რამდენიმე დღის წინ, "რა? სად? როდის?"-ის შემოდგომის ექსპერიმენტული სერიის მეოთხე თამაში გაიმართა. თამაში ალექსანდრე ლორთქიფანიძის გუნდმა 6:4-ით მოიგო. თუმცა, ეს არ იყო ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც იმ დღეს შოუში მოხდა. თამაშის დასასრულს გუნდის კაპიტანმა ალექსანდრე ლორთქიფანიძემ, გუნდის ერთ-ერთ წევრს ანი მარდალეიშვილს პირდაპირ ეთერში ხელი სთხოვა. ამასთან დაკავშირებით ალექსანდრე "ფეისბუქზე" სტატუსს აქვეყნებს:
"მეგობრებო, პირველ რიგში ყველას ყველას ყველას ძალიან დიდი მადლობა ამდენი მოლოცვისთვის, ამდენი თბილი სიტყვებისთვის, ამდენი დადებითი ემოციისთვის და ა.შ.
როცა ეს ჩავიფიქრე, რა თქმა უნდა, ჩემი მიზანი ამ მოვლენისთვის ორიგინალური ფორმის პოვნა და ანის გაბედნიერება იყო, თუმცა იმასაც ვხვდებოდი, რომ სატელევიზიო ნიშნობას რეზონანსიც მოყვებოდა. მაგრამ, გულწრფელად, ამხელა გამოხმაურებას ნამდვილად არ ველოდი, შესაბამისად ამ დღეებში რა ქარბორბალაც დატრიალდა ინტერნეტ-სივრცეში მოულოდნელიცაა და დამაბნეველიც. რაც არ უნდა იყოს, თუ ძალიან ძალიან ბევრ ადამიანს გადაედო დადებითი განწყობა და სულ ცოტა ხნით მაინც იგრძნო თავი უკეთ, მაშინ ეს ყველაფერი ღირდა ამად.
ჰო, ნუ მთლიანობაში მაინც მიხარია რომ ასეთი იდეა გამიჩნდა, რომ ასე მაგრად განმახორციელებინა ბატონმა წამყვანმა, რომ ასე კარგად შევინახეთ საიდუმლოდ და ბოლო მომენტამდე დედაჩემმაც კი არ იცოდა, რომ დენიელ დეი ლუისზე მაგარი მსახიობი აღმოჩნდა ჩემი თანამზრახველი გიორგი იაშვილი, რომ კიდევ 3 გენიალური თანამზრახველი მყავდა სალომე ბენიძის, Sky და გიორგი ტუღუშის სახით და კიდევ ერთხელ ბოდიში ოთარ (საბაშვილი) იმ ნერვული სტრესისთვის რაც ბოლო წამებში გადაგატანინე.
ახლა შევეცდები შევეჭიდო იმ ტიტანურ შრომას, რასაც ყველა მოლოცვისა და მესიჯისთვის პასუხის გაცემა ჰქვია", - წერს ალექსანდრე ლორთქიფანიძე.