ეგვიპტეში ჩამოვარდნილი რუსული თვითმფრინავის ბორტზე სავარაუდოდ, ბომბი აფეთქდა. ამის შესახებ სააგენტო "როიტერს" კაიროში, საგამოძიებო ჯგუფის წარმომადგენელმა განუცხადა. მისი თქმით, შავი ყუთის გაშიფრვის შედეგად მიღებული მონაცემები მიუთითებს იმაზე, რომ ლაინერის ბორტზე ფრენისთვის არადამახასიათებელი ხმაური გაისმა, რომელიც, სპეციალისტების მოსაზრებით, აფეთქების ხმა იყო.
გამოცემა The Sunday Times-ი, საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ ლაინერის ბორტზე მომხდარი ტერაქტის სავარაუდო ორგანიზატორი "ისლამური სახელმწიფოს" ეგვიპტური ფრთის, ე.წ. ვილაიათ სინაის ლიდერი აბუ უსამა ალ-მასრია. გამოცემის მტკიცებით, ოფიციალურმა ლონდონმა აღნიშნული ინფორმაცია დაადასტურა.
რუსული ავიაციის ისტორიაში ყველაზე მასშტაბური ავიაკატასტროფა 31 ოქტომბერს მოხდა. ავიაკომპანია "კოგალიმავიას" სამგზავრო ლაინერი Airbus-321-ი, რომელიც შარმ ელ-შეიხიდან სანქთ პეტერბურგში მიემგზავრებოდა, სინაის ნახევარკუნძულზე ჩამოვარდა. ბორტზე მყოფი 224 ადამიანი დაიღუპა.