სტიქიამ გურიასაც შეუტია. გადაუღებელი წვიმის შედეგად, დაზიანებულია გზები, ხიდები, საცხოვრებელი სახლები და ადმინისტრაციული შენობები. განსაკუთრებით რთული მდგომარეობაა ჩოხატაურისა და ლანჩხუთის მუნიციპალიტეტებში.
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგებლის ზაზა ურუშაძის ინფორმაციით, შესაბამისი სამსახურები ამ წუთებში სტიქიის ზონებში იმყოფებიან.
"ამ დროის მონაცემებით, ყველაზე რთული მდგომარეობა სოფელ აკეთშია. საბავშვო ბაღის შენობას ძლიერმა ქარმა სახურავი გადახადა, მნიშვნელოვნად დაზიანდა გზები. აკეთში წინა სტიქიის დროს დაზიანებული მონაკვეთების აღდგენა ამ დღეებში უნდა დასრულებულიყო, თუმცა, ადიდებულმა მდინარემ ჩატარებული სამუშაოები მნიშვნელოვნად დააზიანა", - განაცხადა ურუშაძემ.
სტიქიას ებრძვიან ჩოხატაურშიც, სადაც დატბორილი ქუჩებისა და სახლების გაწმენდითი სამუშაოები მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა. ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის გამგებლის ირაკლი კუჭავას ინფორმაციით, ზარალის ზუსტი ოდენობა ამ დროისთვის უცნობია.
ადიდებულმა მდინარე გუბაზეულმა სოფელ ხიდისთავში ხიდს ჯებირი გამოაცალა. ამ დროისთვის სოფელში საავტომობილო მოძრაობა შეზღუდულია.
სურების ხეობაში, სოფელ შუა სურებში მეწყერმა სამანქანო გზა ჩაკეტა. ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის გამგებლის ირაკლი კუჭავას თქმით, გზის გაწმენდა ადგილობრივი ძალებით უკვე მიმდინარეობს.
სტიქიამ მნიშვნელოვანი ზარალი მიაყენა ოზურგეთის მუნიციპალიტეტსაც - დაზიანებულია გზები, საყანე ფართობები, საცხოვრებელი სახლები.
ძლიერმა ქარმა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭანიეთში, მაცარო ტყეშელაშვილის სახლს სახურავი ორ მხარეს გადახადა. სიძველისგან დანგრევის პირას მყოფი სახლის შეკეთებას სახლის პატრონი დიდი ხანია ითხოვს. ახლა საცხოვრებელში სახურავიდან წვიმაც ჩადის.
"ამ ოჯახის შესახებ ადრე მივაწოდე ინფორმაცია მუნიციპალიტეტის გამგეობას და ინფრასტრუქტურის სამსახურში საქმის კურსში არიან. მე ასე ვიცი, რომ მას მალე გაუწევენ შესაბამის დახმარებას და სახლი შეკეთდება, საქმე ტენდერს ეხება და ამას დრო სჭირდება, თუმცა, არც ისე დიდი," - გვითხრა სოფელ ჭანიეთის გამგებელმა მერაბ ბერაძემ.
სახურავი აქვს გადახდილი სოფელ ნატანებში შუკაკიძეების სახლსაც . სტიქიამ დააზარალა სოფელ შრომაში მცხოვრები ოსიძეების ოჯახიც.
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭანიეთს, გუშინ ძლიერი ქარისა და წვიმის შემდეგ, შუქი არ მიეწოდება. საავტომობილო გზები დაზიანდა შრომის თემში - ორმეთსა და ზედუბანში.
"სოფელში სერიოზული ზარალი არ არის. დილაადრიან მოვიარე თემის ორივე სოფელი. ქაქუთსა და ჭანიეთში ამ დროისთვის შუქი არ არის, ერთ უბანში ელექტროსადენების ბოძია დაზიანებული. თუ სხვაგან არის რაიმე მიზეზი, დავუკავშირდები რაიონულ სერვისცენტრს", - ამბობს მუნიციპალიტეტის გამგებლის წარმომადგენელი მერაბ ბერაძე.
წყარი: gurianews.com