გორის მუნიციპალიტეტის გამგეობამ მიმდინარე წლის ოქტომბრამდე 5 მლნ ლარი ვერ აითვისა. ჯამში, მუნიციპალიტეტის წლიური ბიუჯეტი 12 მლნ ლარს შეადგენს. გამგეობის მუშაობით პარტია "ქართული ოცნების" წარმომადგენლები უკმაყოფილებას ვერ ფარავენ. სამაგიეროდ, მაჟორიტარი დეპუტატის გუნდისა და ამავე კოალიციაში შემავალი წევრები 9 თვის ანგარიშის შესრულებას დადებითად აფასებენ.
2015 წლის ოქტომბრის მდგომარეობით 2 მლნ 100 000 ლარი რეგიონალური განვითარების ფონდმა უკან წაიღო. დანარჩენი 2 მლნ 900 ათასი ლარი კი, რომელიც სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში უნდა დახარჯულიყო, არ არის ათვისებული.
სასმელი წყლის რეაბილიტაციის გარეშე მტკვრის მარჯვენა სანაპიროს სოფლები - ატენი, ხიდისთავი და ქვახვრელის თემები დარჩა. სამივე თემის მაჟორიტარმა წარმომადგენელმა - სოსო ვანიშვილმა, ლიანა კოვზიაშვილმა და ნიაზ ნიაზაშვილმა - გამგეობის მუშაობას სამარცხვინო უწოდა.