13 რიცხვი, შავი კატა, ყვავის ჩხავილი თუ არცოდნა არცოდვაა?! - ცრურწმენა, რომელიც ცხოვრებას გვირთულებს

13 რიცხვი, შავი კატა, ყვავის ჩხავილი თუ არცოდნა არცოდვაა?! - ცრურწმენა, რომელიც ცხოვრებას გვირთულებს

ხალხური რწმენა-წარმოდგენები მიუხედავად XXI საუკუნისა, ტექნოლოგიური პროგრესისა და ბევრი ეკლესიური ადამიანისა, თანამედროვე საზოგადოების გარკვეულ ნაწილში მაინც მყარად არის გამჯდარი. იტყვიან ხოლმე - "არცონდა - არცოდვააო" და ამა თუ იმ ნათქვამსა თუ ნამოქმედარზე თავს დაიმშვიდებენ.

შესაძლოა, ასეც იყოს, მაგრამ რადგანაც საქმე ცოდვას ეხება, ცხადია, ქრისტიანულ რელიგიას ამასთან დაკავშირებით, სხვა მოსაზრება აქვს: ცოდნით თუ უმეცრებით ჩადენილი ცოდვები, სწორედაც ცოდვად მიიჩნევა, რადგანაც ადამიანი ვალდებულია, იცოდეს და საშუალებაც აქვს, სათანადო ცოდნა დააგროვოს, მაგრამ ამას არ ცდილობს, რის გამოც ორმაგ ცოდვაში ვარდება... ამ დროს ეკლესია სახარებას იხმობს, - დაისჯება ის მონაც, რომელმაც არ იცოდა, თუმცა მასზე ნაკლებად, ვინც იცოდა. ცოდვები, რომლებიც ჩადენილია უცოდინრობით, მონამ უნდა მოინანიოს...

13 რიცხვი

ამბობენ, 13 "თარსია"... არდა, მგონი, ჩვეულებრივი რიცხვია. როდესაც ადამიანი ამა თუ იმ საგანს, მოვლენას მისტიკურ მნიშვნელობას ანიჭებს, შიშის გამომწვევ ობიექტად აქცევს, გამოდის, იმ ყველაფერს აკერპებს, რაზეც რელიგია გვეუბნება, - ასეთი გამკერპებელი, ბოროტი ძალის თაყვანისმცემელი ხდება, ხოლო ქრისტიანი, რომელიც ღვთის მეგობარია და არავის ემონება, - ცრუ რწმენებისგან თავისუფალი.

"რაც გიწერია - არ აგცდება"

ეს გამოთქმაც ბედისწერის არსებობას ამყარებს, რასაც ეკლესია მხარს არ უჭერს, რისთვისაც წმინდა იოანე ოქროპირს მოიხმობენ ხოლმე: "არ არსებობს სხვა იმდენად უკურნებელი სწავლება, როგორც სწავლება განგებისა და ბედისწერის შესახებ. თუკი აუცილებელია მოხდეს ბედისაგან განსაზღვრული მაშინაც, როდესაც ბეჯითად ვმუშაობთ და მაშინაც, როდესაც გვძინავს, ნუ შეაბამს უღელში ხარებს მიწათმოქმედი, ნუ გამოიტანს სახნისს, ნუ გაჭრის კვალს, ნუ დასთესს, ნუ ელის წლის ხელსაყრელ დროს, ნუ იტანს სიცივეს, ხანგრძლივ წვიმას, უბედურებებს და შრომას მთელი წლის მანძილზე, ნუ ლესავს ნამგალს და ნუ მკის დათესილ პურს, ნუ ლეწს თავთავს, ნუ რგავს და ნუ ელის მცენარეებს, - მოიცილოს მიწათმოქმედის ყველა ზრუნვა, დაჯდეს სახლში და იძინოს: თუკი ყველაფერი ბედისგან უეჭველად აქვს დანიშნული, სიკეთე თავისით მიუვა სახლში... რატომ არ გადაწყვეტთ ასე მოქცევას, თუკი მართლაც გჯერათ ბედისა?.."

მაისში ქორწინება არ შეიძლება

ხალხში მოარული აზრია, რომ მაისში არ უნდა იქორწინონ. ამიტომაც არის, რომ ამ თვეს ყველაზე ნაკლები ქორწილი იმართება. ეს ამბავიც ცრურწმენიდან მომდინარეობს.

