საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი მმართველ გუნდს მოუწოდებს, თავი შეიკავოს არადიპლომატიური გამონათქვამებისგან და სიტუაციის შეფასებისას ნუ შემოიფარგლება მხოლოდ ფორმალური განცხადებით. ამის შესახებ მარგველაშვილი პრეზიდენტის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
"რუსთავი 2"-ის საქმის ირგვლივ ორი კვირის წინ შექმნილი დაძაბული ვითარება საზოგადოების ყველა სეგმენტის აქტიურობით განიმუხტა. თუმცა დღეს ისევ რთული გარემოების წინაშე აღმოვჩნდით, რაც ქვეყნის დემოკრატიულ იმიჯს და საერთაშორისო რეპუტაციას აზარალებს. ამ შეფასებებში ერთიანია საზოგადოება, არასამთავრობო სექტორი, დიპლომატები, პოლიტიკოსები, სახალხო დამცველი, პოლიტიკური პარტიები, მათ შორის მმართველ კოალიციაში შემავალი სუბიექტების ნაწილიც. მივმართავ მმართველ კოალიციას, თავი შეიკავოს არადიპლომატიური გამონათქვამებისგან და სიტუაციის შეფასებისას ნუ შემოიფარგლება მხოლოდ ფორმალური განცხადებით. მოვუწოდებ მმართველ კოალიციას, ნუ ჩაიკეტება საკუთარ თავში და გაითავისოს პოლიტიკური პროცესის მნიშვნელობა. გადადგას ქმედითი ნაბიჯები ქვეყნის დემოკრატიული იმიჯის დასაცავად; აწარმოოს დიალოგი საზოგადოებასთან და დიპლომატიურ კორპუსთან, რომელიც ჩვენი ქვეყნის დემოკრატიულობის, ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის აქტიური მხარდამჭერია. "ჩვენ არ შევდივართ კონკრეტული სამართლებრივი დავის განხილვაში, თუმცა უნდა ვაღიაროთ, რომ განვითარებული პროცესები უარყოფით გავლენას ახდენს როგორც ქვეყნის შიდა ვითარებაზე, ასევე ჩვენს საგარეო იმიჯზე. უმნიშვნელოვანესია, რომ არავის დარჩეს კითხვები საქართველოში მართლმსაჯულების დამოუკიდებლობის და მედიის თავისუფლების ხარისხთან დაკავშირებით. ჩვენი ვალია ვუზრუნველვყოთ და დავიცვათ კანონის უზენესობა, სამართლიანი სასამართლო, სიტყვის, გამოხატვისა და მედიის თავისუფლება, საკუთრებისა და პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობა, არჩევნის თავისუფლება. ჩვენი ვალია გავაძლიეროთ და არ დავაზარალოთ ქართული სახელმწიფო. ეს ყველას უნდა გვახსოვდეს", - განაცხადა მარგველაშვილმა.