მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ ტელეკომპანია "რუსთავი 2-ის" დროებით მმართველებად დავით დვალი და რევაზ საყევარაშვილი დაინიშნენ, აქტუალური გახდა საკითხი, თუ რა კუთხით შეიძლება შეიცვალოს ტელეკომპანიის სარედაქციო პოლიტიკა და როგორ განვითარდება მოვლენები "რუსთავი 2"-ის ირგვლივ.
"რუსთავი 2"-ის ერთ-ერთი დამფუძნებლის და ამჟამად დროებით მმართველად დანიშნული დავით დვალის განცხადებით, იმ ორი ადამიანის გარდა, ვისაც უფლებამოსილება აქვს შეჩერებული , "რუსთავი 2"-ს არც ერთი თანამშრომელი არ დატოვებს, - ამის შესახებ დვალმა დღეს, სასტუმრო "რედისონში" მიმდინარე პრესკონფერენციაზე განაცხადა.
როგორც დვალმა აღნიშნა, მას ძალიან კარგად ესმის ის განწყობა, რაც აქვთ ჟურნალისტებს, რომლებიც თვლიან, რომ ყველანი მათ წინააღმდეგ არის. მას კარგად ესმის ის ზეწოლა და ფსიქოლოგიური მდგომარეობა, რომლის წინაშეც ჟურნალისტები დგანან. თუმცა, მათ პირობას აძლევს, რომ მაქსიმალურად დაუდგება გვერდში და მათ საქმიანობაში არავინ ჩაერევა.
"თუ ვინმეს უხარია მთავრობაში, რომ ასეთი პროცესები მიდის "რუსთავი 2"-ის ირგვლივ, მინდა გავაფრთხილო, აზრად არავის მოუვიდეს ერთი ზარის განხორციელება და ტელევიზიის საქმიანობაში ჩარევა", - განაცხადა დავით დვალმა.
მისივე თქმით, ის სამპუნქტიანი გეგმა, რომელიც "რუსთავი 2"-ის მომავალ საქმიანობასთან დაკავშირებით ჩამოყალიბდა, არის არა დვალის და აქიმიძის მოთხოვნები, არამედ ერთობლივი შეთანხმება ქიბარ ხალვაშთან.
ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის აღმასრულებელი დირექტორის, ნატა ძველიშვილის თქმით, ძალიან რთულია იმის პროგნოზირება, თუ როგორ განვითარდება მოვლენები.
"არ ველოდით, რომ მოსამართლე აპელირებას დაიწყებდა მედიის კონტენტზე, ანუ ჩაერეოდა იმ შინაარსში, რაც გადის ტელე-ეთერით. რატომ ერევა მოსამართლე სარედაქციო პოლიტიკაში? ცენზურა საქართველოს კანონმდებლობით დაუშვებელია, სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება კი უზრუნველყოფილია ჩვენი კონსტიტუციით და როგორ აფასებს მოსამართლე რედაქციის გადაწყვეტილებას - ეს არის ჩემთვის გაუგებარი. გაუგებარია იმიტომ, რომ მხოლოდ ტელეკომპანიის საქმეა, რას გააშუქებს ან რას არ გაააშუქებს და არავის აქვს უფლება ჩაერიოს ამაში, მისცეს მითითებები მედიას. ცხადია, ჩვენ არ ვსაუბრობთ, ცილისწამებაზე ან სიძულვილის ენაზე, რომელზეც შესაძლოა სამოქალაქო წესით იდავოს მხარემ, თუ ის მიიჩნევს, რომ მისი ღირსება შეილახა. ჩვენ ვსაუბრობთ სარედაქციო პოლიტიკაზე და კიდევ ერთხელ, ხაზგასმით ვამბობ, არავის აქვს უფლება, ჩაერიოს მედიის სარედაქციო პოლიტიკაში. ამიტომ მოსამართლის მიერ მიღებულ ამგვარ განჩინებაში ვხედავთ სწორედ მედიის კონტროლის მცდელობას.
