ფრანგული მედიის ინფორმაციით, პარიზის ტერაქტებში მოზარდებიც მონაწილეობდნენ. როგორც Le Figaro წყაროზე დაყრდნობით წერს, პარიზში ტერაქტების მომწყობი 7 "ბოევიკიდან" ორის ასაკი დაახლოებით 15-18 წელია. ეს ინფორმაცია ჯერჯერობით ოფიცილაურად არავის დაუდასტურებია, თუმცა არც უარყოფა მომხდარა.
საფრანგეთის პარლამენტის წევრმა და ქალაქ შარტრის მერმა, პიერ ჟორჟმა სოციალურ ქსელ "ფეისბუქში" დაწერა, რომ მეორე თვითმკვლელი ტერორისტი იყო ისმაილ ომარ მოსტეფა. მისი თქმით, ტერორისტი შარტრში დაახლოებით 2012 წლამდე ცხოვრობდა.
მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, სამართალდამცავებმა ტერაქტების კიდევ ერთი მონაწილის ვინაობის დადგენა შეძლეს და ის საფრანგეთის მოქალაქე იყო.
ბოლო მონაცემებით, პარიზში განხორციელებული ტერაქტების შედეგად 129 ადამიანი დაიღუპა და 352-ზე მეტი დაშავდა. პასუხისმგებლობა თავდასხმებზე "ისლამურმა სახელმწიფომ" აიღო.