საქართველოში ძაღლის ყიდვა და მისი მოვლა-პატრონობა უკვე ძალიან გამარტივებულია. ინტერნეტ-საიტები, სოციალურ ქსელი თუ ფორუმი, დიღომში არსებული ბაზრობა, კინოლოგიური კლუბები... ეს ის ადგილებია, სადაც არჩევანის გაკეთება ჯიშისა და ფასის გათვალისწინებით შეგიძლიათ.
როგორ უნდა მოიქცეს გამოუცდელი მყიდველი, ვის მიმართოს ძაღლის შეძენის მსურველმა იმისთვის, რომ საბოლოოდ იმედგაცრუებული არ დარჩეს, რამდენად მრავალფეროვანია საქართველოში არსებული ძაღლების პოპულაცია, როგორია მათი ფასები და რა სერვისები არსებობს საქართველოში თქვენი ოთხფეხა მეგობრისათვის. AMBEBI.GE ამ საკითხებით დაინტერესდა.
"ბომბორას" პრეზიდენტის, თემურ ცაგარეიშვილის რჩევაა, რომ ძაღლის ყიდვისას მეტი ყურადღება გამოიჩინოთ და ბრმად არ ვენდოთ გადამყიდველებს, რომელთაც შესაძლოა, ბაზრობაზე გამოყვანილი ჰყავდეთ ძაღლი, რომლის ფასი სულაც არ შეესაბამება მის რეალურ ღირებულებას.
"ბაზრობას ყავს თავისი მომხმარებელი, მაგრამ იმის გამო, რომ ბევრი რჩება გაწბილებული, მეტი დაკვირვება მართებს მყიდველს. იქ არის სრული ქაოსი, არავინ არ აკონტროლებს გადამყიდველებს, რომლებიც ათასნაირ ხრიკს მიმართავნ კლიენტის მოსაზიდად. საფუარებს იყენებენ და კარგი ვიზუალის მქონე ლეკვი, სახლში მიყვანიდან რამდენიმე კვირაში სრულიად იცვლება. არც იმას გამოვრიცხავ, რომ გაყალბებული საბუთები გადასცენ მყიდველს. პრეტენზიის შემთხვევაში კლუბში გამისამართებენ, მაგრამ იქ თუ შეჯვარება დაფიქსირებული არ არის, კლუბს ინფორმაცია საიდან ექნება? ძაღლების შეჯვარებისას მეპატრონეები აუცილებლად მოდიან კლუბში და აფორმებენ შეჯვარების აქტს, რომელშიც ფიქსირდება, დაბადების, შეჯვარების დრო, ლეკვების რაოდენობა და აღწერილობა. დგება წარმოშობის დამადასტურებელი ბარათი, რაც აუცილებელი დოკუმენტია ჯიშიანი ძაღლის შეძენისას. ერთმა მოიყვანა ბალონკა და როგორც კავკასიური, ისე ვიყიდეო. სრული აბსურდია. საქმე ისაა, რომ ბოლოს როცა მყიდველი მიხვდება, რომ მოტყუებულია, პასუხსაც ვერავის სთხოვს.
საერთოდ, საქართველოში ჯიშის არჩევანი არც ისე მრავალფეროვანია. გამოფენაზე რუსეთიდან ისეთი ჯიშის ძაღლები ჩამოიყვანეს, რომელთა შესახებაც მე მხოლოდ წაკითხული მქონდა და ნანახიც არ მყავდა.
კარგად იყიდება ლაბრადორები, იორკები, ქართული და გერმანული ნაგაზები. დასაცავად ქართულ და გემანულ ნაგაზებს ირჩევენ, სახლის პირობებში იორკებს და პატარა ჯიშის ძაღლებს ანიჭებენ უპირატესობას", - აღნიშნა თემურ ცაგარეიშვილმა.
"ბალტოს" დირქტორის, გოჩა თვაურის თქმით, საქართველოში ძაღლების მოვლის კულტურა თანდათან შემოდის.
"ახლა ვსწავლობთ, შეცდომები მოგვდის პატრონებსაც და კინოლოგებსაც, თანდათან ვიზრდებით და ვიხვეწებით. თუ შეამჩნიეთ, გაცილებით მეტი ძაღლია ქალაქში, უფრო საინტერესო ჯიშები გამოჩნდა.
რაც შეეხება ფასებს, შოუკლასის ლაბრადორი 500 დოლარი, კანე კორსო 500 ევროდან 1000 ევრომდე, ჰასკი, რომელზეც ბოლო დროს მოთხოვნა დავარდა, დაახლოებით 500-600 დოლარი, გერმანული ნაგაზები, რომლებიც მუდამ პოპულარულია, 300 დოლარადაც იყიდება. იორკშირის ტერიერები 1000-1200 დოლარი. ბიშონ ფრიზე კი 600-700 დოლარი ღირს.
თბილისში არსებობს ძაღლების სასტუმრო, სალონი, ბაღი, ვეტერინარული კლინიკები, ასევე მრავლადაა მაღაზიები აქსესუარებისა თუ საკვების შესაძენად. მომსახურების შესაბამისად, ფასებიც საკმაოდ მრავალფეროვანი და ერთმანეთისგან განსხვავებულია.
საშუალოდ კინოლოგის ინდივიდუალური მომსახურება 300, ჯგუფებში კი 100 ლარი ღირს, სასტუმროში ძაღლის 24 საათიანი განთავსება 20 ლარი დაგიჯდებათ, ფასში ძირითადად შედის კვება და გასეირნებაც, სალონური მომსახურება 30-დან 100 ლარამდე მერყეობს, ძაღლების ბაღის თვიური გადასახადი კი 350 ლარს შეადგენს.
გოჩა თვაურის თქმით, ბაღს ძირითადად მიმართავენ ის ადამიანები, რომელთაც ნაკლები დრო აქვთ თავიანთი ოთხფეხა მეგობრის მოსავლელად.
მიუხედავად მაღალი ფასებისა, მოთხოვნა ძაღლებსა და მათი მომსახურების სერვისზე მზარდია.
"რჩევის სახით, მე პირდაპირ შემიძლია გითხრათ, რომ სანამ ადამიანი ძაღლს შეიძენს, აუცილებელი პირობაა, რომ ოჯახის ყველა წევრი იყოს თანახმა, უნდა განისაზღვროს დრო, რომელსაც მას დაუთმობენ. ძაღლს სჭირდება დღეში მინიმუმ 3-ჯერ ერთი საათით გასეირნება. რაც შეეხება, ყიდვის პროცესს, უნდა მივიდნენ კლუბში, აუხსნან თავიანთი მოთხოვნები და გაითვალისწინონ კინოლოგის რჩევები, რომელიც მათი პირობების გათვალისწინებით შეურჩევს შესაფერის ჯიშს. კინოლოგიურ კლუბსაც სწორი შერჩევა უნდა, ზოგჯერ ისეც ხდება, რომ ცდილობენ რომელიმე ჯიშის ძაღლის გასაღებას და შესაძლოა არასწორი რჩევა მისცენ მყიდველს. კლუბში ძაღლს შეამოწმებს ვეტერინარი, მყიდველს ექნება საბუთები და ადამიანს შესაძლებლობა მიეცემა პრეტენზიის შემთხვევაში, ოფიციალურ ორგანიზაციას მიმართოს", - აღნიშნა გოჩა თვაურმა.
ქრისტინე გამთენაძე
AMBEBI.GE