ჩვენ მოვისმინეთ შეშინებული კაცუნების ბრიფინგი, ეს ადამიანები სასაცილო მდგომარეობაში იგდებენ თავს, - ამის შესახებ ტელეკომპანია "რუსთავი2"-ის გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ განაცხადა. მისი თქმით, "ყველაზე შერცხვენილი მაინც სასამართლო ხელისუფლებაა".
გვარამია მოსამართლეებს მოუწოდებს, თამაზ ურთმელიძის გადაწყვეტილებებს პროტესტი გამოუცხადონ.
რაც შეეხება დროებითი მმართველების - რეზო საყევარიშვილის და დავით დვალის განცხადებას, რომ ისინი დროებითი მმართველის ფუნქციას ზაალ უდუმაშვილს აკისრებენ, ნიკა გვარამიას შეფასებით, ეს "უდიდესი პასუხისმგებლობის სხვაზე დაკისრების მცდელობაა".
"სრული აბსურდია, ორი არალეგიტიმური ცენზორის დღევანდელი განცხადება, მათ ეშინიათ ცხადია, მაგრამ შიში ვერ იხსნის ამ სიტუაციას. მათ თავის თავზე საკუთარი ნებით აიღეს ძალიან მძიმე პასუხისმგებლობა. ეს არ არის თამაში, რაშიც თქვენ მონაწილეობთ, ბატონო საყევარიშვილო და ბატონო დვალო! ეს ძალიან სერიოზული პროცესებია. მიუხედავად იმისა, რომ ძალიან სამარცხვინოდ სცადეთ, ვერ გადააკისრებთ თქვენს მოვალეობებს სხვა ადამიანს. იმავე განჩინებით, რომლითაც თქვენ დაინიშნეთ, აღნიშნულია, რომ მთელი თქვენი ქონებით აგებთ პასუხს ყველაფერზე, რაც "რუსთავი2"-ში ხდება.
ძალიან სამარცხვინოთ სცადეთ ეს - ადამიანის მონაწილეობის გარეშე ისეთი პასუხისმგებლობა დააკისრეთ მას, რომლის შეუსრულებლობა სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას იწვევს.
ვერ დაამტკიცებთ იმას, რომ აქ ვერ შემოხვედით და იმიტომ ვერ ასრულებთ თქვენს მოვალეობებს. თქვენ გაქვთ აბსოლუტური წვდომა ჩვენი ანგარიშების მიმართ და ჩვენი საგადასახადო ბარათების მიმართ. სრულიად უკანონოდ, საგადასახადო სამსახურმა ჩვენს ბუღალტერიას ეს წვდომა შეუზღუდა - გაუუქმა საერთოდ. მხოლოდ თქვენ გაქვთ ეს წვდომა. კეთილი ინებეთ და შეასრულეთ საგადასახადო ვალდებულება, წინააღმდეგ შემთხვევაში, მიეცემით სისხლის სამართლის პასუხისგებაში", - განაცხადა ნიკა გვარამიამ.
ასევე იხილეთ: