პარიზში განხორციელებული ტერაქტების ერთ-ერთი შემსრულებელი სავარაუდოდ, ქალი იყო. ამის შესახებ ფრანგული რადიოსადგური "ევროპა 1" თვითმხილველებზე დაყრდნობით იტყობინება.
მათი ინფორმაციით, "ბატაკლანის" თეატრში 3 პირი შეიჭრა, აქედან 2 მამაკაცი, მესამე კი ქალი იყო. მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ერთ-ერთი თავდამსხმელი ფრანგი იყო, კიდევ ორს სირიისა და ეგვიპტის პასპორტები ჰქონდათ.
ოფიციალური ინფორმაციით, საფრანგეთში გუშინ ექვს სხვადასხვა ადგილზე მომხდარი ტერაქტის შედეგად 127 ადამიანი დაიღუპა და 200-ზე მეტი დაშავდა. პარიზის სხვადასხვა ადგილზე შეიარაღებული პირები თავს დაესხნენ რესტორნებს, საკონცერტო დარბაზებსა და ფეხბურთის სტადიონთან ახლოს.
შეიარაღებულმა პირებმა თეატრ "ბატაკლანში" როკ-კონცერტზე მისული დაახლოებით 100 ადამიანი მოკლეს. ანტიტერორისტულმა ძალებმა შენობაზე იერიში მიიტანეს, მოკლულია 8 ბოევიკი.
ასევე ორჯერ შეტევა განხორციელდა ეროვნულ სტადიონზე, სადაც საფრანგეთის პრეზიდენტი ოლანდი და გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი მეგობრულ საფეხბურთო მატჩს ესწრებოდნენ. მას შემდეგ, რაც ფრანსუა ოლანდმა სტადიონი დატოვა, მან ქვეყანაში საგანგებო სიტუაცია გამოაცხადა.