თუ ამ შემთხვევაშიც ეკლესიას დავეკითხებით, არც მას აქვს რაიმე აკრძალვა, მაისში ყველა ოჯახის შექმნის მსურველს სწერენ ჯვარს.

შესაძლოა, ეს ცრურწმენა რუსული ხალხური ჩვეულებიდან მოდის, რასაც გამოთქმა - "ვ მაე ვენჩატსია - ვსიუ ჟიზნ მაიატსია" ("მაისის ჯვრისწერას მთელი ცხოვრება ჯახირი მოჰყვებაო") ამყარებს... რუსული გამოთქმებისა და სიტყვების გავლენა ჩვენს მეტყველებასა და აზროვნებაში სამწუხაროდ, დღესაც დიდია, რასაც საუკუნეებით ამ ერთან  ურთიერთობა განაპირობებდა.

არც იმ წარმოდგენას აქვს საფუძველი, რომ სახლში შესულმა პატარძალმა თეფში თუ არ დაამტვრია, ოჯახი არ აეწყობა... ისე, პატარძალმა თეფშის დამტვრევით რატომ უნდა დაიწყოს ახალ ოჯახში ცხოვრება, - არასდროს მესმოდა და ვერც ახლა ვხვდები.

თვალისცემა, მეკვლს ფეხი...

ძალიან გავრცელებული ცრურწმენებია - მეკვლეს ფეხი და "ცუდი" თვალი. თუ ადამიანს ოჯახში რამე ცუდი ამბავი შეემთხვა, მას ახალ წელს მოსულ მეკვლეს ან დილას შემხვედრ ნაცნობს აბრალებს და არასდროს აანალიზებს საკუთარ ნამოქმედარს; რომ სამყაროში გასროლილი ნებისმიერი ენერგია უკან ბრუნდება. "ავი თვალისგან" დასაცავად, არავითარი მნიშვნელობა არა აქვს გიშრის ჯვრის ტარებას, მით უმეტეს, მისი გაბზარვა "თვალის გადასვლას" არ ნიშნავს, გაბზარვა შესაძლოა, უხარისხო ქვის გამო მოხდეს.

სხვა ცრურწმენები...

1 წლის ბავშვს დაბადების დღეს არ უხდიან, არადა, საეკლესიო კანონმდებლობით, 1 წლის ბავშვის დაბადების დღის აღნიშვნას არანაირი წინააღმდეგობა არ ექმნება. ცრურწმენის თანახმად, დაცემინება "დასტურის ნიშანია", ყვავის ჩხავილი, დილით უსიამოვნო ადამიანთან შეხვედრა, თვალის ციმციმი - "უბედურებას" გვამცნობსო, რაც აბსოლუტური აბსურდია.

ცრურწმენებს მიეკუთვნება "ბედობის დღეები" (ახალი წლის მეორე დღე, ბარბარობა), რომლებიც თითქოსდა, მთელი წლის განმავლობაში ცხოვრებას განსაზღვრავს. უსაფუძვლოა ასევე რწმენა იმის შესახებ, რომ ნათლია ბავშვს რამეს დააბედებს (ჭკუას, ფულს და ა.შ.).

რომ გავყვეთ, ასეთი წარმოდგენების საკმაოდ ვრცელ სიას მივიღებთ: შავი კატის გადარბენას უბედურება მოაქვს, ოთხშაბათსა და პარასკევს თავის დაბანა და ფრჩხილების მოჭრა არ შეიძლება, უხსენებელის ხსენებაზე ხეზე სამჯერ უნდა დააკაკუნო, მარცხენა ფეხზე ადგომა უიღბლო დღეს მოასწავებს...

მოკლედ, საქმე იქამდე მიდის, რომ ამ წარმოდგენებს ზოგჯერ ადამიანი კომიკურ სიტუაციამდე მიჰყავს, - ყველაფერს და ყველას ეჭვის თვალით უყურებს, უნდობლობას უცხადებს... ამიტომ, აჯობებს, რაც შეიძლება მალე გავთავისუფლდეთ ამგვარი შეხედულებებისა თუ ჩვევებისგან.

ლალი ფაცია

AMBEBI.GE

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია