მდინარე მტკვარში 2 დღის წინ, ავტოავარიის შედეგად დაკარგული გოგონას სამძებრო სამუშაოები გრძელდება. სამუშაოებს სამაშველო სამსახურის წარმომადგენლები ახორციელებენ. ტელეკომპანია "რუსთავი 2-ის" ინფორმაციით, მაშველების მუშაობით უკმაყოფილებას გამოთქვამენ გოგონას ახლობლები.
"ჩვენ ახლობელ გოგონას, რომელიც დაიკარგა და რომელსაც უშედეგოდ ვეძებთ უკვე ორი დღეა, სამაშველო სამსახური ეძებდა სამ საათში ერთხელ, ორი დღის განმავლობაში. ჩვენი გადმოსახედიდან საჭირო ძალებით არ მიმდინარეობს სამძებრო სამუშაოები", - განაცხადა გოგონას მეგობარმა ანა გოგრიჭიანმა.
მაშველების განმარტებით კი, სამუშაოებს ცუდი ხილვადობა აფერხებს.
"7 ნოემბერს, გამთენიისას, მდინარე მტკვარში, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად გადავარდა ჯიპის მარკის ავტომობილი. ჩვენს მიერ ნაპოვნია მანქანა და ერთი ცხედარი. სავარაუდოდ იმყოფებოდა ახალგაზრდა ქალბატონი, რომლის საძიებო სამუშაოები მიმდინარეობს. სამძებრო სამუშაოებს ვაგრძელებთ და გაგრძელდება იქამდე სანამ არ იქნება ნაპოვნი", - განაცხადა საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის წარმომადგენელმა ზაზა შაიშმელაშვილმა.
ორი დღის წინ, გამთენიისას, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად მანქანა მდინარეში მშვიდობის ხიდის მიმდებარე ტერიტორიაზე გადავარდა. მანქანაში 3 ადამიანი იმყოფებოდა. ორი მათგანი მაშველებმა მალევე იპოვეს, მესამეს კი ამ დრომდე ეძებენ.