უამინდობამ პრობლემები ჯავახეთშიც შექმნა. ძლიერი თოვლისა და ქარბუქის გამო, ღამის 24:00 საათიდან ამ დრომდე, წალკა-ნინოწმინდის საგზაო მონაკვეთზე ჩარჩენილი მგზავრები სამაშველო სამსახურის თანამშრომლებს ელიან. აღნიშნულ გზაზე დაახლოებით ხუთი მანქანაა ჩარჩენილი, მათ შორის პოლიციის პიკაპიც.
"მანქანაში მე და კიდევ ორი ქალბატონი ვიმყოფებით. წალკიდან დაახლოებით 23:30 საათისთვის წამოვედით. ვფიქრობდით, რომ გადავასწრებდით, მაგრამ ამინდი ისე გაუარესდა, რომ წინ ვეღარ წავედით. მაშინვე გამოვიძახეთ სამაშველო სამსახური. წალკიდან პოლიციის პიკაპი მალევე მოვიდა, მაგრამ ვიდრე ჩვენ მოგვიახლოვდებოდა, თოვლში ჩარჩა. როგორც ვხედავ, პიკაპის უკან კიდევ დაახლოებით ორი მანქანაა", - ამბობს მგზავრი ჯამბულ ხმალაძე.
მგზავრის ინფორმაციით, სამაშველო სამსახურიდან ბოლოს, დილის 08:00 საათისთვის უთხრეს, რომ გრეიდერი მუშაობდა და მათ გამოყვანას შეძლებდნენ, თუმცა ამ დრომდე დასახმარებლად ვერავინ მიაღწია. "მანქანაში საწვავი გველევა, ცოტა ხანში სითბო აღარ გვექნება, არ გვაქვს წყალი და საჭმელი. გვეთიშება მობილური ტელეფონები, თუ დროზე ვერ მოვლენ და ამინდიც გაუარესდება, ალბათ აქედან გაყინულებს წაგვიღებენ", - ამბობს ხმალაძე.
როგორც სამაშველო სამსახურში აცხადებენ, გრეიდერები მუშაობენ და ვარაუდობენ, რომ თოვლში ჩარჩენილებთან დროულად მიაღწევენ.
აუმინდობამ პრობლემები შეუქმნა სამცხე-ჯავახეთის მოსახლეობას. ამ დროისთვის დაახლოებით 2 000-მდე აბონენტს ელექტროენერგია არ მიეწოდება.
"ენერგო-პრო ჯორჯიას" სამხრეთ საქართველოს ფილიალში განმარტავენ, რომ ძლიერი ქარის გამო პერიოდულად ითიშება ფიდერები. ამ დროისთვის, სამხრეთ საქართველოს ფილიალში შემავალ მუნიციპალიტეტებში ელექტროენერგია 21 000 აბონენტს არ მიეწოდება. კომპანიის თანამშრომლები საგანგებო რეჟიმში მუშაობენ.
ძლიერმა ქარმა ახალციხეში, მებაღიშვილის ქუჩაზე მდებარე, შაყულაშვილების საცხოვრებელ სახლს სახურავი ახადა.
"ადგილობრივი თვითმმართველებიდან ამ დრომდე არავინ მოსულა", - ამბობს ლია შაყულაშვილი.
ნახეთ ყველა დეტალი| საქართველო სტიქიას ებრძვის: მძიმე ღამის ქრონიკა და უახლესი მონაცემები
ახალციხის მერიაში კი აცხადებენ, რომ მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურის წარმომადგენლები ქალაქში არსებულ ყველა ქუჩაზე, ძლიერი ქარისგან მიყენებულ ზიანს ადგილზე ეცნობიან.
"მთელი მერიაა მობილიზებული, თანამშრომლები უბნებზე არიან გასულები და ყველა პრობლემას მოაგვარებენ", - ამბობს მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენელი სოფო მესხი.
წყარო: sknews.ge