საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო გზებზე არსებულ მდგომარეობასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. როგორც "ინტერპრესნიუსს" უწყებიდან აცნობეს, შინაგან საქმეთა სამინისტრო , მოსახლეობის უსაფრთხოების მიზნით, საქართველოს სხვადასხვა რეგიონში, დიდთოვლობის გამო შეფერხებულ საავტომობილო მოძრაობას არეგულირებს.
მათივე ინფორმაციით, სვანეთში, ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის 70-1880-ე კილომეტრზე (ხაიში-უშგული) დიდთოვლობის გამო აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და 30-ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა. დანარჩენი სახის ტრანსპორტისთვის მოძრაობა ნებადართულია.
იმერეთში, თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 206-ე კილომეტრზე, გზის 10 მეტრიანი მონაკვეთის დაზიანება მდინარე ჩხარას ადიდებამ გამოიწვია. აღნიშნულის გამო, შსს-ს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ქუთაისის მთავარი სამმართველო, უსაფრთხო გადაადგილების მიზნით, გზის ამ მონაკვეთზე შემდეგ განრიგს აწესებს: ქუთაისიდან თბილისის მიმართულებით ავტომობილები თერჯოლა-სიქთარვას შემოვლითი გზით იმოძრავებენ, ხოლო საპირისპირო მიმართულებით – ზესტაფონი-ბაღდათი-ქუთაისის საავტომობილო გზაზე. აღნიშნულ მონაკვეთზე ყველა სახის ავტოსატრანსპორტო საშუალების მოძრაობა ნებადართულია.
სამინისტროს ცნობით, სამცხე-ჯავახეთში, ტიკმატაჟის უღელტეხილზე, დიდთოვლობის გამო გზა ჩაკეტილია. ადგილზე მობილიზებული არიან სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლები. ასევე, მობილიზებულია მძიმე ტექნიკა.
ნინოწმინდა-ახალქალაქის გზაზე მოძრაობა შეფერხებული არ არის, თუმცა ქარბუქის გამო ნინოწმინდიდან წალკაში გადასასვლელი გზა გადაკეტილია.
აჭარაში, გოდერძის უღელტეხილზე მიმდინარეობს თოვლში ჩარჩენილი რამდენიმე ავტომანქანის გამოყვანა. ადგილზე მობილიზებული არიან შსს-ს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ხულოს რაიონული სამმართველოს, ასევე, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საგზაო დეპარტამენტის თანამშრომლები. მოქალაქეების ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება. ამ დროისთვის გამოჰყავთ ერთი სამარშრუტო ტაქსი, სადაც 8 მგზავრი იმყოფება და 1 მსუბუქი ავტომობილი მძღოლთან ერთად. ხულოს რაიონში, გოდერძის უღელტეხილზე ყველა სახის ავტოსატრანსპორტო საშუალების მოძრაობა შეზღუდულია. აჭარის დანარჩენ ტერიტორიაზე გზის არცერთ მონაკვეთზე მოძრაობა შეზღუდული არ არის.
მცხეთის რაიონში, გუდაური-კობის მონაკვეთზე აკრძალულია ტრაილერების და სატვირთო ავტომობილების მოძრაობა, ხოლო მსუბუქი ავტომანქანები მოძრაობენ ჯაჭვებით.
კახეთში, გომბორის უღელტეხილზე ამ დროისთვის ტრანსპორტის მოძრაობა არ არის შეზღუდული. დასაშვებია ყველანაირი ავტოსატრანსპორტო საშუალების გადაადგილება.