"რუსთავი 2" იმ პოლიტიკითაც, რაც ჰქონდა მას, იმ კონტენტით, რასაც ის აწარმოებდა, იყო და არის ყველაზე შემოსავლიანი, რეიტინგული ტელევიზია. ჩვენ, რა თქმა უნდა, ხარისხზე არ ვდაობთ და არ ვსაუბრობთ იმაზე, მოგვწონს თუ არა ტელეკომპანიის მიერ გაკეთებული გადაცემები. მე აღვნიშნავ ფაქტს, რომ მის ბოლო დროინდელ სარედაქციო პოლიტიკას ტელეკომპანიის რეიტინგების ვარდნა არ გამოუწვევია. ამას ადასტურებს რეიტინგების მზომავი კომპანიის მიერ წარმოებული კვლევები. ამიტომ რას გულისხმობს მოსამართლე, როდესაც ამბობს, რომ ამგვარი გაშუქება ფინანსურად აზარალებს ტელეკომპანიას და მის რეიტინგს, ჩემთვის არის აბსოლიტურად გაუგებარი. ვერ ვხვდები რა ფაქტობრივ გარემოებებს, რა მონაცემებს ეყრდნობა ის გადაწყვეტილების მიღებისას, რა უჩენს მას ამგვარ ეჭვებს. ბოლო დროინდელი სასამართლო პროცესების გაშუქებისას "რუსთავი 2"-ს რეიტინგის ვარდნა არ ჰქონია.
რაც შეხება დვალის განცხადებას, როგორც მან თქვა, ის არ შეეხება ჟურნალისტებს, "რუსთავი 2" დარჩება კრიტიკული, თუმცა იმგვარი დაპირებები, რომლის შედეგებიც რადიკალურად განსხვავებული მიგვიღია, ბევრი გვახსოვს. მე არ ვიცი რატომ უნდა ენდოს მას საზოგადოება, რა ბერკეტები აქვს დვალს იმისთვის, რომ დაარწმუნოს მაყურებელი, რომ არ იქნება სარედაქციო პოლიტიკაში ჩარევა. მოსამართლემ დროებით მმართველებად დანიშნა მოსარჩელე მხარის, ქიბარ ხალვაშის მიერ წარდგენილი კანდიდატები. მათგან ერთი პირი გახლავთ ტელეკომპანიის ყოფილი მფლობელი, რომელიც თავად დაობს ქონებაზე და პროკურატურაში აქვს განცხადება შეტანილი. მეორე კიდევ კონკურენტი ტელეკომპანიის ყოფილი დირექტორი და მენეჯმენტში მყოფი პირი. ვერ ვხვდები ეს ორი ადამიანი რანაირად უნდა იყვნენ მიუკერძოებელი პირები და სარედაქციო პოლიტიკის დამოუკიდებლობის გარანტორები. არ არსებობს არანაირი ბერკეტი, არანაირი დამარწმუნებელი ინფორმაცია, რომ ამ განცხადების გვჯეროდეს. მოსამართლემ დაუწუნა კონტენტი "რუსთავი 2"-ს და გააკრიტიკა ის სწორედ იმიტომ, რომ სასამართლო პროცესებს აშუქებდა.
ახლა მთავარია ამ პოცესებმა არ მიიღოს კიდევ უფრო მეტი ესკალაციის სახე და ამ მოვლენების ნორმალიზება, სამართლებრივ ჩარჩოებში დაბრუნება უზრუნველვყოთ. მერე როგორ მოხდება ახალი მმართველების ძველ მენეჯმენტთან შერწყმა, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი და ჩვენ ვმსჯელობთ იმაზე, რა როლი უნდა შევასრულოთ იმისათვის, რომ მოვახერხოთ სიტუაცისს განეიტრალება და იმის უზრუნველყოფა, რომ "რუსთავი 2"-მა გააგრძელოს ჩვეულ რეჟიმში მუშაობა", -აღნიშნა ნატა ძველიშვილმა AMBEBI.GE-სთან საკითხის კომენტირებისას.
მედიაექსპერტი ნინო დანელია მიიჩნევს, რომ "რუსთავი 2"-ს არ შეიძლება ჰქონდეს ახალი სარედაქციო პოლიტიკა.
