პარიზში ტერორისტების ერთ-ერთი მთავარი სამიზნე საკონცერტო დარბაზი იყო. სიკვდილს გადარჩენილი თვითმხილველები მომხდარ ტრაგედიას იხსენებენ.
რადიო წამყვანი პიერ იანასაკი დასთან და მეგობრებთან ერთად დარბაზის აივანზე იჯდა, როდესაც გასროლის ხმა გაისმა, ამერიკული როკ-ბენდის Eagles of Death Metal კონცერტის დაწყებიდან ერთი საათის შემდეგ.
"თავიდან ვიფიქრეთ, ეს შოუს ნაწილი იყო, მაგრამ მალევე მივხვდით, რაც ხდებოდა. სროლა არ წყდებოდა. ყველგან სისხლი იყო, ირგვლივ გვამები ეყარა. ყველა კიოდა, ყველა ცდილობდა, რომ დარბაზიდან გაეღწია", - ყვება იანასაკი.
იანასაკი და მისი მეგობრები ტუალეტში დაიმალნენ, სადაც ორი საათი ელოდნენ პოლიციას, რომელმაც შტურმით აიღო შენობა და გაათავისუფლა მძევლები.
"20 კაცი აიყვანეს მძევლად და გვესმოდა, როგორ ელაპარაკებოდნენ მათ. ზუსტად მახსოვს რას ეუბნებოდნენ, ოლანდის ბრალიაო, ეს თქვენი პრეზიდენტის ბრალიაო, სირიაში არ უნდა შემოჭრილიყოო. აგრეთვე ერაყის შესახებაც საუბრობდნენ", - იხსენებს იანასაკი.
კიდევ ერთი თვითმხილველი იხსენებს "საშინელი 10 წუთის" შესახებ, როდესაც შავებში შემოსილმა იარაღიანმა კაცმა მშვიდად გახსნა ცეცხლი.
"სასაკლაო იყო. ხალხი ყვიროდა და ყველა იატაკზე იწვა და ეს 10 წუთს გაგრძელდა. ათი საშინელი წუთი, როდესაც ყველა ძირს იწვა და თავზე ეწყო ხელები. ძალიან ბევრი გასროლა გავიგონეთ. ტერორისტები ძალიან მშვიდად იყვნენ, ძალიან მობილიზებულები და სამჯერ თუ ოთხჯერ მოახერხეს მჭიდების შეცვლა. ხალხი გაქცევას ცდილობდა. მე გასასვლელი მაშინ ვიპოვნე, როდესაც ტერორისტები მჭიდებს ცვლიდნენ", - ამბობს საფრანგეთის რადიოს "ევროპა 1"-ის რეპორტიორი ჯულიენ პირსი.
ჟურნალისტმა დასისხლიანებული თინეიჯერი გოგონა გამოიყვანა შენობიდან და ტაქსში ჩასვა, რომ საავადმყოფოში მიეყვანა.
"გვესმოდა ხალხის კივილი, ძირითადად მძევლების და მუქარები და ყვირილი ტერორისტების მხრიდან. შემდეგ ერთი გოგო გამოიქცა, რომელმაც თქვა, რომ ტერორისტები 20-25 წლამდე ბიჭები იყვნენ",- ყვება 34 წლის ჩარლზი.
ჩარლზი არ აპირებს, რომ მომხდარის გამო შეშინდეს და სიფრთხილე გამოიჩინოს. "ცხოვრება გრძელდება. შიშმა არ უნდა მოგვიცვას. ტერორისტების დედაც! შემდეგ ოთხშაბათს კონცერტზე მივდივარ, არ ვაპირებ მათ გამო სახლში ჩაჯდომას".
ჩარლზისგან განსხვავებით, სხვები, რომლებმაც საყვარელი ადამიანები ამ ქაოსისას დაკარგეს, აგონიაში არიან და ახალ ცნობებს ელიან.
"ჩემი მეგობარი კლერი თავის მეგობრის დაბადების დღეს აღნიშნავდა კონცერტზე. არაფერი არ ვიცით მის შესახებ. ტელეფონები ავტომოპასუხეზე გადადის, როდესაც ვრეკავთ. სამ კვირაში ნიშნობა უნდა გვქონოდა. ახლა კი არც ვიცი, ვნახავ თუ არა ოდესმე", - ამბობს 24 წლის წვეულებების ორგანიზატორი ივან პოკოსი.
მარიელ ტიმე საპირფარეშოში იმალებოდა სამი საათის მანძილზე, სანამ პოლიციამ არ გამოიყვანა.
"ყველაზე მეტად იმან შეგვაშინა, რომ უკანასკნელი ტერორისტი ჩვენგან ახლოს მოკლეს და სროლები და საუბრები მთლიანად გვესმოდა. ვერ ვბედავდით კარის გაღებას, რადგან არ ვიცოდით, ტერორისტები დაგვხვდებოდნენ თუ პოლიციელები. თავში ახლაც მხოლოდ სროლების და სასაკლაოს კადრები მიტრიალებს", - ყვება კანკალით ახალგაზრდა გოგონა, რომელიც 25 ახალგაზრდასთან ერთად იმალებოდა საპირფარეშოში.
მომზადებულია news.yahoo.com-ს მიხედვით.