: Paris Residents Open Doors to Those Stranded By Attacks