"სამართალდამცველები ცდილობდნენ სისხლიანი ადამიანები არ დაგვენახა, მაგრამ ისინი ჩვენს გარშემო იყვნენ და შეუძლებელი იყო არ დაგვენახაო..."
"წუხანდელი ღამე პარიზში იყო კოშმარი. იმაზე დიდი კოშმარი, ვიდრე "შარლი ებდოზე" თავდასხმის დროს. ადამიანებს ჰქონდათ განცდა, რომ ტერორისტების წინაშე სრულიად დაუცველები იყვნენ. ჩემი შვილი მეგობრის სახლიდან ბრუნდებოდა, შევთანხმდით, რომ ერთმანეთს შევხვდებოდით და ერთად წამოვიდიდით შინ... ამ დროს, სენასთან ახლოს, მარჯვენა სანაპიროზე სროლის ხმა გაისმა, ქუჩაში პანიკა ატყდა. გამვლელებმა იქვე მდებარე სავაჭრო ცენტრს მივაშურეთ, თუმცა არ ვიცოდით, რომ იქ დაცული ვიქნებოდით... სროლა რამდენიმე წუთს გაგრძელდა, შემდეგ გაირკვა, რომ ტერორისტებმა იარაღიდან ცეცხლი იქვე არსებულ რესტორნებს გაუხსნეს... არ მახსოვს იქ რამდენ ხანს ვიყავით, რადგან შიშმა დროის აღქმის განცდა დამაკარგვინა. პირველ რიგში ჩემს შვილს დავურეკე, -ცოცხალი ვარ დედა, მითხრა მან და მხოლოდ მაშინ მივხვდი, რომ გადავრჩი" -ასე იხსენებს პარიზის სისხლიან ღამეს, ემიგრანტი ქართველი ნანა ფიფია, რომელსაც პარიზში დავუკავშირდით...
მისივე თქმით, "სტად დე ფრანსის" სტადიონზე მიმდინარე გერმანია-საფრანგეთის მეგობრულ მატჩს რამდენიმე ქართველი ესწრებოდა, მოგეხსენებათ, თამაშის მიმდინარეობისას სტადიონთან თვითმკვლელმა ტერორისტმა აიფეთქა თავი. ქართველები არ დაშავებულან.
- ყველა მათგანს ვესაუბრე, დაზიანება არავის მიუღია, თუ ფსიქოლოგიურ სტრესს არ ჩავთვლით... სრული შოკი ჰქონდათ და კარგა ხანს ადგილიდან ვერ იძვროდნენ, ისინი სამართალდამცველებმა გამოიყვანეს და რამდენიმე მათგანი კარგა ხანს ხმას ვერ იღებდა... შემდეგ იხსენებდნენ თუ რა ხდებოდა, - "ისინი" რაღაც გაუგებარ სიტყვებს გაჰყვიროდნენ, შემდეგ მივხვდით, რომ "ალაჰ აკბარსა" და "სირიისსთვის" ყვიროდნენ. მატჩი ჩვეულებრივ გრძელდებოდა, თითქოს არაფერი ხდებოდა. შემდეგ აუხსნეს, რომ სტადიონი პანიკის გარეშე უნდა დაგვეტოვებინა და ცდილობდნენ ეს ყველაფერი მშვიდად გაეკეთებინათ, მაგრამ მათ ნახეს დახოცილი ადამიანები. სტადიონზე ხომ ორჯერ განახორციელეს თავდასხმა...
"სამართალდამცველები ცდილობდნენ სისხლიანი ადამიანები არ დაგვენახა, მაგრამ ისინი ჩვენს გარშემო იყვნენ და შეუძლებელი იყო არ დაგვენახაო..." - მიყვებოდა ჩემი მეგობარი, რომელიც ამბობდა, რომ შემდეგ გააცნობიერა, თუ როგორ გადაურჩა სიკვდილს. ძალიან ცუდად გრძნობს თავს ჩემი შვილი, რომელსაც როკ-კონცერტზე თავდასხმის დროს 3 მეგობარი დაეღუპა.