"აბსოლუტურად გამოვრიცხავ სცენარის ასე განვითარებას, რადგან სხვანაირი "რუსთავი 2" იქნება დაპყრობილი, ძალადობრივად ხელში ჩაგდებული ტელევიზია".
მისივე თქმით, ამ ეტაპზე ფართომასშტაბიანი აქციები არ იგეგმება და ამ უკიდურეს ზომას მხოლოდ მას შემდეგ მიმართავენ, თუკი ტელეკომპანიის არსებული სახით ფუნქციონირება რეალური საფრთხის წინაშე დადგება. "- ჩვენ ვეგმავთ რაციონალურად, არგუმენტირებულად ვიმოქმედოთ და აქციები იქნება ის ბოლო საშუალება, რომელსაც ჩვენ გამოვიყენებთ."
"ძალიან ცუდია, რომ ამას ვამბობ, მაგრამ მას შემდეგ, რაც ურთმელიძე, მთელი სასამართლო და ხელისუფლება გავიდა კონსტიტუციის ჩარჩოს გარეთ, ვფიქრობ, რომ ვითარება იქნება ძალიან მძიმე მედიისთვის. მიუხედავად იმისა, რომ ყველა ჟურნალისტი მზად არის გააგრძელოს მუშაობა და ცხადია, ისინი არ დაემორჩილებიან ამ უკანონო გადაწყვეტილებას, მიუხედავად იმისა, რომ ყველა ადამიანი, რომელიც იცავდა ტელეკომპანიას, კრიტიკულ მედიას, ქვეყნის დემოკრატიულ კურსს, ცხადია, ისევ ისე გააგრძელებს ამ ღირებულებების და პრინციპების დაცვას, ვითარება საკმაოდ რთულია.
ჩვენ გავმართავთ შეხვედრებს დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან, ახლა ჩვენი მთავარი ამოცანა არის, მოხდეს საერთაშორისო თანამეგობრობის სრული ინფორმირებულობა იმისათვის, რომ წინ აღვუდგეთ იმ უკანონობას, იმ იზოლაციას, რისკენაც ქვეყანა მიყავს ბიძინა ივანიშვილს", - აღნიშნა ნინო დანელიამ AMBEBI.GE-სთან საუბარში.
ამავე საკითხზე AMBEBI.GE-ს "სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტის" თავმჯდომარე, მედიაექსპერი ია ანთაძეც ესაუბრა.
"რუსთავი 2"-ის ირგვლივ მოვლენები როგორ განვითარდება, ეს ძალიან დიდ წილადაა დამოკიდებულია იმაზე, თუ საზოგადოების რა ნაწილი გადაწყვეტს, რომ სიტყვის თავისუფლების, ევროინტეგრაციის ზღვარი გადის "რუსთავი 2"-ზე. ახლა ყველაფერი დამოკიდებულია საზოგადოების განწყობასა და მხარდაჭერაზე. ამ ეტაპზე, რაც მე ვნახე, განსაკუთრებულს არაფერს ველოდები. არავის გამოჩენა არ გამკვირვებია, ეს ფაქტობრივად ის სახეები იყო, რომელიც მთელი ამ ხნის განმავლობაში და ამ პროცესის მანძილზე მხარს უჭერდა ტელეკომპანიას. ეს სახეები საკმარისი არ არის იმისათვის, რომ ქვეყანაში რაიმე სახის კრიზისი შეიქმნას. თუ შეძლეს და ნეიტრალური საზოგადოების დიდი ნაწილი მიიმხრეს, მაშინ შესაძლოა უფრო მეტად დაიძაბოს არსებული სიტუაცია. ხელისუფლების არაფრთხილი თუ ზომიერი განცხადებები, დროებით მმართველად დანიშნული პირების ქმედებებიც განსაზღვრავს საზოგადოების მომავალ რეაქციას. ჯერ-ჯერობით არაკორექტულად მიმაჩნია საუბარი სარედაქციო პოლიტიკის ცვლილებებზე, ამ ეტაპზე არავინ იცის რა შეიცვლება ტელეკომპანიის ახალი მმართველების მიერ", - აღნიშნნა ია ანთაძემ.
ქრისტინე გამთენაძე
AMBEBI.GE